ქართველი ემიგრანტი მხატვარი, რომელიც „დარტყმით“ და სამშენებლო საღებავებით ხატავს

© FB/გიორგი ცინცაძეგიორგი ცინცაძე
გიორგი ცინცაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვარ გიორგი ცინცაძის ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად მოხდა. წლების წინ ერთ მშვენიერ დღეს მწვანე ბარათი მოიგო და დასახლდა ამერიკაში, სადაც მისი ცხოვრება და პიროვნება რადიკალურად შეიცვალა.

ბავშვობაში მეხსიერებაში დალექილი ხელოვნების სიყვარული ერთბაშად გამომჟღავნდა, მანამდე მხატვრობაზე სერიოზულად არც უოცნებია. ხელში ფუნჯი აიღო და ისე, რომ ტილოს არ შეხებია, ხატვას (მისი სიტყვებით „სროლით ხატვას“) შეუდგა. დაახლოებით ხატვის ამგვარი მანერის ერთ-ერთ ფუძემდებლად ამერიკელი მხატვარი ჯექსონ პოლოკი ითვლება, რომელიც ტილოზე საღებავის „დაწვეთებით“ ან „დასხმით“ ხატავდა. მოგვიანებით გიორგი ცინცაძემ „სროლით ხატვა“, როგორც თავად ამბობს, „დარტყმის“ ტექნიკით, ხოლო აკვარელის საღებავები აკრილის სამშენებლო საღებავებით ჩაანაცვლა. პირველი საერთაშორისო აღიარება 2013 წელს ჰქონდა მილანში ჩატარებულ კონკურსზე, სადაც საქართველოს სახელით გამოდიოდა და პირველი ადგილი აიღო. ცხოვრებასა და შემოქმედებაზე სასაუბროდ გიორგის ამერიკაში დავუკავშირდით.

– გიორგი, როგორც ამბობთ, ყველაფერი ამერიკაში დაიწყო…

— ჩემს ამბავს მოკლედ მოგიყვებით: საქართველოში ტრადიციულ ქართულ მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე. ხელოვნების სიყვარული მშობლებმა პატარაობიდანვე ჩამინერგეს, თუმცა მაშინ მათ შრომას ნაყოფი არ გამოუღია. ყველაფერი მართლაც აქ, ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო. 33 წლის ვიყავი, როცა საქართველო პირველად დავტოვე. გიორგობის დღესასწაულზე მწვანე ბარათი მოვიგე და 2008 წლის 25 დეკემბერს, კათოლიკური შობის დღესასწაულზე ნიუ-იორკში ჩამოვედი, სადაც დღემდე ვცხოვრობ.

© FB / გიორგი ცინცაძეგიორგი ცინცაძის ნამუშევრების გამოფენა
გიორგი ცინცაძის ნამუშევრების გამოფენა - Sputnik საქართველო
გიორგი ცინცაძის ნამუშევრების გამოფენა

თავიდან არ იყო ადვილი ახალ გარემოსთან შეგუება, ყველაფერს სამშობლოსა და ახლობელი ადამიანების მონატრება ამძაფრებდა, თუმცა ნელ-ნელა შევეგუე და, ახალ რეალობასთან პირისპირ დარჩენილმა, გადავწყვიტე ბედი მეცადა. პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა (ეს კერძო ბიზნესი იყო), რის შემდეგაც მოვხვდი კომპანია "ბორჯომში", რაც ამერიკაში ჩემი პირველი სამსახური იყო. მახარებდა და მეამაყებოდა ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყანაში ქართულ საქმეს ვემსახურებოდი. თუმცა ვგრძნობდი, ეს არ იყო ის, რასაც ვეძებდი და გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა სულ მდევდა. სამხატვრო განათლება არ მაქვს მიღებული, უცხო ენებზე ვსწავლობდი. ხატვა ბავშობის გატაცება იყო, რითიც პერიოდულად ვიქცევდი თავს. აქედან გამომდინარე, საქართველოში ყოფნის დროს ამაზე სერიოზულად არ მიფიქრია, თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი ნამდვილი მოწოდებითა და ცხოვრებით არ ვცხოვრობდი.

