ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს გაეცნო

© FB / Парламент Грузииვენეციის კომისიის დელეგაცია
ვენეციის კომისიის დელეგაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების ამჟამინდელი ვარიანტი, რომლებიც მათ შორის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას ეხება.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების ამჟამინდელი ვარიანტი ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს გააცნეს და იმაში დაარწმუნეს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები არ შემცირდება.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოში 30 მარტს ჩამოვიდნენ. დელეგაციას ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს სახელწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.

მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ" მარტის დასაწყისში საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი წარადგინა და საპარლამენტო რესპუბლიკაზე ქვეყნის გადასვლის გეგმებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის არჩევის წესების შეცვლა შესთავაზა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 2023 წელს საქართველოს პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, არამედ პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

"ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ის ახალი პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე აქვს კომისიას შემუშავებული. მათ არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია პრეზიდენტის ფუნქციების შეკვეცასთან დაკავშირებით, თუმცა ჩენ მათ ზუსტი განმარტებები მივაწოდეთ, დავანახეთ, როგორ მოხდება რეგულირება და სრულიად მოიხსნა კითხვები, რაც მანამდე არსებობდა", — განაცხადა შეხვედრის დასასრულს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი: კონსტიტუციის ვნებანი

ზოგიერთ რეკომენდაციებს ვენეციის კომისიის დელეგაცია, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო კომისიის თემატურ ჯგუფებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ წარადგენს, აღნიშნა მან.

73 კაციანმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. პირველ ეტაპზე კომისიის სამუშაო ჯგუფებმა თავი მოუყარეს ყველა ინიციატივას, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც მმართველი პარტიის მხრიდან, ისე 7 ოპოზიციური პარტიის, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, შემდეგ კი მათ დეტალურ განხილვას შეუდგნენ.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით წინადადებებს შორისაა ქვეყნის გადასვლა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე, პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაფართოება, პრეამბულაში ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის მითითება, დეპუტატების ერთმანდატიანი ოლქებიდან არჩევნების გაუქმება და სხვა.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ შესწორებების საბოლოოს ტექსტის შემუშავების შემდეგ, ისინი რეკომენდაციების მისაღებად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

კანონპროექტი პარლამენტში 30 აპრილამდე შევა. შემდეგ საკანონმდებლო ორგანო შესწორებებს საყოველთაო განხილვისთვის გამოიტანს. განხილვა ერთ თვეს გაგრძელდება. ამის შემდეგ პროექტი პარლამენტს დაუბრუნდება და დაიწყება მისი კომიტეტებში გარჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0