უცხოეთში მცხოვრები წარმატებული ქართველები, რომლებიც 2016 წელს გაგაცანით

© Sputnik / Maria Tsimintiaფოტოკოლაჟი - ქართველები უცხოეთში
ფოტოკოლაჟი - ქართველები უცხოეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ საქართველოს მიღმა მცხოვრები არაერთი წარმატებული და საინტერესო თანამემამულე გაგაცანით. გამოხმაურებებიდან ირკვევა, რომ ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შესახებ, პირველ რიგში, სამშობლოში იცოდნენ, ამიტომ ვცდილობდით, თანაბრად გაგვეზიარებინა მათი ბედი.

ჩვენიანები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და მათი წარმატებით საქართველოშიც ვამაყობთ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ უცხოეთში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ ქვეყანას მოახმარებენ. გადავწყვიტეთ, მათ შესახებ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ…       

„ტაისონის გურული მეგობარი, კაშპიროვსკის „ტრენერი“ და წიფნარელი მასწავლებლის წყევლა“- ამ სათაურით მქონე მასალაში ამერიკაში, ბრუკლინში მცხოვრები ქართველ სპორტსმენი, გოჩა ფასიეშვილი გაგაცანით. ის მსოფლიოს, ინტერკონტინენტალის ჩემპიონი და კიკბოქსინგში ამერიკის ვიცე-ჩემპიონია.  მეგობრობს მაიკლ ტაისონთან და კაშპიროვსკის ავარჯიშებს. გურიის სოფლიდან თბილისში ჩამოსული ბიჭი ერთ მშვენიერ დღეს მსახიობმა ჩაკ ნორისმა მიიწვია, რის შემდეგაც გონება ამერიკული ოცნებით „მოეწამლა“… დღეს ამერიკელები დაბადების დღეზე სიურპრიზს უწყობენ, ზაფხულობით კი ლას-ვეგასში ისვენებს.

მასალაში „ქართველი ფიზიკოსის მიერ “აღმოჩენილი“ იტალია და ენერგიის მუდმივობის კანონი ცხოვრებაში“ მკითხველმა წარმატებული ქართველი ფიზიკოსი, ედიშერ ცხადაძე გაიცნო. იგი 6 წელია, რაც რომში ცხოვრობს და 20 წელი, რაც რომის იტალიის ბირთვული კვლევის ნაციონალურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. კარგად იცის რომში არსებული თითქმის ყველა ისტორიულ-კულტურული ადგილი. საქართველოდან იტალიაში ჩასული ტურისტებისთვის საინტერესო და საჭირო წიგნები აქვს დაწერილი. 

„იან კელის ქართულის მასწავლებელი და მისი ცხოვრების ამერიკული ბილიკები“, მასალამ ამ სათაურით ჩიკაგოში მცხოვრები ქართველი მწერალი მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერი გაგვაცნო. მის პოეზიასა და წიგნს,,ბილიკები ამერიკისკენ“ მისი სულიერი მეგობარი, მსოფლიოში ფსიქიატრიის მამად წოდებული ჯოელ ელკესიც ეზიარა. მაკა ჩიკაგოში კულტურული კავშირების კონსულტანტია და ამერიკაში იცნობენ როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის მცოდნეს. სწორედ ამიტომ სთხოვეს, რომ საქართველოში აშშ-ის დღევანდელი ელჩისთვის, ბატონ იან კელისთვის ქართული ენა და ტრადიციები უშუალოდ მას გაეცნო.

