თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციაში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების შესახებ ცვლილებების წინააღმდეგია, მაგრამ ოპოზიციაში გადასვლას ან ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს.
ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებებზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს. დეპუტატები, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შესწორებების შეთანხმებულ ვარიანტს საყოველთაო განხილვისთვის 30 აპრილამდე წარმოადგენენ.
არც მარგველაშვილი და არც მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები შესწორებებზე მუშაობის პროცესში ჩართული არ არიან. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ მას კომისიის თანათავმჯდომარის თანამდებობაზე უარი უთხრა.
სავარაუდოდ, შესწორებები ქვეყნის მთავარი კანონის ყველა სფეროს შეეხება. პირველ რიგში, იგეგმება პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცა და მთავრობისა და პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდა.
პრეზიდენტი და მისი უფლებები
მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში არ შედის.
„ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, როგორც ამომრჩევლებს, რომ ავირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი, და ნათელი არგუმენტი, თუ რატომ უნდა წაიღონ ჩვენგან ეს უფლება და გადასცენ ვიღაც სხვას, ჯერ არ მომისმენია. არც საზოგადოების დაკვეთა იყო, არც საარჩევნო კამპანიის თემა, მაგრამ, მოხდა რა არჩევნების შემდეგ ხელისუფლების კონცენტრაცია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ხელში, ეს გაჩნდა, როგორც ნომერ პირველი გადასაწყვეტი თემა“, — განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იბერიასთან“ ინტერვიუში.
როგორც მან აღნიშნა, ერთი ძალის ხელში ძალაუფლების თავმოყრა საფრთხის შემცველია.
„ვაპირებ ავამუშაო ის მთავარი საკონსტიტუციო მოთხოვნა, რომელიც საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაშია, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება უნდა იყოს განხილული საზოგადოებისა და ხალხის მიერ. ამ საკითხის ამუშავებას ვაპირებ სრული მასშტაბით. ეს ფორმალური პროცედურა ყოველთვის იყო ხოლმე დაცული რაღაცნაირად მიჩქმალულად… მაგრამ ახლა იმისთვის, რომ ეს ცვლილებები ნამდვილად იყოს კონსენსუსური, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარეობდეს, რათა კონსტიტუცია იყოს მთავარი დოკუმენტი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ყველასი ერთად, ჩვენ აქტიურად უნდა ჩავრთოთ საზოგადოება ამ დისკუსიაში და მე, ბუნებრივია, ამას განვახორციელებ“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის მომავალი
საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ.
„დღეს ამ საკითხზე მსჯელობას ჯერჯერობით არ ვაპირებ. და არ შემიძლია ვთქვა, ვინ ვიქნები მომავალში, რადგან ეს საკითხი დღესდღეობით ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგში არ დგას“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი არ უარყოფს კონსულტაციებს ოპოზიციასთან, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლების პარტიასთან „მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო“ და ასევე „რესპუბლიკურ პარტიასთან“.
„ეს არის ნორმალური ფორმატი. ჩვენ, პოლიტიკოსები ერთმანეთს უნდა ვესაუბრებოდეთ, რათა ქვეყანაში შევქმნათ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, არა გამოგონილი დაპირისპირებები, არა გაბუტვები და გაქცევები, არამედ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.
ვადამდელი არჩევნები, როგორც გამოსავალი
საქართველოს პრეზიდენტი გამორიცხავს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას – მეორე ვადით დარჩენის იმედით.
კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მთავარ კანონში შესწორებები სამი მოსმენით უნდა მიიღონ პარლამენტის ორი სესიის — საგაზაფხულო და საშემოდგომო — მსვლელობისას.
„ვადამდელი არჩევნები — ეს რთული პროცესია. თუ მიღებული იქნება პირდაპირი არჩევნების გაუქმების გადაწყვეტილება, ხელოვნურად საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა ბუნებრივად შექმნის კონსტიტუციურ კოლიზიას, რადგან ერთი კონსტიტუციით მოხდება პრეზიდენტის არჩევა, ხოლო ძალაში იქნება მეორე კონსტიტუცია“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
ნებისმიერი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ქვეყნის ნორმალური საარჩევნო დინამიკიდან გადახვევას ნიშნავს, ეს კი ჩემი სტილი არ არის, დასძინა მან.
„ჩემი სტილი არასდროს ყოფილა ე.წ. „ჩორნი ხოდიდან“ პოლიტიკური პროცესის გადაწყვეტა. ჩემი აზრით, პრეზიდენტის ინსტიტუტი სჭირდება საზოგადოებას, მისი არჩევითობა სჭირდება საზოგადოებას, პოლიტიკურ სისტემას და ამაზე ღიად უნდა ვილაპარაკოთ და არა რაღაცნაირი სათადარიგო შესასვლელიდან ახალი პოლიტიკური ვითარება შევქმნათ“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.