ბათუმელი მხატვარი, რომელიც ესპანეთის მოხუცთა თავშესაფარში მუშაობს და მონატრებული ზღვა

© FB/Tamila Devadzeთამილა დევაძე
თამილა დევაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორეულ ესპანეთში ბათუმის ქუჩები და ზღვის სურნელი ენატრება. მის ნახატებში მეხსიერებაში შემორჩენილი ბათუმის პეიზაჟები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ესპანურმა მთა-გორებმა ჩაანაცვლა... ბათუმელი მხატვარი თამილა დევაძე ესპანეთში მედდის პროფესიას დაეუფლა და ახლა ხანდაზმულთა თავშესაფარში მუშაობს.

თუმცა ამას მისი შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია და 2013 წელს ესპანეთში თამილა დევაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.

– თამილა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ემიგრაციის მერე?
— პირველად ესპანეთის პატარა ქალაქ არნედოში ჩამოვედით, სადაც დაახლოებით 15 ათასი მოსახლეა, მათ შორის 600 ოჯახი ქართველების დასახლებაა. რა შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში? რა გითხრათ? ზოგი რამ უკეთესობისკენ, ზოგიც ცუდისკენ. მოდი, ცუდით დავიწყებ, რომ კარგით დავასრულო. მე და ჩემი მეუღლე ემიგრაციაში ცუდ დროს წამოვედით, მაშინ, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ომი დაიწყო, ანუ 2008 წლის ზაფხულში. ყველაზე მეტად იმას ვნერვიულობდით, რომ საქართველოში ოჯახის წევრები დავტოვეთ. პრობლემა იყო, რომ ენა არ ვიცოდი და ყველა მენატრებოდა, განსაკუთრებით, ჩემი შვილები… მაგრამ ღმერთის წყალობით კრიზისი მალე გადავლახეთ და ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ეს ამ ქვეყანის დამსახურებაა. ესპანეთი ემიგრანტებს დიდ პრივილეგიებს აძლევს საიმისოდ, რომ თუ მონდომებული ხარ, მიზანს მიაღწიო. ჩვენ ესპანური ენის შემსწავლელ კურსებზე ჩავეწერეთ. სამ თვეში ენაც კარგად ავითვისეთ, სამსახურიც ვიშოვეთ და ვალებიც გავისტუმრეთ. მოკლედ, ჩვენი რვაწლიანი ემიგრანტული ცხოვრებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვართ… პრინციპში, ემიგრანტებადაც აღარ ვითვლებით, რადგან მეც და ჩემს მეუღლესაც უკვე ესპანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების 5-წლიანი საბუთი გვაქვს.

© FB/Tamila Devadzeავტორი - თამილა დევაძე
ავტორი - თამილა დევაძე - Sputnik საქართველო
ავტორი - თამილა დევაძე

– ეს რაც შეეხება ემიგრანტულ ყოფას, შემოქმედებითი თვალსაზრისით საინტერესო რა ხდებოდა?
— აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან სულ ვხატავდი და ბევრი ნახატი დამიგროვდა. 2013 წელს ჩვენ ქალაქში, არნედოში ჩემი პერსონალური გამოფენაც მოვაწყვე. იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ჩემს ნამუშევრებს უფრო დიდ ქალაქებშიც გამოვფენ. ამას ბევრი შრომა სჭირდება. მეც სულ ვშრომობ და ვცდილობ, ღმერთის დახმარებით ოცნებები ავისრულო.
– ახალი თემები თუ გაჩნდა თქვენ ნახატებში?
— არნედო მთაგორიანი პატარა ქალაქია და ირგვლივ სულ ვენახები და ხეხილის მინდვრებია. თავიდან ამ ქალაქს ვერ შევეგუე, რადგან სადაც გავიხედავდი, ყველგან ზღვა მელანდებოდა. არ მეგონა, ბათუმის გარდა სხვა ქალაქში თუ ვიცხოვრებდი. ზღვა და ზღვის სურნელი დღემდე მენატრება… ადრე თუ მარტო ბათუმის ქუჩებსა და ზღვაში მზის ჩასვლის პეიჟაჟებს ვხატავდი, მერე ისინი არნედოს ვიწრო ქუჩებმა, მთაგორიანმა პეიზაჟებმა და ესპანური ცხოვრების ეპიზოდებმა ჩაანაცვლა. ნახატებს ზეთში ვხატავ. ახლა გამახსენდა, როცა პირველი ხელფასი ავიღე, იმ ფულით საღებავები, ფუნჯები, ტილოები, ფანქრები და ხატვისთვის აუცილებელი ნივთები შევიძინე. სახლში ერთი კუთხე მოვაწყვე და საღამოობით სამსახურიდან როგორი დაღლილიც უნდა მოვსულიყავი, იმის დროს მაინც გამოვნახავდი, რომ თუნდაც ნახევარი ან ერთი საათი დამჯდარიყავი და მეხატა. ასე ვარ დღემდე. ამით ჩემ სამყაროში ვვარდები და სულიერად ვმშვიდდები, პრობლემები მავიწყდება, მონატრება და ნოსტალგია მიქარწყლდება. შემიძლია ღამის 3 ან 4 საათამდე ვხატო… ზოგჯერ ისე გარბის დრო, რომ თავზე მათენდება… 7 საათზე კი სამსახურში ვარ წასასვლელი, ანუ ხატვისას დროს ვერ ვსაზღვრავ. ხატვა ისეთ ბედნიერებას მანიჭებს, რომ ალბათ ცხოვრების ბოლომდე გავაგრძელებ. როგორც ყველა მხატვარს, მეც მაქვს ხატვის ჩემეული სტილი. ვხატავ ყველაფერს, რაც ფანტაზიაში მიჩნდება. ესაა პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები, ასევე აბსტრაქციული ნამუშევრებიც მაქვს. ადრე აკვარელში ქაღალდზე ვხატავდი და გობელენებსაც ვაკეთებდი. ჩემი პირველი ესპანური შთაბეჭდილება, რაც ტილოზე გადავიტანე, იყო სიუჟეტი, სადაც ესპანელი ტორეადორი ხარს კლავს…

