თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანომდებლო ორგანოსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
კობახიძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უკმაყოფილება გამოხატა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა 10 მარტს დანიშნა, რა დღესაც საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა უნდა ჩატარდეს.
„აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“, — ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ ის და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 34 წევრი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ და 10 მარტს თავიანთი უშუალო უფლებამოსილების განხორციელებით უნდა იყვნენ დაკავებული.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული განხილვის ორგანიზებაში.
„აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გაცხადდა, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უნდა შეფასდეს როგორც საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობის მორიგი გამოვლინება“, — აღნიშნულია განცხადებაში.
კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ გაიმართოს, რაც მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი.
„აქედან გამომდინარე, კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაცხადება მოკლებულია რაციონალურ საფუძველს და მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად“, — ნათქვამია განცხადებაში.
საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა 10 მარტს — საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღეს — შეხვედრის დანიშვნით, ღრმა უპატივცემულობა გამოავლინა საქართველოს პარლამენტის მიმართ, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 34 წევრი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ და 10 მარტს თავიანთი უშუალო უფლებამოსილების განხორციელებით უნდა იყვნენ დაკავებული.
კობახიძემ მოუწოდა პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოში“ პრეზიდენტის ინიციატივას ნახევრად მისტიკური ნაბიჯი და პიარსვლა უწოდეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კობახიძის განცხადება შეფასდა როგორც პრეზიდენტის მიმართ აკრძალვა — ელაპარაკოს ხალხს კონსტიტუციის შესახებ, რომლის გარანტიც ის არის.
საპარლამენტო რესპუბლიკაზე ქვეყნის გადასვლის გეგმებთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის ინიციატივის — პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთის ღია კრიტიკაზე გადავიდნენ.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 2023 წელს საქართველოს პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, არამედ პარლამენტმა უნდა აირჩიოს. იმისათვის, რომ არ მოხდეს კონსტიტუციაში ცვლილებების „პერსონალიზება“, მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძველი სისტემით ჩაატაროს.