თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის საყოველთაო–სახალხო განხილვების კამპანია 10 მარტს წამოიწყო.
კანონშემოქმედების ჩვეულებრივი პროცესი სახელმწიფოს მეთაურსა და „ქართულ ოცნებას“ შორის უთანხმოების გაღრმავების ახალი საბაბი გახდა.
საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების პროექტი მზად მხოლოდ აპრილის ბოლოს იქნება. პროექტზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობს.
გიორგი მარგველაშვილმა ელჩებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობისა და ფართო საყოველთაო დისკუსიის მნიშვნელობა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, კონსტიტუციის ცვლილების პროცესში.
„დღეს ოფიციალურად დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესებში და ამასთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართა დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმინეთ მოსაზრებები, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესები და როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებისა იმ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხში, რასაც ჰქვია საქართველოში კონსტიტუციური ცვლილება“, — აღნიშნულია განცხადებაში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის კამპანიას სპექტაკლს უწოდებს და ოპოზიციისგან განსხვავებით მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას უკავშირდება, მის წინააღმდეგ არის მიმართული. მარგველაშვილისთვის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების შემოღება იწვევს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მას შემდეგ არ იღებს, რაც მარგველაშვილს მისი ხელმძღვანელობის სურვილზე უარი განუცხადეს.