 „ქართული კულტურა ჰოლანდიაში, ნიდერლანდების დედოფალი და ლორა ბუშის პირადი მზარეული” - მასალაში თიკა სვანიძე-ვენკოს ამსტერდამში პირველი ჰოლანდიურ-ქართული კომპანია,,თიკა-ტურს ჯორჯიას“ და ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელს გავესაუბრეთ. მისი საქმიანობის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. თიკა სვანიძე-ვენკომ თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და დღეს ოჯახთან ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობს. მისი კომპანიის სტუმარი საქართველოშიც და ჰოლანდიაშიც არაერთი ვიპ-პერსონა ყოფილა, მათ შორის იყვნენ: სინგაპურელი მილიარდერი ქალბატონი, ბოლივუდელი მსახიობები, ლორა ბუშის პირადი მზარეული, ესპანეთიდან ჩამოსული ბაგრატიონის სამეფო გვარის შთამომავალი, პრინცი ხუან-იოანე ბაგრატიონი და მისი მეუღლე და სხვ.

მასალა, რომლის დასახელებაც იყო „ქართველი მომღერალი “კარნეგი ჰოლში“ და იტალიელ კარაბინერებთან სიმღერა ღამის მილანში“,  ნიუ-იორკში მოღვაწე საოპერო მომღერალს, საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელს და იაპონური საბრძოლო ხელოვნების არაერთი ტურნირის გამარჯვებულ ბექა გოგინაშვილის ცხოვრებასა და საქმიანობას ეხება. ნიჭიერი ქართველი საოპერო მომღერალი მსოფლიო მასშტაბის მომღერლებთან ერთად იტალიისა და ევროპის სხვა ქვეყნების არაერთ პრესტიჟულ სცენაზე გამოსულა. მისმა სოლო-კონცერტმა ამერიკაში წარმატებით ჩაიარა. მაგრამ მომღერლის ცხოვრება მხოლოდ სცენით არ შემოიფარგლება. იგი საქველმოქმედო ფონდ "თამარიანის" დამაარსებელიცაა და მისი სახელით ადამიანებისთვის დახმარების რეალურად გაწევაც შეძლო. 

  “თოჯინურ ქსელში“ გაბმული ადამიანები და მათი მოქსოვილი ორეულები”-  მასალამ მოგითხროთ იტალიაში მყოფ ბათუმელ ქალბატონზე, გულნარა მიქანაძე-სვანიძეზე, რომელმაც ნოსტალგიისგან თავის დასაღწევად მეგობრების თოჯინური ორეულების ქსოვა დაიწყო და საკუთარ ნახელავებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ "ორიგინალებს“ უგზავნის.მის კოლექციაში ბევრი ცნობილი ქართველის თოჯინა-ასლიც მოხვდა. მათ შორის: გივი ბერიკაშვილის, კახი კავსაძის, ლიანა ისაკაძისა და სხვების. 

ესპანეთში პოპულარულ ქართველ ბოდიბილდერის ირაკლი თორელის შესახებ შეიტყვეთ მასალიდან „ქართველი ბოდიბილდერი ესპანეთში მუსიკალურ კლიპებსა და ბრიტანულ სერიალში გადაიღეს”.  ესპანეთში ის 10 წელი ცხოვრობს  და ჯორჯიო ტორელით იცნობენ. ამ სახელის დამკვიდრებამდე  ირაკლიმ ემიგრანტის რთული ცხოვრება სრული პაკეტით გაიარა. დღეს უკვე მალაგას ჩემპიონი, ანდალუსიისა და ესპანეთის პრიზიორია და ამ სფეროს ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს. პოპულარულ ბოდიბილდერს, რომელიც მუსიკალურ კლიპებში გადაიღეს, ესპანელები ქუჩაშიც ცნობენ.

CC BY 2.0 / Stefan Wisselink / Gergeti Trinity Church. Kazbegi, Georgiaგერგეთის სამება — ეს ძველი ტაძარი ისეა ენერგიებით დამუხტული, რომ თუ თვალებს დახუჭავ, ძველ ქართველთა სიმღერასაც კი გაიგონებ.
გერგეთის სამება —  ეს ძველი ტაძარი ისეა ენერგიებით დამუხტული, რომ თუ თვალებს დახუჭავ, ძველ ქართველთა სიმღერასაც კი გაიგონებ.   - Sputnik საქართველო
გერგეთის სამება — ეს ძველი ტაძარი ისეა ენერგიებით დამუხტული, რომ თუ თვალებს დახუჭავ, ძველ ქართველთა სიმღერასაც კი გაიგონებ.

