თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ხალხთან კონსტიტუციაზე საუბრის აკრძალვით დაემუქრნენ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღაშფოთა იმან, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა 10 მარტს დანიშნა, რა დღესაც საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა ჩატარდეს. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვების ორგანიზება პრეზიდენტის პრეროგატივას არ წარმოადგენს.
„პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს, დაემატა მუქარა — აკრძალვა საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს საკუთარ ხალხს პრეზიდენტი, რომელიც თავად არის კონსტიტუციის გარანტი. ეს საკითხი არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“, — განაცხადა აბაშიშვილმა.
„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს ჩავაყენეთ საზოგადოება საქმის კურსში, რომ ძალიან ფართოდ უზრუნველვყოფდით დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით“, — აღნიშნა მან.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ინიციატივას სპექტაკლი უწოდა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კვლავ აგრძელებს სპექტაკლების დადგმას. მან ძალიან კარგად იცოდა, დარწმუნებული ვარ, რომ 10-ში იქნებოდა პლენარული სხდომა, შესაბამისად, სხდომის დროს დეპუტატები სპექტაკლში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. ასევე ძალიან კარგად უწყიან პრეზიდენტმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რომ საერთო სახალხო განხილვას აქვს თავისი დრო, რომელიც კანონით არის გაწერილი,“ — აცხადებს მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო რესპუბლიკაზე ქვეყნის გადასვლის გეგმებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის ინიციატივის — პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთის ღია კრიტიკაზე გადავიდნენ.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 2023 წელს საქართველოს პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, არამედ პარლამენტმა უნდა აირჩიოს. იმისათვის, რომ არ მოხდეს კონსტიტუციაში ცვლილებების „პერსონალიზება“, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძველი სისტემით ჩაატაროს.