ქართველი ბოდიბილდერი ესპანეთში მუსიკალურ კლიპებსა და ბრიტანულ სერიალში გადაიღეს

© FB/Ika Toreliირაკლი თორელის ესპანური ცხოვრების ამბავი
ირაკლი თორელის ესპანური ცხოვრების ამბავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა ,,ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ესპანეთში პოპულარულ ქართველ ბოდიბილდერს ირაკლი თორელს გაგაცნობთ.

ესპანეთში, სადაც ათი წელი ცხოვრობს ჯორჯიო ტორელით იცნობენ. თუმცა ამ სახელის დამკვიდრებამდე ემიგრანტის რთული ცხოვრება, რომ იტყვიან, სრული პაკეტით გაიარა… დღეს უკვე მალაგას ჩემპიონი, ანდალუსიისა და ესპანეთის პრიზიორია და ამ სფეროს ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს. პოპულარულ ბოდიბილდერს, რომელიც მუსიკალურ კლიპებში გადაიღეს, ესპანელები ქუჩაშიც ცნობენ. დახვეწილი გარეგნობის ქართველი ლონდონიდან ესპანეთში ჩამოსულმა რეჟისორებმაც შეამჩნიეს და ბრიტანულ ტელესერიალში გადაიღეს. ასეთია მოკლედ ქართველი ირაკლი თორელის ესპანური ცხოვრების ამბავი.

© FB/ Ika Toreliირაკლი თორელი
ირაკლი თორელი  - Sputnik საქართველო
ირაკლი თორელი

- ირაკლი, ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ვიცი, რომ ადრე ფეხბურთით იყავით გატაცებული, მაგრამ ტრავმის გამო ვარჯიში ვეღარ გააგრძელეთ.

— დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი ყოველთვის მქონდა,მინდოდა ჩემით მიმეღწია ყველაფრისთვის ისე, რომ არავის დახმარება არ დამჭირვებოდა. როდესაც საზღვარგარეთ წასვლა გადავწყვიტე, ხან სად ვმუშაობდი, ხან სად. ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად მუშაობა მიწევდა, რათა ვიზის გასაკეთებლად საჭირო თანხა მომეგროვებინა. იმ პერიოდში ვიზებს ასე მარტივად არ გასცემდნენ და ეს საკითხი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. სიმართლე გითხრათ, ქვეყნიდან მივდიოდი და არც ვიცოდი სად ან ვისთან,  ან რა უნდა მეკეთებინა. ჩემმა ოჯახმა იცოდა, რომ ესპანეთში მეგობრები მხვდებოდნენ.ისინი სამსახურსაც დამახვედრებდნენ და ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიქნებოდი. არადა, ამის თქმა იმიტომ დამჭირდა, რომ სხვა შემთხვევაში ვიცოდი, ჩემიანების დათანხმება ძალიან გამიჭირდებოდა. 

- დღეს ესპანეთში ჯორჯიო ტორელის სახელით ხართ პოპულარული, მაგრამ  საქართველოში სამწუხაროდ ბევრი არ გიცნობთ. როგორ მოხდა, რომ ესპანელებს ასე შეაყვარეთ თავი? 

— უკვე 10 წელზე მეტია,  ესპანეთში ვცხოვრობ. მახსოვს საკუთარ თავზე მუშაობა ჩამოსვლისთანავე დავიწყე და 180 გრადუსით შევცვალე ჩემი ცხოვრება, სრულიად სხვა პიროვნებად ვიქეცი. ძალიან კომუნიკაბელური გავხდი. ამის წყალობით ბევრი მეგობარი შევიძინე — არა მხოლოდ ესპანელი, აქ ჩამოსული ტურისტებიც გავიცანი, რომლებთან ახლაც მაქვს კონტაქტი. უკვე რამდენიმე პროფესიას ვფლობ, ზოგ შემთხვევაში თვითნასწავლი და ზოგ შემთხვევაში სერთიფიცირებული ვარ. თავიდან  მასაჟისტად ვმუშაობდი, ამის კურსები ჯერ კიდევ საქართველოში გავიარე და შემდეგ უკვე აქ კვალიფიკაცია ავიმაღლე. ფოტოგრაფადაც ვმუშაობდი. ფოტოშოპი და სხვა საჭირო პროგრამები შევისწავლე. თურმე მსახიობური ნიჭიც აღმომაჩნდა, რადგან პირველად რომ გადამიღეს მუსიკალურ კლიპში, რეჟისორს ძალიან მოვეწონე, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელო როლი მქონდა. ჩემი ძირითადი საქმიანობა ადამიანების მოტივირება და მათი ჯანსაღი ცხოვრების გზაზე დაყენებაა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ჩემი დასახული მიზნების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და დღესაც ვაკეთებ. სწორედ ჩემმა მონდომებამ და საქმიანობამ განაპირობა ჩემი ასე თუ ისე ცნობადობა ესპანეთში.