– მიმდინარეობას, რომელსაც აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი ჰქვია, „სროლით ხატვას“ ეძახით.

— ესაა მიმდინარეობა, როცა ტილოს ფუნჯი არ ეხება. მის ერთ-ერთ დამაარსებლად ამერიკელი მხატვარი ჯექსონ პოლოკი ითვლება. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ ეს ფაქტობრივად არავის გაუგრძელებია. ღვთისგან მოცემული ნიჭის წყალობით ამ მიმდინარეობის "რეინკარნაცია" და შემდგომში მისი ჩემებური, ინდივიდუალური გზით განვითარება შევძელი. ამ მიმდინარეობაში სიახლეები შევიტანე. ხატვის დაწყებამდე ვაკეთებ ფონს, რაც ნამუშევარს უფრო მეტ სიღრმეს აძლევს. ნახატების ბოლო სერიაში სროლა დარტყმის ტექნიკით შევცვალე, რაც სულ ორიოდე თვის წინ აღმოვაჩინე და რამაც აბსოლუტურად სხვა ინდივიდუალური მიმართულება და სახე შექმნა.

– წარმომიდგენია ამგვარი ხატვის პროცესი როგორი შთამბეჭდავი სანახავი იქნება, ასეა?

— ნამდვილად ასეა, ადგილი, სადაც ვხატავ, ნამდვილ ბრძოლის ველს ემსგავსება ხოლმე. სახატავად ძირითადად ტილოს ვიყენებ, თუმცა დასაწყისში ვხატავდი ყველაფერზე, რაც ხელში მომხვდებოდა, მაშინ ეს მუყაოს ნაჭრები იყო. ჩემი პირველი ნახატების სერიაც სანაგვეზე გადასაგდებად განწირულ მუყაოს ნაჭრებზეა შექმნილი, რასაც პირობითად Garbage Art, ანუ "ნაგვის მხატვრობა" დავარქვი. თუმცა დროთა განმავლობაში მდგომარეობა გაუმჯობესდა და დღეს ჩემს ძირითად სახატავ მასალას ტილო და მუყაო წარმოადგენს. საღებავებს რაც შეეხება, ვიყენებ არა სამხატვრო, არამედ სამშენებლო, აკრილის საღებავებს, რაც ნებისმიერ კლიმატურ პირობებში ძალიან გამძლეა და იმ ტექნიკით სახატავად, რომელსაც ვიყენებ, იდეალურია.

© გიორგი ცინცაძეგიორგი ცინცაძის ნამუშევრების კოლაჟი
გიორგი ცინცაძის ნამუშევრების კოლაჟი - Sputnik საქართველო
გიორგი ცინცაძის ნამუშევრების კოლაჟი

– თქვენ ოჯახში, თურმე, ხშირად იკრიბებოდნენ საინტერესო ხელოვანი ადამიანები…

— პირველი პედაგოგი, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს ხელოვნად ჩამოყალიბებაში, დედა იყო. ჩვენ სახლში იდეალური გარემო იყო, რადგან აქ მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, სასულიერო პირები, ფილოსოფოსები თუ უბრალოდ პატრიოტები და მამულიშვილები იყრიდნენ თავს. სულიერი თუ ინტელექტუალური საზრდოთი პატარაობიდანვე განებივრებულები ვიყავით. 5-6 წლის ასაკში უკვე კარგად ვიცნობდი მსოფლიოს ლეგენდარულ მხატვრებს, შემეძლო ნახატების მიხედვით მეთქვა, ვინ იყო მათი ავტორი. შემდგომში ძალიან დავუახლოვდი მამის ახალგაზრდობის მეგობარს, დღემდე მოქმედ და ცნობილ მხატვარს, ბატონ გელა ზაუტაშვილს, რომელიც ამჟამად თბილისში მოღვაწეობს და ძველი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვანია. საქართველოში ყოფნის დროს ბატონი გელას სახელოსნოში დიდ დროს ვატარებდი. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მასთან ურთიერთობამ ჩემ არჩევანზე დიდი გავლენა იქონია. ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: 2001 წლის 19 აგვისტოს, მისი დაბადების დღეს მას ვაჩუქე აკვარელის საღებავებით დახატული ჩემი ნახატი, რომელსაც ერქვა "ერთ დღესაც მოვიდა მაილს დევისი". არ დამავიწყდება მისი სიტყვები: "შენ ძალიან კარგი მხატვარი იქნებოდი". ამან რაღაცნაირად შემძრა, თან მეამა, თან გული დამწყვიტა, როცა ამხელა დაკარგულმა დრომ თვალწინ ჩამიარა და გულში წარმოვთქვი: "ვიქნები, აუცილებლად ვიქნები-მეთქი!"

