ლიტვამ საქართველოს ნატოს წევრობისკენ მისწრაფებას მხარი დაუჭირა

ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი თბილისში
ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა საქართველოს ნატოს ვარშავის სამიტზე დასჭირდება, რომელიც 2016 წელს ჩატარდება.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ლიტვა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ნატოს წევრობისკენ მისწრაფებაში და ვილნიუსი 2016 წლის ვარშავის სამიტზე მას მხარს დაუჭერს, განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუოზას ოლეკასმა თავის ქართველ კოლეგასთან თინათინ ხიდაშელთან შეხვედრის დროს.

ხიდაშელი ევროპაში 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტზე ქვეყნის მხარდაჭერის მოსაპოვებლად გაემგზავრა. ის უკვე ეწვია პოლონეთსა და ლიტვას, ასევე გაემგზავრება ლატვიაში, ესტონეთსა და დიდ ბრიტანეთში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ლიტვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს“, — განაცხადა ოლეკასმა. 

„თუ მსოფლიოში არის რომელიმე ქვეყანა, რომელმაც ნატოს წევრობა დაიმსახურა, ეს საქართველო იქნება“, — განაცხადა თავის მხრივ ხიდაშელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მანამდე ხიდაშელმა პოლონეთში, თავის კოლეგა ტომაშ სემონიაკთან შეხვედრაზე განიხილა. პოლონურმა მხარემ საქართველოს სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტრებში მხარი დაუჭირა.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის ”პარტნიორობა მშვიდობისთვის” (PfP — Parntnership for Peace) მონაწილე გახდა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის პირობით,საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობას შეძლებენ. 

უელსის ნატოს სამიტზე, რომელიც 2014 წლის 4-5 სექტემბერს გაიმართა, დამტკიცდა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს ალიანსის წევრობაში დაეხმარება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0