თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ვარაუდობენ, რომ ევროკავშირი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ოქტომბრამდე გააუქმებს.
საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე ზაფხულში აამოქმედებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადაიდო. პროცესი გერმანიისა და საფრანგეთის განცხადების საფუძველზე გაჭიანურდა.
„საქართველოს ეკუთვნის თუ არა უვიზო მიმოსვლის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება, ამ კითხვას არავინ სვამს. როდის იქნება — ეს არის კითხვა, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ეს იქნება ოქტომბრამდე“, — განაცხადა ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოში ჩატარებულმა რეფორმებმა ძალზე მაღალი შეფასება მიიღო, აღნიშნა მან.
„დამერწმუნეთ, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ორი თვით ადრე თუ გვიან — ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს“, — განაცხადა დეპუტატმა ფრაქციიდან „ქართული ოცნება — მრეწველები“ ზურაბ ტყემალაძემ.
ხელისუფლება ცრუ მოლოდინის შექმნაში დაადანაშაულა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგი წერეთელმა.
„არის საგარეო სირთულეები, არის პროცედურული საკითხები… რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი პოზიცია ამგვარია: საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ქვეყნის განვითარებას სჭირდება ვიზალიბერალიზაცია“, — განაცხადა წერეთელმა.
საქართველოს საკითხი გუშინ ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, თუმცა ცალსახა გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ საკითხზე მსჯელობას 20 ივნისს აპირებენ.
ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღება, სულ მცირე, სექტემბრამდე გადადო.
ქვეყნის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი ვიზებს საქართველოს მოქალაქეებისთვის საპარლამენტო არჩევნებამდე, ანუ 8 ოქტომბრამდე გააუქმებს.