საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები წინასაარჩევნო რბოლის ლიდერების — ხუთი-ექვსი პარტიისა და ბლოკის — გამოკვეთის საშუალებას იძლევა, მაგრამ ძალთა მომავალ განლაგებაზე პროგნოზს საკუთარ თავზე არავინ იღებს.
პარლამენტში „ჩვეულებრივი უმრავლესობა“ – 75+1 მანდატი პრემიერობის კანდიდატის წარდგენის საშუალება იძლევა, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. მაგრამ პარლამენტში აბსოლუტურ ძალაუფლებას „საკონსტიტუციო უმრავლესობა“ იძლევა — ესაა ყველა სადეპუტატო მანდატის სამი მეოთხედი, ანუ 113 მანდატი.
მთავარი ინტრიგა ისაა, შეძლებს თუ არა რომელიმე პოლიტიკური ძალა პარლამენტში უმრავლესი ადგილის მიღებას ან მსგავსი შეხედულებების პარტიებთან კოალიციის ჩამოყალიბებას. აქ კი გადამწყვეტია შეხედულებები ქვეყნის კურსზე, მათ შორის, საგარეო პოლიტიკურ კურსზე.
საქართველოს პოლიტიკა დღეს
ამჟამად საქართველო აქტიურად ავითარებს ურთიერთობებს დასავლეთთან და აცხადებს, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობა სურს. ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ელოდება.
გარდა ამისა, საქართველო „ნატოს ასპირანტი“ ქვეყანაა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მისთვის ზომათა სპეციალური პაკეტი შეიმუშავა, რომელიც მის ალიანსში მისწრაფებას უწყობს ხელს.
ამასთან, მოქმედი ხელისუფლება, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და მის ჩრდილოელ მეზობელს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღარ წარმოებს და ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს.
ერთი იმედი ყველასთვის
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია და ბლოკი ერთ რამეში თანხმდება: უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოგვარდეს კონფლიქტები ქვეყნის ტერიტორიაზე.
„საქართველომ უნდა გადალახოს სამხედრო კონფლიქტების მძიმე მემკვიდრეობა და გაერთიანდეს“, — ნათქვამია, მაგალითად, „რესპუბლიკელების“ პროგრამაში.
ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვისაც. ამაზე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მოწმობს.
ყველა პარტია, გამონაკლისის გარეშე, აცხადებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ნაწილია და ხელისუფლების ყველა ძალისხმევა ამ ტერიტორიების ქვეყნის შემადგენლობაში დაბრუნებისკენ უნდა იყოს მიმართული.
„საქართველოს უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, მიუხედავად მძიმე პოლიტიკური წარსულისა, ურთიერთობების აღდგენა ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის“, — აღნიშნულია „თავისუფალი დემოკრატების“ პროგრამაში.
გამოყოფილი რეგიონების დაბრუნების ხერხები ყველა პარტიისთვის სხვადასხვაა, მაგრამ ერთ რამეში ყველა თანხმდება — ომი დაუშვებელია.
რუსეთი საქართველოსთვის
რუსეთისადმი დამოკიდებულება პარტიებსა და ბლოკებში არაერთგვაროვანია. პარტიების ერთი ნაწილი რუსეთთან სრულფასოვანი ურთიერთობების მოგვარებას გვთავაზობს, მეორე — რუსეთთან დიალოგის წარმოებას მხოლოდ განსაზღვრულ თემებზე.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ პირობას დებს, რომ მოაგვარებს რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობებს და თან ეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ არ მოხდება.
„დიალოგი რუსეთთან და პრაგმატული ურთიერთობები ამა თუ იმ სფეროში არ გულისხმობს რაიმე კომპრომისს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების ხარჯზე. პირიქით, ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი საქართველოს დეოკუპაცია და მისი გაერთიანება, ქვეყნის განვითარებისთვის შესაბამისი საგარეო პირობების შექმნაა“, — აღნიშნულია პარტიის პროგრამაში.
რუსეთთან „ზომიერი დიალოგის“ წარმოების პირობას იძლევა პარტია „თავისუფალი დემოკრატებიც“. ის, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატების შექმნას გეგმავს. პარტია აპირებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, ტურიზმის სფეროში და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების მიღწევას.
ცოტა განსხვავებულ პოზიციას იკავებს საარჩევნო ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. ექვსი პარტიის გაერთიანება რუსეთთან სრულფასოვანი დიალოგის წარმოებას გვთავაზობს. მისი ლიდერების აზრით, მოსკოვთან კარგ ურთიერთობებს მომავალში საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გადაჭრა შეუძლია.
„ჩვენ რუსეთთან, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, აქტიური დიალოგი უნდა ვაწარმოოთ“, — აღნიშნულია ბლოკის პროგრამაში.
რუსეთთან აქტიურ დიალოგს აპირებს ასევე ბლოკი „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული საქართველო“, რომელიც რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. ბურჯანაძის ბლოკი იმედოვნებს დაარწმუნოს რუსული მხარე, რომ საქართველოს ტერიტორიიდან მას საფრთხე არ ემუქრება. ამისთვის ის საქართველოს „უბლოკო ქვეყნად“ გამოცხადების წინადადებით გამოდის, რომელიც არც ერთ სამხედრო ალიანსში არ გაწევრიანდება.
„რესპუბლიკური პარტია“ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას ემხრობა.
რუსეთთან მიმართებით კიდევ უფრო რადიკალურ პოლიტიკას ემხრობა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის პროგრამაში რუსული მხარე მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში — როგორც აგრესორი და ოკუპანტია მოხსენებული.
ორიენტაცია — დასავლეთი
ორი ძირითადი პრეტენდენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობა. ევროპულ ინტეგრაციას გარდაუვლად მიიჩნევენ ისეთი პარტიებიც, რომლებიც დასავლურ იდეოლოგიასა და საქართველოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან.
სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ პარტიებს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ნაწილი, მათ შორის, „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ემხრობიან.
„საქართველოს სტრატეგიული მიზანია ნატოსა და ევროკავშირში შესვლა“, — აღნიშნულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში.
ეს პარტიები და ბლოკები მიიჩნევენ, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს თანამშრომლობა ნატოსთან, მონაწილეობა ალიანსის მისიებში და ებრძოლოს ანტიდასავლურ პროპაგანდას.
სხვა მოსაზრება აქვს ბლოკებს „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ და „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“. ისინი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან.
ხოლო ბურჯანაძის ბლოკი წინადადებით გამოდის, სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე უარი საქართველოს კონსტიტუციაში აისახოს.