ქართველი ხელოვანი ბროდვეიზე და მისი სახელგანთქმული მოწაფეები და კოლეგები

© F/B Marina Gabuniaმარინა გაბუნია
მარინა გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში "ქართველები უცხოეთში" დღეს ქართველი კონცერტმეისტერის, პიანისტ მარინა გაბუნია-ვერიესტის ამერიკულ ცხოვრებას გაგაცნობთ.

ხელოვანს რამდენიმე ბროდვეი-შოუ აქვს გაკეთებული. მის პირველ შოუს Any get your gun, რომლის მუსიკალური დირექტორი და პიანისტიც თავად იყო, ამერიკაში დიდი წარმატება ხვდა წილად. მერი გეითსის წიგნის მიხედვით დადგმულ შოუში Enevsong ქართველ ხელოვანს ცნობილ უცხოელ ვარსკვლავებთან მოუწია მუშაობა. გარდა ამისა, ქალბატონი მარინა ჯულიარდის ცნობილ სკოლაშიც ასწავლის. საქართველოში ის ბევრ ნიჭიერ მომღერალს უწევდა აკომპანემენტს, მათ შორის იყვნენ ცნობილი ვარსკვლავები ეთერ ჭყონია და ნინო სურგულაძე. საკუთარ წარმატებულ შემოქმედებით ცხოვრებაზე სასაუბროდ ქალბატონ მარინას ამერიკაში დავუკავშირდით.

– ქალბატონო მარინა, როგორ დაიწყო თქვენი ამერიკული ცხოვრების პერიოდი?

— ჩემი ამერიკული ცხოვრება 1998 წლიდან დაიწყო. თბილისის კონსერვატორიაში სიმღერის კათედრაზე ჯერ კიდევ კონსერვატორიის დამთავრებამდე ვმუშაობდი. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანაში ელემენტარული სასიცოცხლო პირობები არ იყო, და სწორედ ამიტომ მოხდა კულტურისა და სხვა სფეროებში მოღვაწე უამრავი ადამიანის ემიგრაციაში გასვლა, მათ შორის მეც აღმოვჩნდი. სახელმწიფო გამოცდაზე, რომელსაც თითქმის მთელი პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ, თამამად შემიძლია ვთქვა, საქართველოში პირველად შევასრულე პროკოფიევის “ველური ბატის ჭუკი“. ამის შემდეგ კონსერვატორიაში საოპერო კლასის კონცერტმეისტერად მიმიწვიეს. კარგად მახსოვს ჩემი პირველი სამუშაო დღე და პირველი პედაგოგი, აწ განსვენებული ნინო ცერცვაძე-მუჩელი, რომელიც ლა-სკალაში მოღვაწეობდა და იტალიაში კარიერის დასრულების შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდა. აქ მან ქართველი მომღერლებისთვის გამოცდილების გაზიარება გააგრძელა. უნდა გითხრათ, რომ მისგან მეც ბევრი რამ ვისწავლე. 

– საქართველოში თქვენ ბევრ ნიჭიერ მომღერალს უწევდით აკომპანემენტს, მათ შორის იყვნენ ცნობილი ვარსკვლავები ეთერ ჭყონია და ნინო სურგულაძე. როგორ გახსენდებათ ის დრო?

