თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის 8 ოქტომბრის არჩევნებში 3.5 მლნ ადამიანი შეძლებს მონაწილეობის მიღებას, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე.
არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი 55-მა პარტიამ წარადგინა. აქედან 18 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაარეგისტრირა.
„[იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების] სააგენტომ ცესკოს 3, 513, 260 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები გადასცა. ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა ერთიან სიას“, — ნათქვამია განცხადებაში.
სიის განახლების შემდეგ თითოეული ამომრჩეველი კიდევ ერთხელ შეძლებს საკუთარი გვარ-სახელის გადამოწმებას მასში.
მისამართის შეცვლის შემთხვევაში, ამომრჩეველმა ამის თაობაზე უნდა შეატყობინოს ცესკოს. თუ ეს არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მოხდა, ამომრჩეველმა ხმა ძველ მისამართზე უნდა მისცეს.
ამომრჩეველთა სიაში, გარდა პირადი მონაცემებისა, ასევე არის ფოტოსურათი, რაც შესაძლო ფალსიფიკაციას აღმოფხვრის.
ეს ამომრჩეველთა სიის განახლების მეორე ეტაპია. მაისში სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს გადასცა სია, რომელშიც 3,53 მლნ ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული. ამ ციფრმა კამათი გამოიწვია, ვინაიდან მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად, ქვეყანაში 3,7 მლნ კაცი ცხოვრობს.
იუსტიციის სამინისტრომ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ სიაში საზღვარგარეთ და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები მოხვდნენ.