© FB/ Ika Toreliირაკლი თორელი
ირაკლი თორელი - Sputnik საქართველო
ირაკლი თორელი

- ირაკლი, ამჟამად სად ვარჯიშობთ და ესპანეთის რომელ ქალაქებში გამოდიხართ? 

— კონტრაქტი გაფორმებული მაქვს 4 სავარჯიშო ცენტრთან, სადაც შემიძლია ვარჯიშის მსურველები მივიყვანო და მეც ვივარჯიშო. რადგან ერთხელ უკვე გავხვდი მალაგას ჩემპიონი, ანდალუსიის და ესპანეთის პრიზიორი,  ამ სფეროს ნებისმიერ ტურნირში შემიძლია მონაწილეობის მიღება, არჩევანი —ჩემზეა. 

- ვიცი, კლიპებში გადაგიღეს, ბოლოს რა საინტერესო შემოთავაზება გქონდათ? 

— ორ მუსიკალურ კლიპში უკვე მივიღე მონაწილეობა, შარშან გადამიღეს ინგლისურ ტელესერიალში, სადაც მცირე როლი მქონდა. პატარ-პატარა შემოთავაზებები მაქვს სამოდელო-სარეკლამო სფეროშიც, თუმცა დროის სიმცირის გამო რამდენად დავთანხმდები, არ ვიცი.

- როგორ თვლით, ბედი განაგებს ადამიანს თუ თავისი ცხოვრების ამბავს ყველა თავად წერს? 

- მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანს აქვს ბედი, მთავარია, მისი გამოყენება შეგვეძლოს. ადამიანი მიზანდასახული უნდა იყოს, არ უნდა შეუშინდეს იმედგაცრუებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აუცილებლად შეგვხვდება. ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდა, რომელსაც თუ წარმატებით ჩავაბარებთ, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. აქამდე რომ მოვსულიყავი, დიდი სირთულეები და გაჭირვება გამოვიარე, მაგრამ არაფერს ვნანობ და არც არაფერს შევცვლიდი. რადგან ვთვლი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და აქ ცხოვრებამ ძალა შემმატა. წელს განსაკუთრებით გავძლიერდი, რადგან ჩემი ძმა მყავს უკვე გვერდში- ვთვლი, რომ უკვე ორი ვარ!… 

© FB/ Ika Toreliირაკლი თორელი - ვარჯიში სანაპიროზე
ირაკლი თორელი -  ვარჯიში სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ირაკლი თორელი - ვარჯიში სანაპიროზე

- დღეს ვინ უფრო ხართ — ირაკლი თორელი თუ ჯორჯიო ტორელი?

— ჯორჯიო მეგობარმა გოგომ შემარქვა, რადგან ირაკლის გამოთქმა უჭირდა. ასე შემრჩა ეს სახელი და გვარი… რა თქმა უნდა საქართველო ყოველთვის იქნება ჩემი სამშობლო და ჩემს ქართველებს ყოველთვის, რითაც შემეძლება დავეხმარები. ჩემს სამომავლო გეგმებში ბიზნესის თვალსაზრისით საქართველოც შედის, თუმცა ეს გეგმა რომ განვახორციელო, ჯორჯიო ტორელი უნდა ვიყო, სამწუხაროდ რეალობა ჯერჯერობით ასეთია. 

- მე ორივეს-ჯორჯიოსაც და ირაკლისაც ერთნაირად გისურვებთ გამარჯვებას…

ყველა ახალი ამბავი
0