იტალიაში ამ ქვეყნის კულტურის სიყვარულმა ჩაიყვანა, ცხოვრების სიყვარულსაც იქ შეხვდა. მოგვიანებით საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“ დააფუძნა და მისი სახელით ცნობილი იტალიელი და ქართველი მეცნიერების, მწერლების, ფოტოხელოვანების, მთარგმნელებისა თუ მოგზაურების მონაწილეობით ბევრი შეხვედრა, ფესტივალი და საღამო ჩაატარა. იტალიურ გამომცემლობასთან ერთად ქართულ კულტურაზე ჟურნალი და ქართველი ავტორების წიგნებიც გამოსცა. ჩვენს ენაზე არა ერთი იტალიელი ავტორი თარგმნა. დღეს როგორც კულტურათაშორის მედიატორი ნოვარას პროვინციის სკოლებსა და ინსტიტუტებში უცხოელებს იტალიურს ასწავლის. ეს ნუნუ გელაძის ქართულ-იტალიური ცხოვრების მთავარი მომენტებია მასალაში „ქართული საქმე იტალიაში და მარადიული “Tutte le strade conducono a Roma“

სტატიაში „ქართველი ხელოვანი ბროდვეიზე და მისი სახელგანთქმული მოწაფეები და კოლეგები“ —საუბარი იყო ქართველი კონცერტმეისტერის, პიანისტ მარინა გაბუნია-ვერიესტის ამერიკულ ცხოვრებაზე. ხელოვანს რამდენიმე ბროდვეი-შოუ აქვს გაკეთებული. მის პირველ შოუს „Any get your gun“, რომლის მუსიკალური დირექტორი და პიანისტიც თავად იყო, ამერიკაში დიდი წარმატება ხვდა წილად. მერი გეითსის წიგნის მიხედვით დადგმულ შოუში Enevsong ქართველ ხელოვანს ცნობილ უცხოელ ვარსკვლავებთან მოუწია მუშაობა. გარდა ამისა, ქალბატონი მარინა ჯულიარდის ცნობილ სკოლაშიც ასწავლის. 

„გიგო გაბაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები და ფსიქიატრიულში გამომწყვდეული იეთიმ გურჯი“ —იყო ინტერვიუ ამერიკაში არსებული სახელოვნებო კომპანია Madatart-ის დამაარსებელ მარიტა დამენიასთან. გარკვეული პროფესიული გამოცდილება და უნარ-ჩვევები ჯერ კიდევ თბილისში, მასმედიის სფეროში მუშაობის დროს შეიძინა. საქართველოში ყოფნის დროს მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მოამზადა, მათ შორის, ერთი მათგანი საუკუნის პროექტად აღიარეს, რისთვისაც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი “ოქროს ფრთა“ მიანიჭეს. 

მასალა სახელად „ულამაზესი ქართველი ქალი, მისი აფრიკულ-გურული სიყვარული და ხელოვნება” ნიჭიერ ხელოვანს, სოფო ბარნოვს და ულამაზეს სამკაულებსა და ნივთებს წარადგენს. პროფესიით ტექსტილის დიზაინერია და საიუველირო კუთხითაც მუშაობს. აკადემიაში სწავლის პერიოდში ბევრ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. გარდა საქართველოსი, გამოფენები იტალიასა და ესპანეთშიც ჰქონდა. დღეს მეუღლესთან, მუსიკოსსა და ტელეწამყვანთან, სამორ ბალდესთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობს.