– პირველი საერთაშორისო წარმატება სად გქონდათ?

— ეს იტალიაში იყო, სადაც ერთ გამოფენაში მქონდა მიღებული მონაწილეობა. ეს იყო 2013 წელს მილანში, სადაც მსოფლიოდან წარდგენილ 28 მხატვარს შორის შესარჩევი კონკურსის მეშვეობით მოვხვდი. მილანში წასვლა ვერ მოვახერხე, მხოლოდ ნახატი გავგზავნე, გამოფენა 20 დღე გაგრძელდა და საბოლოოდ საქართველოს სახელით პირველი ადგილი ავიღე. ეს იყო ჩემი პირველი წარმატება. მას მერე ბევრი მოწვევა მივიღე მსოფლიოს წამყვანი გალერეებიდან, თუმცა უსახსრობის გამო მათში მონაწილეობის მიღება ვერ მოვახერხე. 2013 წლიდან დღემდე საკმაო დიდი ჩავარდნა მქონდა დროის თვალსაზრისით, თუმცა 8 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართული გამოფენის წყალობით ეს ნავსი გატყდა და, იმედი მაქვს, ასეთი დიდი პაუზა ჩემ შემოქმედებაში აღარ გამეორდება. ამ ორიოდე წლის წინ ბატონ დავით ზალკანიანის პირადი მონდომებითა და ჩვენი ელჩის, ბატონი არჩილ გეგეშიძის მიწვევით ვაშინგტონში ვიყავი ჩასული და ჩვენს საელჩოს საჩუქრად გადავეცი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, რომელიც დღეს მისი შენობის კედელს ამშვენებს.

© FB / გიორგი ცინცაძეგიორგი ცინცაძის ნამუშევრების კოლაჟი
გიორგი ცინცაძის ნამუშევრების კოლაჟი - Sputnik საქართველო
გიორგი ცინცაძის ნამუშევრების კოლაჟი

– დღეს უკვე აქტიური შემოქმედებითი პერიოდი გაქვთ, რადგან ბევრ სხავადასხვა გამოფენაში იღებთ მონაწილეობას…

— ნამდვილად ასეა. არც ისე დიდი ხნის წინ მონაწილეობა მივიღე ამერიკაში ჩატარებულ რიგით მეოთხე გამოფენაში. ოქტომბერში ჩემი გამოფენა ნიუ-იორკის ქართული სკოლა-ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა. ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იყო. მისი გამართვის შემოთავაზება მივიღე ქალბატონ ცუცა კაპანაძისგან, რომელიც ამ სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელია. გამოფენაზე ჩემი 50-მდე ძველი და ახალი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. შემოსული თანხის ნაწილი ამავე სკოლა-ბიბლიოთეკას გადაეცა, ნაწილი მოხმარდება ახალ გამოფენას, რომელიც ამერიკულ გალერეაში ჩატარდება. ამ თვის ბოლოს მონაწილეობას ვგეგმავ ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის მიერ გამართულ კვირეულში, რომლის ორგანიზატორიც ქალბატონი ელიზა აბელაშვილია. სულ ახლახან ჩვენ გენერალურ კონსულთან მქონდა შეხვედრა და 2017 წლის დასაწყისში ნიუ-იორკში, საქართველოს საკონსულოს შენობაში ჩემი კიდევ ერთი გამოფენა დაიგეგმა. ასე რომ, ოდესღაც რომ დავიქადნე და საკუთარ თავს დავპირდი — მხატვარი ვიქნები-მეთქი, სინამდვილეში ავასრულე და მომავალშიც კიდევ ბევრ წარმატებას ველი…

ყველა ახალი ამბავი
0