თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მმართველი პარტიის გეგმების გამო პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმების თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთის ღია კრიტიკაზე გადავიდნენ.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მიმდინარე კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების თავისი ვარიანტი წარმოადგინა რომელშიც ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შეცვლის წინადადება დააყენა.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, 2023 წელს, საქართველოს პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, არამედ პარლამენტმა უნდა აირჩიოს. იმისათვის, რომ არ მოხდეს კონსტიტუციაში ცვლილებების „პერსონალიზება“ მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ძველი სისტემით ჩაატაროს.
"საკონსტიტუციო კომისიის მიერ არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე“, — განაცხადა საქართველო პრეზიდენტმა.
მისი მოსაზრებით, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების ახალი სისტემის დანერგვა საზოგადოების პროტესტის გამო გადადო.
პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკმაყოფილება მოჰყვა.
„პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა. სხვა შეფასება და ეს არის ძალიან მძიმე შეფასება, მე არ შემიძლია მივცე პრეზიდენტის ამ განცხადებას”, — თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, გადავადება განპირობებული იყო იმით, რომ სუბიექტურ მოსაზრებებზე არ ყოფილიყო დაფუძნებული არც ერთი გადაწყვეტილება,
„ჩვენი პოზიციის თანახმად, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები ვფიქრობდით, რომ უნდა ჩატარებულიყო პირდაპირი წესით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადავსულიყავით არაპირდაპირ არჩევნებზე. გარდა ამისა, რაც შეეხება სტატუსს, პრაქტიკულად, პრეზიდენტის სტატუსს ჩვენ არ ვეხებით. ამასთან დაკავშირებითაც პრაქტიკულად შეთანხმება მიღწეულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, აქაც პრაქტიკულად მინიმალურია ის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს”, — თქვა კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის აზრი შესაძლოა კიდევ შეიცვალოს და არა მარგველაშვილის სასარგებლოდ.
„თუ პრეზიდენტი არაკორექტული განცხადებების კეთებას განაგრძობს და ის, თუ კვლავაც შეეცდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას შემდეგნაირად უპასუხა:
“დღეს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გაგვაცნო მისეული ხედვა ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე. თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს საკონსტიტუციო მოდელები ქვეყანაში, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის,” – განაცხადა აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.