— კარგად მახსენდება, რადგან ჩემი მოღვაწეობის პერიოდში აღიარებული ვარსკვლავების კლასში ვუკრავდი. კონსერვატორიაში ქალბატონ ლამარა ჭყონიას ორივე ქალიშვილის მეცადინეობის პროცესი მახსოვს. ჩემთვის უდიდესი მაესტროს, ბატონ ნოდარ ანდღულაძის ყოველი შექება დიდი პატივი იყო. მართალია, მე მის კლასში არ მიმუშავია, მაგრამ მასთან კონტაქტში ხშირად ვიყავი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის ნამოწაფარ, უნიჭიერეს და უსაყვარლეს გულიკო კარიაულთან ვმუშაობდი. ეს, რა თქმა უნდა, ემიგრაციამდე იყო. შევეცდები მის შესახებ მოკლედ მოგიყვეთ. ქალბატონმა გულიკომ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო საოპერო სცენას ბევრი ვარსკვლავი გაუზარდა. მე მახსოვს ალა სიმონიშვილის წარმატებები, ეს უნიჭიერესი მომღერალი ამჟამად იტალიაში, მელანის სკოლაში ასწავლის. მინდა ვახსენო ულამაზესი ხმის პატრონი იანო ალიბეგაშვილი, რომელიც ლა-სკალაში მღეროდა, და კიდევ უამრავი ნიჭიერი ქართველი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო უნიჭიერესი ნინო სურგულაძე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ათწლედში სწავლობდა. ქალბატონმა გულიკომ მასთან მეცადინეობა პირადად მთხოვა, რასაც სიამოვნებით ვაკეთებდი. სამწუხაროდ, როდესაც ნინო კონსერვატორიას ამთავრებდა, სახელმწიფო გამოცდაზე მე ვეღარ დავუკარი, რადგან უკვე ემიგრაციაში ვიყავი. ქალბატონი გულიკო მასზე ხშირად მესაუბრებოდა და დარწმუნებული იყო, ნინო დიდი ვარსკვლავი იქნებოდა. 

– ბროდვეი – ეს განსაკუთრებული თემაა, ამ თეატრში ასევე ბევრ ნიჭიერ ხელოვანთან ერთად მოგიწიათ მუშაობა. რას გაიხსენებდით?

— დიახ, რამდენიმე ბროდვეი-შოუ მაქვს გაკეთებული. სიამაყით გეტყვით, რომ ჩემს პირველ შოუს Any get your gun, რომლის მუსიკალური დირექტორი და პიანისტი თავად ვიყავი, დიდი წარმატება ხვდა წილად. მისი პროდიუსერი ლინდა ბურსონი იყო, მისივე რეკომენდაციით სხვა შოუებიც გავაკეთე. ჩემი ბოლო ნამუშევარი იყო მერი გეითსის წიგნის მიხედვით დადგმული შოუ Enevsong, რომელშიც ემიგრანტების ცხოვრებაა გადმოცემული. ამ შოუში ბროდვეის ისეთ ვარსკვლავებთან მომიწია მუშაობა, როგორებიც არიან მერი ელენ ეშლი, არტურ ფრენჩი, დონალდ გროდი, ფეთ ნესბიტი და სხვები. შოუს დამდგმელი რეჟისორი ლუის მაგგრუდერი იყო. ისინი ეძებდნენ პიანისტს, რომელიც შეასრულებდა კომპოზიტორ ლერი სპივაკის მუსიკას, რომელიც ამ შოუსთვის იყო დაწერილი და ასევე კლასიკურ, კერძოდ შოპენის ნაწარმოებებსაც დაუკრავდა. პირველივე მოსმენის შემდეგ ამიყვანეს და კონკურსიც დახურულად გამოაცხადეს. თუ არ ვცდები, სულ 18 შოუ დავუკარი, რომლებიც ასევე წარმატებული იყო. 

– თქვენ საბალეტო კარიერაზე, ალბათ, ცალკე ღირს ყურადღების გამახვილება…

— ერთ-ერთი შოუს შემდეგ ჩემთან ახალგაზრდა მუსიკოსი მოვიდა მოსალოცად და აღფრთოვანებულმა მასთან ბალეტში მუშაობა შემომთავაზა. აქედან დაიწყო ჩემი საბალეტო მოღვაწეობა. მოგეხსენებათ, ბალეტი ოპერისგან განსხვავებული და არანაკლებ საინტერესო ჟანრია. ჩემი საბალეტო კარიერა დავიწყე “სიტი ბალეტის“ სოლისტთან, ხოზე ტრაბასთან, რომელიც ამჟამად ჩემი კარგი მეგობარია. ის მსოფლიოში ცნობილი ბალეტის პროფესორის, აწ განსვენებული დევიდ ჰოვარდის ნამოწაფარი გახლდათ. მოგვიანებით თავად დევიდ ჰოვარდთან ვმუშაობდი და მისი შემოთავაზებით საბალეტო მუსიკის დისკიც მაქვს გამოშვებული. ნამუშევარი ვარ 16 წლის ასაკში პრიმა ბალერინად აღიარებულ ქალბატონ გელსი კირკლანდთან, ასევე ედვარდ ელისონთან. მას უამრავი პირველი და მეორე პრიზის მფლობელი ჰყავს აღზრდილი, ასევე ვუკრავდი,,ტროკადეროში“ — ეს საკმაოდ აღიარებული მამაკაცების ბალეტია, სადაც პუანტებით ცეკვავენ. ამჟამად ფრანგულ აკადემიაში ვუკრავ. უამრავი პიანისტის ოცნებაა იმუშაოს საბალეტო სფეროში, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელებიც არიან ცნობილი მოცეკვავეები დეზმონდ რიჩარდსონი და დვაიტ როდენი. ეს ადამიანები შევლენ ისტორიაში.