© FB/Tamila Devadzeსტატია ესპანურ გაზეთში, რომელიც ქართველი მხატვრის გამოფენას მიეძღვნა
სტატია ესპანურ გაზეთში, რომელიც ქართველი მხატვრის გამოფენას მიეძღვნა - Sputnik საქართველო
სტატია ესპანურ გაზეთში, რომელიც ქართველი მხატვრის გამოფენას მიეძღვნა

– ესპანეთში ყოფნისას თქვენ პრაგმატული საქმეც — მედიცინის მუშაკის საქმიანობა აითვისეთ.
— პროფესიის შეცვლა არასდროს მიფიქრია და ალბათ ვერასდროს შევიცვლი. უბრალოდ, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, ენა და ადგილობრივი ადათ-წესები არ იცი, ძნელია ცხოვრება. ამიტომ პირველივე სამსახური, რაც გამომიჩნდა და სადაც საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე, იყო ესპანური ოჯახი, სადაც მოხუცი ცოლ-ქმარი ედუარდო და იზაბელი ცხოვრობდნენ. ორივე ერთი ასაკის, 83 წლის იყო. მათ საკუთარი ოჯახის წევრივით მიმიღეს და დახმარება ყველაფერში გამიწიეს.
– ამჟამად მოხუცთა თავშესაფარში მუშაობთ?
— დიახ, როცა მუშაობის უფლების დამადასტურებელი საბუთი ავიღე, გადავწყვიტე სწავლა გამეგრძელებინა. ეს ქვეყანა გაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა ასაკში ისწავლო. მას შემდეგ, რაც მოხუცებთან მუშაობის გამოცდილება მივიღე, გადავწყვიტე დამხმარე ექთნის კურსები გამევლო. როგორც კი დიპლომი ავიღე, რეზიდენციიდან, ანუ მოხუცთა თავშესაფრიდან მალევე დამირეკეს. რეზიდენცია ჰოსპიტლის მსგავსი სახლია, სადაც ასაკოვანი ადამიანები, მეტწილად შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები მოჰყავთ. თუმცა მათ შორის ნორმალური და ჯანსაღი მოხუცებიც არიან, უბრალოდ, მათ შვილი ან ოჯახის წევრი არ ჰყავთ. ევროპაში მოხუცებს ისეთი დიდი პენსია აქვთ, რომ საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, როგორც უნდათ და სადაც უნდათ, იქ იცხოვრონ. მათ იმ რაოდენობის ფული აქვთ გადანახული, რომ დანაზოგით სიბერეში მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებას ირგებენ. ჩვენ ქვეყანაში კი მოხუცებს ისეთი სამარცხვინო პენსია და ცხოვრება აქვთ, რომ მახსენდება, მეტირება… მოკლედ, დღეს ორი პროფესიის მქონე პიროვნებად ვითვლები. სამომავლოდ ვინ იცის, იქნებ 40 წლის ასაკში კიდევ ახალი რამის სწავლა გადავწყვიტო? რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ არც ესაა გამორიცხული…

© FB/Tamila Devadzeავტორი - თამილა დევაძე
ავტორი - თამილა დევაძე - Sputnik საქართველო
ავტორი - თამილა დევაძე

– ქართულ-ესპანურ პარალელებზე რას იტყვით?
— ესპანელები ძალიან თბილები და გახსნილები არიან, რაც ქართველებსაც გვახასიათებს. აქაურობა მდიდარია ყურძნით — როგორც კახეთის მხარე, ხილით (კერძოდ, ვაშლით) – როგორც ჩვენი გორი და ციტრუსებით — როგორც აჭარა და სამეგრელო. ზღვისპირა ქალაქები ულამაზესი და ენით აუწერელია. საერთოდ, ქართველებს ბასკების მხარეში მცხოვრებ ესპანელებს უფრო ამსგავსებენ. ამბობენ, რომ იქაური მამაკაცებიც ქართველებივით ტემპერამენტიანები არიან. ადგილობრივები თუ კეთილი თვალით შემოგხედავენ, შეუძლიათ მხარში ბოლომდე ამოგიდგნენ, რაც ჩვენც გვახასიათებს. გემრიელი სმა-ჭამა მათაც უყვართ, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ზომიერების გრძნობა არ ღალატობთ. დროის ფასი იციან. მჯერა, ოდესმე ქართველებიც დავაფასებთ დროს და შრომაც უფრო გვეყვარება. მერე წესრიგიც თავისთავად დამყარდება. აქ, მართალია, ევროპულ მშვიდ ცხოვრებას მივეჩვიე, მაგრამ სამუდამოდ დავრჩებით თუ არა, არ ვიცი. მინდა მალე დადგეს ის დღე, როცა ყველანი საკუთარ ქვეყანაში დავბრუნდებით და იქ მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებთ…

ყველა ახალი ამბავი
0