23:33 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
45120

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით მარტივად და ამომწურავად მოგაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, თუ რა ეტაპების გავლა მოგიწევთ მართვის მოწმობის ასაღებად.

რა უნდა იცოდეთ აუცილებლად:

- გამოცდაზე დაიშვებიან 17 წლის ასაკიდან

- საჭიროა წინასწარი დაჯავშნა

- ჯერ თეორიას აბარებთ, შემდეგ კი პრაქტიკას

- თეორიის შედეგი რომ არ გაუქმდეს, საჭიროა 30 დღის ვადაში პრაქტიკული გამოცდის ბარიერიც გადალახოთ.

- პრაქტიკაზე ცოცხალი რიგია და წინასწარი რეგისტრაცია არ ხდება

ვიდრე პრაქტიკულ რჩევებზე გადავალთ, მოკლედ გეტყვით, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად.

ძირითადი კატეგორიებია:

- კატეგორია A (გაიცემა 24 წლიდან): მოტოციკლი;

- კატეგორია B (17 წლიდან): ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3500 კგ-ს და რომლის დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, არ აღემატება 8-ს;

- კატეგორია C (21 წლიდან): ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3500 კგ-ს;

- კატეგორია D (24 წლიდან): ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასაჯდომი ადგილები, მძღოლის ადგილის გარდა, 8-ს აღემატება;

- კატეგორია BE (18 წლიდან): B კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას. აგრეთვე B კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3500 კგ-ს;

- კატეგორია CE (21 წლიდან): C კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

- კატეგორია DE (24 წლიდან): D კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

- კატეგორია T (17 წლიდან): სასოფლო-სამეურნეო, სამელოირაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა;

- კატეგორია S (18 წლიდან): საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს B კატეგორიის მართვის მოწმობა. 

გაითვალისწინეთ, მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად სავალდებულოა დაჯავშნოთ რიგი.

როგორ დავჯავშნოთ რიგი

მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე რიგის დაჯავშნა შესაძლებელია „თიბისის“, „საქართველოს“ და „ლიბერთი“ ბანკების სწრაფი გადახდის აპარატებისა და ვებ-პორტალის საშუალებით (https://www.sa.gov.ge/p/bookingterms)

რა საბუთებია საჭირო

საბუთები, რომლებიც ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად დაგჭირდებათ:

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა), ე.წ. ფსიქო;

- ავტოსკოლის შესაბამისი კატეგორიის სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (A და B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე დასაშვებია კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება, გარდა 17 წლის პირის გამოცდაზე გასვლის შემთხვევაში);

- სმს–შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნის შესახებ.

მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად 17 წლის პირმა საჭიროა წარმოადგინოს:

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

- დაბადების მოწმობის დედანი (ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

- საჯარო სკოლის ან ავტოსკოლის მოწმობა;

- სმს–შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნის შესახებ;

- მშობელი ან მშობლის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა.

მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი, რომელზეც დატანილია სტუდენტის სტატუსი);

- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);

- სმს–შეტყობინება თეორიული გამოცდის რიგის დაჯავშნის შესახებ.

 

საფასური:

- თეორიულ გამოცდაზე გასვლის საფასური: 40 ლარი

- მართვის მოწმობის დამზადების საფასური: 15 ლარი

- 17 წლის პირის თეორიულ გამოცდაზე პირველადი დაშვების საფასური: 15 ლარი

- სტუდენტის თეორიულ გამოცდაზე პირველადი დაშვების საფასური: 15 ლარი

- პრაქტიკულ გამოცდაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით 7 დღეში ერთხელ გასვლა უფასოა, ხოლო ფასიანი გასვლის საფასურია 30 ლარი

- ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით 7 დღეში ერთხელ გასვლის საფასური არის 40 ლარი, ხოლო ფასიანი გასვლისას ემატება 30 ლარი

თეორიული გამოცდა:

თეორიული გამოცდის ჩაბარება ადასტურებს, რომ თქვენ კარგად იცნობთ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონებს. 30-წუთიან გამოცდაზე მიუჯდებით სენსორულ კომპიუტერს, სადაც 30 შეკითხვა მოგივათ. გაქვთ მაქსიმუმ 3 შეცდომის დაშვების უფლება.

გაითვალისწინეთ, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატს საშუალება აქვს 30 დღის განმავლობაში, 7 დღეში ერთხელ გავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე (ფასიანი გასვლა ულიმიტოა).

თეორიულ გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში პირი განმეორებით გამოცდაზე დაიშვება 7 დღის შემდეგ, გამოცდაზე რიგის დაჯავშნის და საფასურის თავიდან გადახდის შემთხვევაში.

პრაქტიკული გამოცდა:

თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან კანდიდატს ეძლევა 30 კალენდარული დღე პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად. იმ შემთხვევაში, თუ ერთი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, მძღოლობის კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.

A კატეგორია – მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი ელემენტები:

- რვიანი;

- ზიგზაგი;

- საგაბარიტო წრეში მობრუნება

B კატეგორია – გამოცდის დაწყებამდე B კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველს ენიჭება 100 ქულა. პრაქტიკული გამოცდა ჩაბარებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ კანდიდატი არ დააგროვებს 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას. ანუ იმისათვის, რომ გამოცდა წარმატებით ჩააბაროთ, 100 ქულიდან მინიმუმ 61 ქულა უნდა აიღოთ. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- პარალელური პარკირება;

- ზიგზაგი;

- შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი (მოძრაობის მიმართულების შეცვლა);

- უკუსვლით პარკირება (ბოქსში ავტომობილის უკუსვლით დაყენება);

- რვიანი;

- აღმართიანი უბანი (აღმართი); 

BE, C, CE, D და DE კატეგორია – კანდიდატმა უნდა გაიაროს შემდეგი ელემენტები:
- უკუსვლით პარკირება;
- აღმართიანი უბანი (აღმართი);
- პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება;

მართვის მოწმობის გამოცდები ბარდება მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში, გარდა თბილისის ფილიალისა. თანაც გაითვალისწინეთ, ყველა ქალაქში განსხვავდება მოედნის ფართობი და მათზე ელემენტების განლაგება და თანმიმდევრობაც.

მართვის მოწმობის მოქმედების ვადა:

მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის ვადები განისაზღვრება კატეგორიების მიხედვით:

- A, B, BE, T, S, კატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით.
- C, CE, D, DE კატეგორიებისა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 5 წლით.
- საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით (განურჩევლად მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა).

თუ მართვის მოწმობას ვადა ამოეწურა:

როდესაც მართვის მოწმობას ვადა ამოეწურება, მას შეცვლით მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე. მართვის მოწმობის შეცვლის საფასურია 15 ლარი. მართვის მოწმობას მიიღებთ რამდენიმე წუთში. თუ მართვის მოწმობა დაკარგეთ, მისი აღდგენის საფასური 35 ლარს შეადგენს.

 

მთავარი თემები