– ვიცი, შემთხვევას არ უშვებთ ხელიდან, რომ უცხოელებს საქართველოზე არ მოუყვეთ, ასეა?

— ნამდვილად ასეა… ამერიკაში ერთ-ერთ უძლიერეს ჯულიარდის სკოლა-კოლეჯში ვმუშაობ. ჯულიარდში ძალიან ხშირად გაკვეთილებს სხვადასხვა შტატებსა და ქვეყნებიდან ჩამოსული ბევრი კომპანიისა და სკოლის წარმომადგენელი ესწრება.  სხვათაშორის, ჯულიარდის პროფესორის და ჰოლივუდის ვარსკვლავის პატრიკ სტუატგის მონაწილეობით გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელმაც ტრაიბეკას ფესტივალზე გაიმარჯვა, მეც ვიყავი მიწვეული. ამჯერად ამ ფილმს კინოთეატრებში აჩვენებენ. ჩემს სათაყვანებელ სამშობლოს სხვა ქვეყნის ადამიანებს შეძლებისდაგვარად ვაცნობ. მახსოვს, ერთი გაკვეთილის დროს რომელიღაც კომპანიის წარმომადგენელი იღებდა გაკვეთილს, ჩემთან მოვიდა, ხელზე მეამბორა და როდესაც გაიგო, საქართველოდან ვიყავი, გაბრწყინებული სახით მითხრა, რომ ის ეთაყვანება ბალანჩინს, იცის ნინო ანანიაშვილი და ახლა უკვე მეც მიცნობს. მახსოვს ინგლისიდან, როიალ-ბალეტიდან ჩამოსული სტუმარი, რომელმაც იცნო ერთ-ერთი ნაწარმოები ჩემი სიდიდან, გაკვეთილის ბოლოს ფეხზე წამომიდგა და მითხრა, რომ ბედნიერია, რადგან აქვს ჩემი სიდი და უკვე პირადად მიცნობს. მერწმუნეთ, ასეთი წუთებში უბედნიერესი ადამიანი ვარ…

– ქალბატონო მარინა, დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქეცით თუ არა, რომ ცხოვრების გზა ასე რადიკალურად შეცვალეთ?

— ხანდახან ვფიქრობ, რომ არა, ხან კი პირიქით… ჩემი ემიგრაცია იმდროინდელმა მდგომარეობამ გამოიწვია და ცხოვრების გზა მართლა მთლიანად შემიცვალა. არ შემიძლია და ამ დიდი ქვეყნის უმადური ვერ ვიქნები, მაგრამ ჩემი პატარა და ლამაზი საქართველო მაინც მსოფლიოს მირჩევნია. ემიგრანტისთვის უცხო ქვეყანაში ყველაფერი ძნელია, აქ, პირველ რიგში, მარტოობასთან ბრძოლა გიხდება, სულ სხვა ცხოვრება და კულტურაა, გინდა თუ არა, ყველაფერთან შეგუება და ყველაფრის სწავლა გიხდება. მათი ცხოვრების ტემპის აღქმა ადვილი არაა. საქართველოში ბევრი რამ მენატრება: ჩემი ნათესავები, მეგობრები და კოლეგები… ჩემი თბილი და ტკბილი თბილისი, თბილისური ურთიერთობები მენატრება. მოკლედ, მენატრება ყველაფერი, რაც აქ გვაკლია – სითბო და სიყვარული…

ყველა ახალი ამბავი
0