თენგიზ ჩოჩუა
„ეროვნული ფორუმის“ წევრმა, დეპუტატმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.
მიროტაძის განცხადებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორი, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს საქართველო გამარტივებული სავიზო რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას. ასევე მიროტაძემ აღნიშნა, რომ შიდა პროცესების გარდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებაზე გარე ფაქტორებიც მოქმედებს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ლტოლვილების პრობლემა ევროპაში.
„საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიგვეყვანა ბოლომდე. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები იქნება მთავარი გამსაზღვრელი, რამდენად სწრაფად მივიღებთ გამარტივებული სავიზო რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას. ევროპა დააკვირდება საქართველოს ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს თუ რამდენად დემოკრატიულად, სამართლიანად, გამჭირვალედ ჩაატარებს. ეს იქნება მთავარი ფაქტორი, რომ შემოდგომაზე მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია", — აღნიშნა მიროტაძემ.
შიდა პროცესების გარდა, არსებობს გარე ფაქტორები, რამაც დროში გადაწია ეს პროცესი. ევროპას რეალურად აქვს ლტოლვილების პრობლემა. აქედან გამომდინარე, ის თუ არ შეიმუშავებს შემაკავებელ მექანიზმებს, რომელზეც საუბრობდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რასაკვირველია, მას ექნება მიგრანტების და ლტოლვილების ძალიან სერიოზული პრობლემა. ფაქტია, რომ ევროპას არ შეუძლია ამ ნაკადის მიღება, განაცხადა მიროტაძემ.