გარბის დრო, ძალიან გარბის. ტემპი ისეთია, როგორიც თავად ამ დროებას შეშვენის… აგერ უკვე პირველი კვარტალი მიილია და კალენდარი აპრილის დღეებს ითვლის. ეს თვეც გაირბენს და თუ რაიმე განსაკუთრებული არაფერი მოხდა, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ვარდობისთვეს ქვეყნის ძირითად კანონში განსახორციელებელი ცვლილებების ე.წ პაკეტით შევხვდებით. დიახ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ 30 აპრილისთვის მუშაობა უნდა დაასრულოს. დრო ჯერ კიდევ არის, ვისთვის ბევრი თუ ცოტა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციური კანონის პროექტს "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დათქმულ დროს წარუდგენს. ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ოპოზიციური ნაწილი დაჩქარებული პროცესით უკმაყოფილოა და შესაძლო შედეგს სკეპტიკურად უყურებს. კონსტიტუციონალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისიას არ ემუქრება დროის დეფიციტი და ის შეძლებს გადაწყვეტილებათა წინასწარ განსაზღვრულ ვადებში მიღებას…
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი: „ცაიტნოტის ალბათობა პრაქტიკულად არ არის. დარწმუნებული ვარ აპრილის თვის ბოლოს კომისია მუშაობას დაასრულებს და გადაწყვეტილებასაც მიიღებს. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველა საკითხზე სრული კონსესუსი იქნება, რა თქმა უნდა არა. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. უბრალოდ, ამჯერად მმართველი გუნდი კომისიაში არის უმრავლესობით წარმოდგენილი, რაც შეეხება პარლამენტს, იქ საკონსტიტუციო უმრავლესობაა და ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია ვინ ან რამ უნდა შეუშალოს ხელი საკონსტიტუციო რეფორმას…"
პოლიტოლოგების შეფასებით ვადები საკონსტიტუციო რეფორმის ყველაზე უმნიშვნელო ნაწილია. არის პრინციპული საკითხები, რაზეც კომისიაში წარმოდგენილი სუბიექტები ვერ თანხმდებიან… რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა თვითმმართველობების შემცირებაზე გააკეთეს განცხადებები. საუბარია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის არა გაზრდაზე, რასაც თვითმმართველობის რეფორმა ითვალისწინებს, არამედ შემცირებაზე. საქართველო პატარა ქვეყანაა და მას არა აქვს დიდი ბიუროკრატიის შენახვის ფუფუნება, — ასეთია ხელისუფლების ხედვა. ხოლო, არასამთავრობო ორგანიზაციები შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას თვითმმარეთველობების რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან უხეშ გადახვევად აფასებენ…
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „მხოლოდ თვითმმართველი ერთეულების გაზრდის მოთხოვნა, მგონია, რომ საკითხის ცალმხრივი ხედვაა. თვითმმართველობის გაძლიერება ყოველთვის შეიცავს ცენტრის გავლენის იმდენად დასუსტების რისკს, რომ შეიძლება სახელმწიფოს დაშლამდე მივიდეს საქმე, მით უმეტეს — ისეთი მტრის მეზობლად, რომელმაც სეპარატიზმი უკვე გამოიყენა საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაშლისთვის. ხსენებული რისკი გულისხმობს, რომ თვითმმართველობის გაფართოება უნდა ხდებოდეს ცენტრის გავლენის ისეთი მექანიზმების გაძლიერების პარალელურად, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მთლიანობას. თუ ამგვარი მექანიზმების გააზრებაზე და შექმნაზე არავინ ზრუნავს, მაშინ მხოლოდ თვითმმართველობის გაფართოებამ შეიძლება პრობლემები წარმოშვას. ამიტომ მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის განვითარება ცენტრალური ძალაუფლების განვითარებასაც უნდა გულისხმობდეს ფუნქციების მკაფიო გამიჯვნით. არ ვიცი, პარალელური განვითარების ამ პრინციპზე მუშაობენ თუ არა ან ხელისუფლება, ან არასამთავრობოები. იშვიათად მინახავს ამაზე მსჯელობა…"
არის მოსაზრება, რომელსაც კონსტიტუციონალისტების უმრავლესობა იზიარებს. თვითმმართველ ერთეულებს იმიტომაც ჰქვიათ თვითმმართველობები, რომ თავად უნდა წყვეტდნენ თავის პრობლებებს, მათ შორის ფინანსურს. მაგრამ, ვითარებაში, როცა ხელისუფლებას არ განუსაზღვრავს მათი რესურსები და როგორ უნდა განკარგავდნენ ისინი მათ, თვითმმართველოებების გაუქმებაზე საუბარი უბრალოდ გაუგებარია…
ავთანდილ დემეტრაშვილი: „რეგიონების ეკონომიკური დამოუკიდებლობა აუცილებელი რამ არის. ცივილიზებული ქვეყნები თვითმმართველობას, ძირითადად, იმისთვის ანვითარებენ, რომ შემცირდეს ცენტრის ეკონომიკური და ადმინისტრაციული ტვირთი, ამასთანავე გაიზარდოს რეგიონის კეთილდღეობა. ამის პარალელურად ცენტრი რეგიონის კონტროლს აძლიერებს ძალოვანი სტრუქტურებით, საკადრო პოლიტიკით, კულტურით თუ სხვა მექანიზმებით. თუ ცენტრის გავლენის ეს მექანიზმები ეფექტურად არ მუშაობს, ცენტრი ირჩევს ხოლმე ძველ და მარტივ ხერხს — კონტროლს ეკონომიკით. ამ დროს, ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე თვითმმართველობის არსებობა გაუგებრობაა. ამგვარი თვითმმართველობა მხოლოდ ბიუროკრატიული ტვირთია ცენტრალური ბიუჯეტისთვის…"
პრეზიდენტის არჩევის წესი, ზოგადად საარჩევნო სისტემა ასევე ის საკითხებია, რომელთა გარშემოც პოლიტიკური ძალების პოზიციების თანხვედრის მოლოდინი ფუჭია. ოპოზიცია კომისიის მუშაობის ბოიკოტირებით იმუქრება, თუმცა „ქართულ ოცნებას" მუქარის არ ეშინია. დაპირისპირება მწვავდება და ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არბიტრის სიტყვა. შიდადაპირისპირების მთავარი მსაჯული კვლავაც, ქვეყნის გარეთ მოიაზრება, ამჯერად ვენეციის კომისიის სახით… ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გადასცა. საინტერესოა რა დასკვნას დადებს ვენეციის კომისია და გაითვალისწინებს თუ არა მათ შენიშვნებს მმართველი გუნდი…
რამაზ საყვარელიძე: „სასურველია, რომ დასავლეთის არაპოლიტიკური ინსტიტუტები არ გადაიქცეს შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად, როგორც ეს მრავალჯერ მოხდა, მათ შორის ბოლოს სტრასბურგის სასამართლოში, რადგან ეს დასავლეთის დევალვაციას ახდენს მოსახლეობის თვალში, მით უფრო მაშინ, როცა დასავლეთი იკავებს პოზიციას, რომელიც არ არის მისაღები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ხოლო, დასავლეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნება მოსახლეობაში სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ გვყავს არაკეთილმოსურნე მეზობელი, რომელიც ცდილობს ამ დამოკიდებულების შეცვლას. ამიტომ, სასურველია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამჟამად მაინც არ განვიხილოთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში… ზედმეტად მიმაჩნია იმაზე დაძაბული ფიქრი, რას გვეტყვის ვენეციის კომისია… საჭიროა მოსახლეობამ დაინახოს, რომ სწორი პოზიციის შემუშავება ჩვენ თავად შეგვიძლია ისევე, როგორც ამას დასავლეთი აკეთებს საკუთარი საკითხების გადაჭრისას. ჩვენ ყველაფერში ვბაძავთ დასავლეთს აზროვნების დამოუკიდებლობის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უნარი ჭარბადაც კი გვაქვს. ამ ქვეყნის მოქალაქეს ქართველ პოლიტიკოსებში, თავის ლიდერებში სწორედ დამოუკიდებელი და კომპეტენტური აზროვნების დანახვა სურს, სხვაგვარად მათ ლიდერებად ვერ აღიქვამს. არადა, ლიდერის არსებობა მოსახლეობას სჭირდება…"
საკონსტიტუციო ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობაა პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის. ამ ფონზე სახელმწიფოს მეთაური, ხარება დღეს, ყოველწლიური პოლიტიკური მოხსენებით ხალხის რჩეულთა წინაშე წარსდგება და სტუმარ-მასპინძლობაც სანახაობრივი და დაძაბული იქნება. მანამდე კი, ექსპერტთა ერთი ნაწილის მხრიდან კონსტიტუციის ახალ პროექტზე რეფერენდუმის ჩატარების იდეა გაჟღერდა. მოტივი — აზრთა სხვადასხვაობა საკონსტიტუციო ცვლილებების მრავალ საკითხზე…
ავთანდილ დემეტრაშვილი: „ვისურვებდი, რომ ტრადიციად დამკვიდრებულიყო რეფერენდუმზე კონსტიტუციური ცვლილებების გატანა. ხაზს ვუსვამ — მხოლოდ იმ მუხლების გატანა, რომელიც იცვლება… ამგვარი ნაბიჯი აამაღლებს მოსახლეობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, აქტივობას და კომპეტენციას და ამაღლდება ამ წესით მიღებული კონსტიტუციის ლეგიტიმურობა. ვიზიარებ იმ პოლიტიკოსების პოზიციას, რომლებიც აცხადებენ, რომ კომიკურია გადასახადის შეცვლა გადიოდეს რეფერენდუმზე და კონსტიტუციის შეცვლა — არა… ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საკონსტიტუციო რეფორმის პოლიტიკური ასპექტიც…"
საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში იტყვის თუ არა საბოლოო სიტყვას მისი უდიდებულესობა ხალხი და შეისმენს თუ არა ნათქვამს ხელისუფალი?.. დრო არც ამ კითხვას დატოვებს უპასუხოდ.