 „ქართველი პიანისტი, რომელიც ავსტრიაში ნიჭიერ ქართველ ბავშვებს მეცენატობს” — ავსტრიაში მცხოვრებ ნიჭიერ პიანისტ, მეცენატ ქეთევან სეფაშვილს გაგაცნობთ. ის 9 წელია, რაც ამ ქვეყანაშია და ევროპის გამორჩეულ სცენებზე ბევრ კონცერტს მართავს. გარდა ამისა ავსტრიაში მას ასოციაცია "musica.Sepashvili” აქვს ჩამოყალიბებული. მისი მეშვეობით ქალბატონი ქეთევანი ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედს ეხმარება და ყოველ წელიწადს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში ნიჭიერთა ათწლედის ბავშვების მონაწილეობით ამა თუ იმ ფესტივალზე კონცერტებს მართავს. 

„რას ჰყვება ქართველი, ვინც ამიშებთან მე-18 საუკუნის ადათებით იცხოვრა“- ქართველი, რომელმაც ეს ამბავი მოგვითხრო ამერიკაში მცხოვრები მწერალი, 7 წიგნის ავტორი, ირმა ბეგლარიშვილი იყო. ის ამერიკის ნაკრძალად წოდებულ ამიშების ტერიტორიას ეწვია და ამ ხალხის ცხოვრებაზე მისთვის ჩვეული საინტერესო ენით მოგვითხრო. ამიშები მე-18 საუკუნის ყოფითა და წესებით ცხოვრობენ და ცივილიზაციას არ სცნობენ. მათ დასახლებაში ელექტროენერგიაც კი არ არის და ისევ ლამპით სარგებლობენ. მიწას ცხენშებმული გუთნით ამუშავებენ. 

რუბრიკის მორიგი მასალა „ანდროპოვის ყურები“ ესტონურ დიზაინში და ძველთბილისური სახინკლე იტალიელებისთვის” მხატვარ-დიზაინერ თამთა გოცაძეზე მოგითხრობდათ. მისი ნახატები სერიოზულ საერთაშორისო კონკურსებზე იმარჯვებდა. დღეს მილანის ახალი ხელოვნების აკადემიის სტუდენტია და ცდილობს, საკუთარი კრეატიული ხედვა ყოველივე ქართულს და ეროვნულს ნიჭიერად მოარგოს. 

მასალაში „3D სტერეოგრაფული ნახატები, რომლებიც ფიზიკოსების უიმედო პროგნოზის მიუხედავად შეიქმნა” ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში მაგისტრატურის ფერწერის ფაკულტეტის სტუდენტზე, ნინო პაიჭაძესა დ მის ხელოვნებას გავეცანით. თბილისის სამხატვრო აკადემიის უკვე მესამე კურსზე სწავლის დროს მას გაუჩნდა იდეა, რომ „3D ჰიპერ-რეალისტური პორტრეტი“ შეექმნა. ავტორის განმარტებით „ეს სტერეოგრაფული 3D-ა, რომელიც წინა საუკუნიდან მოყოლებული არსებობს და რაიმე გარკვეულ მხატვრულ მიმდინარეობად აქამდე არ ჩამოყალიბებულა.

პოლონეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტის, პროფესიონალი კალათბურთელის შოთიკო ხალიბეგაშვილის შესახებ მკითხველმა შეიტყო მასალაში „ქართველმა ძმებმა პოზნანში საფეხბურთო გუნდი "Brotherhood" —საძმო ჩამოაყალიბეს“. იგი წარმოშობით ახალგორიდანაა და 2013 წლიდან ცხოვრობს პოლონეთში, სადაც ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს. თან საუნივერსიტეტო მთავარ ლიგაში კალათბურთს თამაშობს. გუნდი, სადაც ის თამაშობს საუკეთესოა და პოლონეთის მასშტაბით მეორე ადგილზეა. მოგვიანებით ძმასთან ერთად მან ფეხბურთის გუნდი, სახელად "Brotherhood" —საძმო ჩამოაყალიბა.

© ფოტო: ვალერი გიორგიადისაქართველოს მთები — ეს ჭეშმარიტად დიდებული სანახაობაა!
საქართველოს მთები — ეს ჭეშმარიტად დიდებული სანახაობაა!  - Sputnik საქართველო
საქართველოს მთები — ეს ჭეშმარიტად დიდებული სანახაობაა!

