“თოჯინურ ქსელში“ გაბმული ადამიანები და მათი მოქსოვილი ორეულები

© FB/gulnara mikanadze-svanidzeგულნარა მიქანაძე
გულნარა მიქანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიაში მყოფმა ქართველმა ქალბატონმა ნოსტალგიისგან თავის დასაღწევად მეგობრების თოჯინური ორეულების ქსოვა დაიწყო და საკუთარ ნახელავებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ "ორიგინალებს“ უგზავნის.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იტალიაში მყოფმა ქართველმა ქალბატონმა ნოსტალგიისგან თავის დასაღწევად მეგობრების თოჯინური ორეულების კეთება, უფრო ზუსტად, მათი ქსოვა დაიწყო. ამ საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ მის კოლექციაში ბევრი ცნობილი ქართველის თოჯინა-ასლიც მოხვდა. მათ შორის: გივი ბერიკაშვილის, კახი კავსაძის, ლიანა ისაკაძისა და სხვების. შემდეგ ბათუმელი გულნარა მიქანაძე-სვანიძე უფრო შორს წავიდა და სრულიად უცხო ადამიანების თოჯინების კეთება მათი ფოტოების მიხედვით დაიწყო. რაც მთავარია, ამის მერე მათ საჩუქრად თავად,,ორიგინალებს“ სხვადასხვა ქვეყანაში უგზავნიდა, ასე მოედო მისი სიყვარულის გზავნილი იტალიას, საქართველოს, ამერიკას, ისრაელს, პოლონეთს… შეიძლება ითქვას, ქალბატონმა გულნარამ თავის თოჯინურ ქსელში უკვე 500-ზე მეტი ადამიანი,,გააბა“, მათ შორის, თქვენი მონა-მორჩილიც…

© FB/გულნარა მიქანაძე-სვანიძეთეონა გოგნიაშვილის ორეული
თეონა გოგნიაშვილის ორეული - Sputnik საქართველო
თეონა გოგნიაშვილის ორეული

- ქალბატონო გულნარა, იტალიაში ყოფნის დროს თქვენთვის საინტერესო ადამიანების თოჯინური ორეულების დამზადება დაიწყეთ და მერე მათ აჩუქებთ ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფორმით თქვენ სიყვარულს არიგებთ?
— დიდი მადლობა, ასეცაა ჩაფიქრებული, მაგრამ ჩემი ამბის მოყოლას შორიდან დავიწყებ. სკოლაში შრომას ტატიანა შევარდნაძე მასწავლიდა, რომელმაც ყაისნაღითა და ჩხირებით ქსოვა მეხუთე კლასიდან შემაყვარა. შემდეგ ამ საქმეს თავად ვასწავლიდი, ჯერ სკოლაში, შემდეგ,,შრომითი სწავლების მეთოდიკას" კოლეჯსა და უნივერსიტეტში. 2003 წლიდან იტალიაში ვარ, კარგად იცით, სამშობლოდან მოწყვეტილი ადამიანისთვის ნოსტალგიის ერთ-ერთი შემამსუბუქებელი საშუალება სოციალური ქსელია. რაც შეეხება ჩემს თოჯინებს, პირველად მათი კეთების სურვილი კობა ჭუმბურიძის საინტერესო ნოველების კითხვის დროს გამიჩნდა. ერთ–ერთი ასეთი ნოველა ზღვის შესახებ იყო. მეც, ბათუმის ზღვას მონატრებულმა, თოჯინები საზღვაო კოსტუმებში გამოწყობილი მოვქსოვე. ისეთი საინტერესო გამოვიდა, რომ ბევრს სურვილი გაუჩნდა, მათი თოჯინაც მომექსოვა.
– სულ რამდენი ორეული დაამზადეთ და რომელ ქვეყნებშია თქვენი თოჯინები?
— თოჯინები, რომლებიც რეალური ადამიანების ორეულებია, სულ 386-ია. ცალკე კონკურსისთვის “ლექსების გამოფენა” და სხვადასხვა ნოველისთვის 93 თოჯინა დავამზადე, ზღაპრების პერსონაჟებიც მაქვს დამზადებული და ბევრი სხვაც. ჩემი თოჯინები გავაგზავნე: ამერიკაში, ისრაელში, პოლონეთში და სხვაგან. ბევრი ცნობილი ადამიანის თოჯინაც მაქვს მოქსოვილი, მათ შორისაა: კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი,,,ოთხი გია“,,,ქუჩის მუსიკოსები“,,,თეთრი ბაირაღების“ მსახიობები, გურამ ჯაში, ნინაკა გელაშვილი, მამუკა ონაშვილი, თემურ ცაგურია, ვლად არამოვი, ინგა გრიგოლია, ეკა ხოფერია, ვანო ჯავახიშვილი, ანრი ჯოხაძე, ლიანა ისაკაძე, იტალიელი მსახიობები. მოკლედ ყველას რას ჩამოვთვლი…

