საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების პროექტი მზად მხოლოდ აპრილის ბოლოს იქნება. პროექტზე სახელმწოფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ცვლილებების განხილვის შემდეგ საბოლოო ვარიანტი საყოველთაო–სახალხო განხილვაზე იქნება გატანილი, შემდეგ კი პარლამენტს განსახილველად დაუბრუნდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის კამპანიას სპექტაკლს უწოდებს და ოპოზიციისგან განსხვავებით მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს სპექტაკლების დადგმას. დარწმუნებული ვარ, მან ძალიან კარგად იცოდა, რომ 10-ში იქნებოდა პლენარული სხდომა, შესაბამისად, სხდომის დროს დეპუტატები სპექტაკლში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. ასევე ძალიან კარგად უწყის პრეზიდენტმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომ საერთო-სახალხო განხილვას აქვს თავისი დრო, რომელიც კანონით არის გაწერილი,“ — განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
რა სურს პრეზიდენტს
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას უკავშირდება, მის წინააღმდეგ არის მიმართული. მარგველაშვილისთვის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების შემოღება იწვევს.
უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება და მარგველაშვილს მეორე ვადით არჩევის უფლება აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე გამოსატანად წინასწარ მოემზადა და 10 მარტს კამპანია სახელწოდებით „კონსტიტუცია ყველასათვის“ დაიწყო.
„მე მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება არჩევნების მოდელის შესახებ. მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება თვითმმართველობის შესახებ. მაინტერესებს რას ფიქრობს ქართული საზოგადოება იმის თაობაზე, თუ რამდენად უფრო მეტად და რა მექანიზმებით შეიძლება საზოგადოება ჩართული იყოს, სწორედ კონსტიტუციის მეშვეობით სახელმწიფო მმართველობის პროცესში“, — განაცხადა მარგველაშვილმა კამპანიის გახსნისას.
ჩვენ არ ვქმნით ალტერნატიულ პროცესს, ჩვენ ამ პროცესს დემოკრატიის თვალსაზრისით ვუყურებთ, დაამატა მან.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მას შემდეგ არ იღებს, რაც მარგველაშვილს მისი ხელმძღვანელობის სურვილზე უარი უთხრეს.
როგორი იქნება კონსტიტუცია
საკონსტიტუციო ცვლილებების წინასწარი ვარიანტის თანახმად, საქართველო მმართველობის ახალ ფორმაზე - „საპარლამენტო რესპუბლიკაზე“ გადადის. ხელისუფლების მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობა იქნება, რომელიც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული იქნება.
პრეზიდენტს სახელმწიფოს მეთაურისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სტატუსი დარჩება, თუმცა, მისი ძალაუფლება გადაწყვეტილებების მიღების კუთხით მნიშვნელოვნად შეიზღუდება. გამონაკლისი სამხედრო მდგომარეობა იქნება, რომლის დროს საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე დიდი უფლებამოსილება ექნება.
გარდა ამისა, პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის ფორმაც იცვლება. ცვლილებების მიღების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს 2023 წელს პარლამენტი აირჩევს. პარლამენტი კი მხოლოდ პროპორციული სისტემით — პარტიული სიებით აირჩევა.
დაპირისპირების ანთოლოგია
დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის ჯერ კიდევ 2013 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა და კანონმდებლობის თანახმად, „ქართული ოცნების“ წევრი აღარ იყო.
უთანხმოების პირველი საბაბი გახდა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია. მმართველი ძალა მოითხოვდა, რომ მარგველაშვილს სქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ რეზიდენციაზე უარი ეთქვა და უფრო მოკრძალებულ შენობაში გადასულიყო. თუმცა, მარგველაშვილი მათ ნებას არ დაყვა და შეინარჩუნა რეზიდენცია.
რამდენიმე ხნის შემდეგ დაპირისპირება განახლდა, ჯერ უცხოეთში ვიზიტების თემით და თუ ვინ უნდა წარმოადგინოს საქართველო, შემდეგ კი იმ საკითხზე, ვის უნდა მოეწერა ხელი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე.
ამის შემდეგ დაპირისპირება „ცივი ომის“ ფორმატში უკვე ღიად გადავიდა. საქართველოს მთავრობა არ ესწრებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს, რომელსაც პრეზიდენტი იწვევდა და ასევე პარლამენტში სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლებს.
ასეთი ვითარება 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდა, სანამ ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა არ შეცვალა. ამის შემდეგ მთავრობა პრეზიდენტთან დიალოგის რეჟიმზე გადავიდა. მაგრამ ქვეყნის პარლამენტში საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა.
გიორგი მარგველაშვილმა აქტიურად გამოიყენა ვეტოს უფლება და მნიშვნელოვანი კანონები დაბლოკა: სასამართლო რეფორმა, ეროვნულ ბანკზე ზედამხედველობის სამსახურის შექმნა და „მოსმენების“ კანონი. თითოეული ვეტო პრეზიდენტის კრიტიკის საგანი ხდებოდა, მას ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებაში ადანაშაულებდნენ.