ამერიკაში მცხოვრებ სპორტსმენს, დავით ფრანგიშვილს მასალაში „ქართული ძიუდოს კლუბი ნიუ-იორკში და ქართველების გამარჯვება ამერიკულ ტატამზე” გავეცანით. ფალავანთა კლუბის საქმიანობაში ის ჯერ კიდევ 1983წელს, საქართველოში ჩაება.1986 წლიდან 1993 წლამდე ის ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი, საქართველოსა და ამიერკავკასიის მრავალგზის ჩემპიონი იყო. დღეს ამერიკაში, თანამოაზრეებთან ერთად ქართული ჭიდაობის კლუბი ჩამოაყალიბა. თავიდან ეს საქმე ხუთი მოწაფით დაოწყო, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, ამ კლუბმა ამერიკის ძიუდოს ოჯახში თავისი კუთვნილი, საპატიო ადგილი უკვე დაიმკვიდრა.  

„ქართული კულტურის პრობლემაა, რომ არტ-მენეჯერები და ადმინისტრატორები არ გვყავს“ —  ეს მოსაზრება ამერიკაში მცხოვრებმა დათო ნადირაძემ გამოთქვა. ის სამხრეთ იუტას უნივერსიტეტში არტ-ადმინისტრირების უმაღლეს სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლობს. მისი აზრით, იმის გამო, რომ საქართველოში არტ-მენეჯერები და არტ-ადმინისტრატორები ფაქტობრივად არ გვყავს, ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული ხასიათის პროექტი ვერ ხორციელდება და მხოლოდ იდეის დონეზე რჩება. მისი კვლევის ობიექტია ის, თუ როგორ ამცირებს გარდატეხის ასაკში ხელოვნებაზე ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებში კრიმინალის და ძალადობის რისკს და  ეკონომიკისა და ბიზნესისთვის რა სარგებელის მოტანა შეუძლია მას. 

„თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ფუნჯის გარეშე, თითებით ხატავს“ —  ინტერვიუ ჩამოვართვით მხატვარ, ნიკა წეველიძეზე,რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს. მას ხატვა ემიგრაციაში ყოფნის დროს ნოსტალგიამ დააწყებინა. თანაც, ხატავს უჩვეულოდ, ფუნჯის გარეშე, მხოლოდ თითების საშუალებით. მისი ნახატების პირველი გამოფენა ნიუ-იორკში, კომპანია „DANCING CRANE“- თან არსებულ ქართული კულტურის ცენტრში გაიმართა. ამბობს, რომ ფუნჯის გარეშე ხატვა მასში უჩვეულო შეგრძნებებს იწვევს, რადგან როცა ტილოს თითებით ეხება, საკუთარი განცდები მასზე უფრო ადვილად გადააქვს. 

 „ხომალდი სახელად „შანსი“, „თავისუფალი ცურვა“ ემიგრაციაში და „შანსელების“ ოინები“ — მკითხველმა საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტის ბონდო ქურდაძის განვლილი გზასა და ემიგრანტულ ცხოვრებას გაეცნო. მის მიერ დაარსებული გაზეთი „შანსი“ ერთ-ერთი პირველი იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც საბჭოურ ცენზურაზე უარი თქვა და ქართულ სინამდვილეში ახლებური აზროვნება შემოიტანა. მერე იყო დევნა და ოჯახთან ერთად სამშობლოდან იძულებით გადახვეწა. 

