თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ისტორიის განმავლობაში ყველაზე დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას აპირებს, განაცხადა მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან შეხვედრაზე.
აგრამუნტი საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესია თბილისში 1-5 ივლისის პერიოდში იმართება.
„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია ჩაატაროს საუკეთესო, დემოკრატიული და ყველაზე თავისუფალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ მიზანს ემსახურება მათ შორის ის ნაბიჯიც, რომ ხელისუფლება, არჩევნებზე დასაკვირვებლად, სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს იწვევს”, — აღნიშნულია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ კომპლექსურ რეფორმებზე, რომლებიც მთავრობამ, 2012 წლიდან დღემდე, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით განახორციელა. ამის შესახებ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებიც მიუთითებს, აღნიშნა პრემიერმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
არჩევნებისთვის მზადებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე აგრამუნტისა და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრაზეც.