თბილისი, 8 აგვისტო– Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ შეახსენებს და აფრთხილებს იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. ამ დროისთვის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის 63 მსურველი პარტიიდან ცესკომ 35 უკვე დაარეგისტრირა. წინასაარჩევნო კამპანიას სტარტი აღებული აქვს.
„წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალობას იძენს საარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა მონაწილეობის სავარაუდო შემთხვევები, რომელთაც საარჩევნო კოდექსით ეკრძალებათ ასეთი ქმედება. ამ ეტაპზე ცალკე გამოსაყოფია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტები“, – ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებაში.
საქართველოს ცესკო აცხადებს, რომ საარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ის ცესკოს სამხარეო კომისიების მიერ ფიქსირდება, რისთვისაც შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ სასამართლოს გადაეგზავნება. ამავე დროს განცხადებაში აღნიშნულია მსგავსი ოქმების შედგენასთან დაკავშირებული სირთულეები.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია ხსენებულ პირებზე, თუ ისინი არ იმყოფებიან საქართველოში“, – განმარტებულია განცხადებაში.
თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ცესკომ იპოვა გამოსავალი – პარტიების იმ უფლებამოსილი პირების ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც საჯაროდ მოახდენენ ან/და ორგანიზებას გაუწევენ ისეთი პირების საარჩევნო სააგიტაციო მიმართვების საჯარო დემონსტრირებას, რომელთაც კანონმდებლობით ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.
გასულ კვირას ბათუმში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს ექს-პრეზიდენტის და პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის ტრანსლაციის გამო სკანდალი აგორდა. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქე და ოდესის ოლქის გუბერნატორია.