„სტამბულში მცხოვრები ქართველი ფიზიოთერაპევტი და მუზა, რომელმაც გააბედვინა“ — მასალში ნანა გოგოლაურის შესახებ შეიტყვეთ, რომელიც სტამბულში ცხოვრობს და მუშაობს. თავის დროზე თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. როგორც ყველა, საჭიროებიდან გამომდინარე, თურქეთში გაემგზავრა, მაგრამ მანამდე, მისი პროფესიისგან რადიკალურად განსხვავებული ფიზიოთერაპია და წერტილოვანი და სამკურნალო მასაჟი აითვისა. თუმცა მხოლოდ პრაგმატული საქმიანობით ვერ დაკმაყოფილდა და ემიგრაციაში ყოფნის დროს მისთვის ასე უჩვეულო ფერწერა და ხის ზედაპირის დამუშავებაც წარმატებით აითვისა. 

“ემოციური ქართველი პიანისტის წარმატების საიდუმლო” - ამ სახელის პუბლიკაციაში მკითხველმა ნიჭიერი ქართველი პიანისტი მარიამ ბაწაშვილი გაიცნო. იგი ვაიმარში ცხოვრობს და ფერენც ლისტის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს. პირველი პრიზი მან ლისტის მეათე საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსზე მოიპოვა. ქართველი პიანისტი საკონცერტო პროგრამით გამოსულია სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. 

რუბრიკაში "ქართველები უცხოეთში" ამერიკაში მცხოვრებ გიორგი მაჩაბელს წარმოგიდგენთ. გიორგი მაჩაბელი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ნიუ-იორკში შოტოკან კარატე დოს აკადემია დააარსა სადაც ის ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ამერიკელ თანატოლებთან ერთად სპორტულ უნარ-ჩვენებების სწავლის გარდა ცხოვრების, კაცობის გაკვეთილებსაც უტარებს. 

ქართველი ჰანოვერში, „მოჯადოებულ წრეზე ტრიალი“ და უცნობი გოგას მორთმეული ყვავილები“- მასალაში მკითხველმა გერმანიაში მცხოვრები დადუნა დევდარიანი-კორინთელი გაიცნო. ფრანგული ენის სპეციალისტი ჰანოვერში ცხოვრობს და მასწავლებლად მუშაობს. ხატვა მისთვის მონატრებისგან თავდასაღწევი საშუალებაა.

„მადრიდის ქართული სკოლა, ანუ როგორ მკვიდრდებიან ქართველები ესპანეთში“-  გამოქვეყნდა ინტერვიუ მადრიდში არსებული ქართული საკვირაო სკოლის დირექტორთან, პედაგოგსა და ფილოლოგთან თამარ მეტრეველთან. 2012 წლის 4 დეკემბერს მან დააარსა ქართული სკოლა, რომელიც მადრიდის ქართულ ეკლესიაში დღემდე ფუნქციონირებს. სკოლას 25 მოსწავლე ჰყავს და ძირითადად დაწყებითი კლასების ბავშვები არიან.

„ლიკა გიორგაძემ ემიგრანტების სახელით მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიას ხატი შესწირა“ — ამჯერად მკითხველი ამერიკაში მცხოვრებ ქველმოქმედ ემიგრანტ ქალბატონს გაეცნო. მან მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიისთვის შესაწირავად საკუთარი ხარჯებით დაწერილი მოწყალე მოალერსე ღვთისმშობლის ხატი საქართველოს საპატრიარქოში მიაბრძანა. ხატი უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. 

 ნიჭიერი ქორეოგრაფი თეა მამუკელაშვილი გერმანიაში შემოქმედებითი ფსევდონიმით — თეა სოსანითაა ცნობილი. მისი ყოველი ახალი პროექტი მართლაც ერთგვარი ექსპერიმენტია. ცხოვრებაშიც ასეა: მისი ბუნებრივი ნიჭი ყოველ ჯერზე განსხვავებული ფორმით და მოულოდნელად ვლინდება. მის შესახებ მასალა „ქართველი ქორეოგრაფის გერმანიაში დაარსებული კომპანია "სოსანი არტზონა"  დაიბეჭდა.

ნიჭიერი რეჟისორი, გია ხოხაშვილი 90-იან წლებში ბედის განგებით რუსეთში, შორეულ უსურიისკში დასახლდა და ადგილობრივ თეატრალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. დღეს იგი სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი და მსახიობია. თბილისში იმ დროის სტუდენტობას სცენაზე დადგმული მისი ინოვაციური, ძალიან თამამი სპექტაკლები დღემდე ახსოვს. მისი ცხოვრების ამბავი დაიბეჭდა მასალაში „ქართველის დაარსებული თოჯინების თეატრი უსურიისკში და მისი „გიჟური ნოსტალგია“ თბილისზე.“

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ელენე ბედუკაძის სახით კიდევ ერთი წარმატებული ქართველი გაგაცნოთ. ის დრეზდენის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობს, მანამდე თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. თბილისში, სკოლა-კომპლექს "სადუნში" ის „წიგნის მოყვარულთა“ კლუბს ხელმძღვანელობდა. 

„ბათუმელი მხატვარი, რომელიც ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს და მონატრებული ზღვა“- ამ სახელწოდების მასალა ბათუმელი მხატვარის, თამილა დევაძის შესახებ მოგვითხრობდა. ის ესპანეთში მედდის პროფესიას დაეუფლა და ახლა ხანდაზმულთა თავშესაფარში მუშაობს. თუმცა, ამას მისი შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია და 2013 წელს ესპანეთში თამილა დევაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველოს დროშა

„ქართველი ემიგრანტი მხატვარი, რომელიც „დარტყმით“ და სამშენებლო საღებავებით ხატავს“ — ეს ნიუ-იორკში მცხოვრები მხატვარი, გიორგი ცინცაძეა.

მის ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად მოხდა. წლების წინ, ერთ მშვენიერ დღეს მწვანე ბარათი მოიგო და დასახლდა ამერიკაში, სადაც მისი ცხოვრება და პიროვნება რადიკალურად შეიცვალა.

მორიგ პუბლიკაციაში იაგო კეკელიძის, როგორც ამერიკის ყველაზე ძლიერი მამაკაცის შესახებ შეიტყვეთ. ის გურიაში დაიბადა და გაიზარდა. მისი ცხოვრებაც, ალბათ, იმ ნაცნობი თემის გაგრძელებაა, რასაც „გურულები ამერიკაში“ ჰქვია. დღეს ფილადელფიაში ცხოვრობს და მკლავჭიდსა და ბოდიბილდინგში საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია. 

„მის სამხრეთ იტალიის“ ტიტულის მფლობელი ქართველი საოპერო მომღერალი“ — ამ სახელწოდების მასალაში მკითხველი იტალიაში მოღვაწე საოპერო მომღერალსა და ფოტომოდელს სოფი კობერიძეს გაეცნო. საოპერო მომღერლის წარმატებული კარიერა თბილისის კონსერვატორიაში უწინასწარმეტყველეს. შემდეგ სწავლა იტალიაში განაგრძო და დღეს ქართველი მომღერალი სოფი კობერიძე ამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების საოპერო სცენებზე იტალიელების აღფრთოვანებული „ბრავას“ ფონზე გამოდის. 

და წლის ბოლო ნაცნობობა ქართველ სპორტსმენთან, მერაბ დვალიშვილთან შედგა. ამერიკაში მცხოვრები წარმატებული სპორტსმენი, წესიერი და კანონმორჩილი ადამიანი, სპორტში უპირატესობას ანიჭებს ბრძოლას წესების გარეშე. ამერიკაში 16 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, ამას გარდა, ბრაზილიურ ჯიუჯიცუს ტურნირებშიც გამოდის და იმარჯვებს. მასალაში მის ცხოვრებას გავეცანით რინგზე და მის მიღმა…

P.S.  რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ სამომავლოდაც გაგრძელდება და გპირდებით, რომ საქართველოს მიღმა მცხოვრებ საინტერესო და წარმატებულ  თანამემამულეებზე კვლავაც მოგითხროთ. შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ და თქვენც მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრება და რჩევები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. 

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ…


ყველა ახალი ამბავი
0