© FB/gulnara mikanadze-svanidzeგულნარა მიქანაძის თოჯინები
გულნარა მიქანაძის თოჯინები - Sputnik საქართველო
გულნარა მიქანაძის თოჯინები

– ქალბატონო გულნარა, ვიცი, გამოფენა იტალიაშიც გქონდათ, მაინტერესებს, როგორი იყო ყველაფრის მნახველი იტალიელების რეაქცია, შეძელით მათი გაოცება?
– იტალიაში წელს მესამე გამოფენა მქონდა. იტალიელებს მოეწონათ ჩემი ნახელავი და უკვირთ, ასე პატარა თოჯინებს რეალურ არსებებს მხოლოდ მათივე ფოტოებიდან რომ ვამსგავსებ. გასაყიდად თოჯინებს ვერ ვიმეტებ, მათ მეგობრებს და სრულიად უცხო ადამიანებსაც ვჩუქნი ხოლმე. ჩემი სამივე გამოფენა იტალიაში, ჩეჯაში (ვენეციის რაიონია) ჩატარდა. ამ ზეიმისთვის ადგილობრივები კარვებს შლიან და ვისაც რაიმე აქვს ხელნაკეთი ან ტკბილეული, გამოფენს ხოლმე. მეც ჩემი თოჯინების გამოფენას ამ დღეს ვაწყობ.

© FB/gulnara mikanadze-svanidzeთოჯინების გამოფენა
თოჯინების გამოფენა - Sputnik საქართველო
თოჯინების გამოფენა

– ალბათ, რაც უფრო მცირე ზომისაა თოჯინა, მით უფრო რთულია მისი დამზადება?
— ადვილი არ არის. ჩემს მინიატურულ თოჯინებს ხელოვნური ძაფით ვქსოვ და მათში ხელოვნურ ბამბას ვათავსებ, რადგან ნატურალური უფრო მძიმეა და თანაც მალე ფუჭდება. ასე რომ, ჩემი თოჯინები მომხიბვლელობას წლობით ინარჩუნებენ. მათ კიდურებში მავთული აქვთ დატანებული, ასე რომ, ისინი თოჯინური ანიმაციური ფილმებისთვისაც გამოდგება.
– ვიცი, რომ იტალიაში თქვენი წიგნი გამოვიდა…
– წელს გამოვიდა ჩემი წიგნი "დაუვიწყარი ერთი წელიწადი", ის ცხოვრებისეულია და მასში ყველა თაობის მკითხველი მისთვის საჭირო ჭკუის სასწავლებელ ამბავს აღმოაჩენს. წიგნის სიუჟეტი ასეთია: მშობლები მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ და 11 წლის გოგონას ბებია–ბაბუასთან უწევს დარჩენა. ის დღიურის წერას იწყებს, რათა დედას მისი ცხოვრების განვლილი ერთი წლის ამბავი გააცნოს.
– რას უსურვებთ თოჯინებად ქცეულ თქვენს რეალურ თუ ვირტუალურ მეგობრებს?
– თოჯინებად ქცეულ ჩემს მეგობრებს კეთილი გულით ვლოცავ, იხარეთ, იმრავლეთ, დაგელოცოთ კერია და ყველა კეთილისმყოფელი. მიხარია, რომ ჩემი თოჯინები სიხარულს განიჭებენ, რადგან მე მათ სიყვარულით ვაკეთებ…

ყველა ახალი ამბავი
0