არჩევნები საქართველოში: გულგრილობა და ოცნებები

გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არსებითად შეიცვალა. წამყვანი მოთამაშეებისგან გამოყოფილი პოლიტიკოსები საკუთარი ძალების დამოუკიდებლად მოსინჯვას გეგმავენ.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე მორიგმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობას ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. ამასთან, ყველა წამყვანი პარტია თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთი გულგრილობა ორი მთავარი მოთამაშისთვის — „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობისთვის“ დადებითი შედეგით არ დასრულდება.

ეს ნიშნავს, რომ სხვა პარტიებს პარლამენტში ადგილების მიღების რეალური შანსი აქვთ.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: „ქართული ოცნება ოქტომბერში არჩევნებს აუცილებლად მოიგებს“

ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უკვე 13-მა პარტიამ გაიარა, კიდევ 34 — თავის რიგს ელოდება. პარტიებს რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანაზე დრო კიდევ აქვთ, ასე რომ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ამომრჩეველს ძალზე დიდი არჩევანი ექნება

პოლიტიკური „დაქორწინება“ და „გაყრა“

საპარლამენტო არჩევნებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე საქართველოში პოლიტიკური სურათი არსებითად შეიცვალა და მრავალი სიურპრიზი შემოგვთავაზა.

პოლიტიკაში მოვიდა მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილმა ფიგურებმა ორი ახალი პარტია შექმნეს, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნება“, პრაქტიკულად, დაიშალა.

პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დასახმარებლად ასპარეზზე ქვეყნის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა, რომელიც პოლიტიკიდან 2013 წელს წავიდა. ის აქტიურად ხვდება ჟურნალისტებს და პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას მომავალშიც აპირებს.

ანი მიროტაძე - Sputnik საქართველო
ანი მიროტაძე: ვიზალიბერალიზაციისთვის საპარლამენტო არჩევნები მთავარი ფაქტორი იქნება

პოლიტიკაში მოვიდა პატიმრების წამების ამსახველი გახმაურებული ვიდეოს ავტორი ვლადიმერ ბედუკაძეც. უპირატესობა მან არა ცნობილი პოლიტიკურ პარტიებს, არამედ „ცენტრისტებს“ მიანიჭა — ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკის — თეიმურაზ ხაჩიშვილის ხელმძღვანელობით.

პოლიტიკურ არენაზე ერთ-ერთმა შედარებით ახალმა მოთამაშე „პატრიოტთა ალიანსმა“ საკუთარი შესაძლებლობების გაზრდა თავის გარშემო ხუთი პარტიის შემოკრებით სცადა. ირმა ინაშვილთან ალიანსში არიან „თავისუფალი საქართველო“ (კახა კუკავა), „თავისუფლება“ (კონსტანტინე გამსახურდია), „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“ (გია ჟორჟოლიანი), „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ (გოჩა ჯოჯუა) და „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ (გია ბერძენიძე).

„პატრიოტთა ალიანსმა“ საკუთარი შესაძლებლობები 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბარიერის გადალახვით უკვე აჩვენა.

კიდევ ერთი მოულოდნელობა გახდა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის თამაზ მეჭიაურის გარშემო გაერთიანება. მან სკანდალურად ცნობილ ჟურნალისტ ლალი მოროშკინასთან, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძესთან და 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედასთან ია მეტრეველთან ერთად პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ შექმნა.

რეიტინგები და პროგნოზები

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები, ერთი მხრივ, აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის გულგრილობას პოლიტიკური პროცესებისადმი და მეორე მხრივ — ოპოზიციისადმი მზარდ ინტერესს.

ამ დღეებში ამერიკულმა კომპანია GFK-მ სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 29,4% ჯერ გარკვეული არ არის, რომელ პარტიას მისცემს ხმას არჩევნებზე.

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას რესპონდენტების 22,4%, ხოლო ენმ-ს — 21,7% მისცემს. მესამე ადგილზეა „სახელმწიფო ხალხისთვის“ (7,8%). შემდეგ მოდის „თავისუფალი დემოკრატები“ (6,2%).

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
არჩევნების დღეს პოლიციის უფლებები, შესაძლოა, გაიზარდოს

GFK-ს, ასევე IRI-სა და NDI-ს გამოკითხვებმა აჩვენა, რომ საქართველოში, მთლიანობაში, ოპოზიციას მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე მმართველ პარტიას. თუმცა, „ოცნებაზე“ გამარჯვებისთვის ალიანსის შექმნას არცერთი წამყვანი ოპოზიციური პარტია არ აპირებს.

ამავე დროს, პარტიაში „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ დარწმუნებული არიან, რომ პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ. პარტიის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 150-დან 100 ადგილს მიიღებს.

წამყვან ოპოზიციურ ძალებს მმართველი პარტიის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ, მაგრამ არც თავისი უპირობო გამარჯვების სჯერათ. ისინი ვარაუდობენ, რომ მთლიანად ოპოზიციის ხმები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ „ოცნებას“ მმართველი ძალის სტატუსი ჩამოერთვას. საუბარი მათი მხრიდან კოალიციის შექმნაზე უკვე დაიწყო.

რას გადაწყვეტს არჩევნების შედეგი

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ახალი მოწვევის პარლამენტში საბოლოო განლაგებასთან მიმართებით ზუსტ პროგნოზს არ იძლევა. არჩევნების შედეგებზე სერიოზული ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამომრჩევლის აქტიურობამ, მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში არჩევნებისას ჩხუბში მონაწილეებს დააპატიმრებენ

„იმ ამომრჩევლის გააქტიურების შემთხვევაში, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას, პარლამენტში შეიძლება მოხვდნენ ისეთი პარტიები, როგორებიცაა „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“ და შესაძლოა, ბურჯანაძის პარტიაც. თუ ამომრჩევლის 70-75% გამოცხადდება, პარლამენტში ექვს ან შვიდ პარტიას მივიღებთ, ხოლო ამომრჩევლის დაბალი აქტიურობის შემთხვევაში პარლამენტში სამი-ოთხი პარტია იქნება წარმოდგენილი“, — განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის აზრით, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც არჩევნების შედეგებზე შეიძლება იმოქმედოს, პარტიების რეგიონებში მუშაობაა. პარლამენტში 77 ადგილი პარტიებს შორის გადანაწილდება, ხოლო 73 — რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

პარტიები თავისი მაჟორიტარი კანდიდატების საბოლოო სიების წარდგენას არ ჩქარობენ.

ყველა ახალი ამბავი
0