თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო შესწორებებს 2017 წლის ბოლომდე მიიღებს, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადრე აცხადებდნენ, რომ ქვეყნის მთავარ კანონში ისეთი შესწორებების შეტანას აპირებენ, რომლებიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ბალანსს უზრუნველყოფენ და ცვლილებებს შეიტანენ საარჩევნო სისტემაში.
„წლის ბოლომდე პარლამენტი საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობას დაასრულებს და წლის ბოლომდე ჩვენ სხვა კონსტიტუცია გვექნება“, — განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს კონსტიტუციაში ერთ-ერთი მთავარი სიახლე შეიძლება გახდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება. თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
„პრეზიდენტის არჩევის საკითხი არის დაკავშირებული ბევრ კონსტიტუციურ რეგულაციასთან. ჩვენ კიდევ ერთხელ, სიღრმისეულად უნდა განვიხილოთ კონსტიტუციური სისტემა და ამ განხილვის საფუძველზე უნდა განვსაზღვროთ ყველა რეგულაცია, რომელიც დაკავშირებულია მათ შორის, პრეზიდენტის სტატუსთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან“, — განაცხადა კობახიძემ.
საარჩევნო სისტემის მიმართ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს, აღნიშნა მან.
„ეს არ არის სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი, ნულოვანია ასეთი ინტერესი. ერთადერთი ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ არჩევის რომელი წესი მიესადაგება უფრო მეტად იმ სისტემას, რომლის დამკვიდრებაც ჩვენ გვინდა. ამასთან დაკავშირებით უნდა შედგეს კონსენსუსი საკონსტიტუციო კომისიაში“, — განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გაუქმების წინააღმდეგ საპარლამენტო ოპოზიცია და თავად პრეზიდენტი მარგველაშვილი გამოდის.
საქართველოს საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ახალი პარლამენტის ამოქმედებიდან ორ თვეში — 2016 წლის დეკემბრის ბოლოს შეუდგა. საკონსტიტუციო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, ოპოზიცია, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები შესწორებების საბოლოო პროექტს 30 აპრილამდე წარადგენენ.