თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართელოში უახლოეს ხანებში მოპედების დარეგისტრირება დაიწყება და მძღოლებს მართვის მოწმობის აღება მოუწევთ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრზე ვახტანგ გომელაურზე დაყრდნობით.
მინისტრის განმარტებით, მოპედებით ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, თუმცა გზებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერებით მათი გაკონტროლება ვერ ხერხდება.
„მთავარი პრობლემა არის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ. აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და, სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება მოპედების რეგისტრირება და მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ამასთან ერთად მინისტრმა აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები უფრო ხშირია მძლავრი მოტოციკლეტების შემთხვევაში, რომელთა მართვისთვისაც ადამიანს A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება.
გომელაურის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე ორი მოსმენითაა გატანილი პარლამენტში და მალე დარეგისტრირდება.