21:49 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (92)
836 0 0

СOVID-19-ის პანდემია და ქართველი ეპიდემიოლოგების თავგანწირული ბრძოლა საშიშ ვირუსთან, გამარჯვებები და დანაკარგები, რისკები და იმედები... რა გააკეთა და რა ვერ გააკეთა ქართულმა ჯანდაცვამ სწორად 2020 წელს.

გასული წლის იანვარში, როდესაც მსოფლიომ ის–ის იყო რაღაც მანამდე უცნობი ვირუსის შესახებ შეიტყო, რამაც უჰანში იფეთქა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს მალე პლანეტის მასშტაბის პანდემიად გადაიქცეოდა. ადამიანები განაგრძობდნენ ჩვეულ ცხოვრებას და ვერ აცნობიერებდნენ, რომ სულ მალე, ერთ–ორ თვეში აიკრძალებოდა ისეთი უბრალო რამეები, რაც მაღაზიებში შოპინგი ან ნათესავ–მეგობრებთან შეხვედრაა.

საქართველოში თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ვირუსი აქამდე ვერ მოაღწევდა – „ჩინეთი შორსაა და ახალი დაავადება მხოლოდ ჩინელების ლოკალური პრობლემაა, რომელსაც 21-ე საუკუნის ეპიდემიოლოგები უპრობლემოდ გაუმკლავდებიან“. თუმცა უკვე იანვრის მიწურულს განწყობა საქართველოშიც შეიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) საყოველთაო განგაში გამოაცხადა და ვირუსს ოფიციალური სახელი – COVID-19 მისცა. ხოლო 26 თებერვალს მოქალაქეებმა ჩვენს ქვეყანაში გააცნობიერეს, რომ ვირუსმა აქამდეც მოაღწია.

თავდაპირველად საქართველომ ახალი გამოწვევა მედგრად მიიღო. ქვეყანა კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის პლანეტის მთავარმა მედიკოსმა, ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმაც კი შეაქო.

სრული „ლოკდაუნი“, კომენდანტის საათი, ეპიდემიოლოგების კარგად აწყობილი მუშაობა, ყველა ინფიცირებულისა და მათი კონტაქტების სკრუპულოზური გამოკვლევა, სოფლებისა და ქალაქების კარანტინზე დაკეტვა, დაგეგმილი ოპერაციების გადადებაც კი – საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება არ დაეშვა და წარმატებით გაართვა კიდეც ამას თავი. მაგრამ ეს მხოლოდ ზაფხულამდე გაგრძელდა, სანამ საქართველოში შიდა ტურისტული სეზონი არ გაიხსნა და არ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რამაც ხელი შეუწყო ადამიანების მობილობისა და, შესაბამისად, ინფექციის ზრდას.

გახარია: ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – მას ჯანმო რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა>>

ამჟამად ქართული სამედიცინო სექტორი შოკიდან გამოსვლას ვერ ახერხებს, ხოლო მოსახლეობა – პანიკიდან. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი არ იკლებს. ექიმები, ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები თავდადებით იბრძვიან, იხარჯება მილიონები, პრობლემები კი რჩება.

ონლაინ–კლინიკა

ქართველი ეპიდემიოლოგების პროგნოზები გამართლდა და შემოდგომის დადგომასთან ერთად იმატა ინფიცირებულების რიცხვმა. საქართველოში შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყება დააანონსეს, ხოლო ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთულობის გამო ქვეყნის ჯანდაცვამ განაცხადა, რომ მსუბუქი ფორმით დაავადებულების მკურნალობა სახლის პირობებსა და კოვიდ–სასტუმროებში ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით წარიმართება.

სპეციალისტებმა აღიარეს, რომ არჩევნები და მას მოყოლებული საპროტესტო აქციები ნამდვილი საჯილდაო ქვა გახდა. მათ პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდეს, რადგან თუ ბევრი დაავადდებოდა, ამას სისტემა ვერ გაუძლებდა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ამუშავდა ცენტრალური ონლაინ–კლინიკა, რომლის მიზანია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კონტროლი.

ონლაინ–კლინიკა აწარმოებს მონიტორინგს და აკონტროლებს მკურნალობის პროცესის ხარისხს. ის დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმებით, უმცროსი მედპერსონალით, ასევე სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელებით, ყველამ შესაბამისი ტრენინგი გაიარა. ცენტრალური ონლაინ–კლინიკა ინფიცირების შემთხვევების შესახებ ინფორმაციას „112“-ის სამსახურიდან იღებს, სადაც პაციენტების ისტორია იქმნება.

„112“-ის დირექტორი: დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით არის შემცირებული>>

 „112“-ის დახმარება

ნოემბერში ჯანდაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზი“ და ქოლ–ცენტრი „112“ უკვე ვეღარ უმკლავდებოდნენ ზარების ნაკადს, იმდენად გაიზარდა დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების რიცხვი. გადაწყდა ახალი პორტალის გახსნა, რომელიც ჯანდაცვის „ცხელ ხაზსა“ და „112“-ს დაეხმარებოდა. იმის გასაგებად, თუ ვინაა ოჯახის ექიმი, მოქალაქე უნდა შევიდეს ვებ-გვერდზე ambulatoria.moh.gov.ge და თავისი პირადი ნომერი შეიყვანოს. ინფორმაციის მიღება შეუძლია ყველას, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც კერძო დაზღვევა აქვს.

მედიკოსების ტესტირება

შემოდგომიდან საქართველოში ინფიცირების შემთხვევები მასობრივად გამოვლინდა სამედიცინო პერსონალს შორის, ზოგიერთი ექიმი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანება გამოსცა – საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის კორონავირუსისგან გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფო ოჯახს 10 ათასი ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას გაუწევს.

ცენტრის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში დახმარება 5 ათას ლარს შეადგენს.

ოქტომბერში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმების ტესტირება ყოველ 72 საათში ერთხელ დაიწყო. მანამდე ისინი PCR–ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ გადიოდნენ.

საქართველოში ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა საშუალოდ 2 ათასი ლარი ჯდება, თუმცა ზოგჯერ ეს თანხა 10 ათას ლარსაც აღწევს.

კორონავირუსზე ტესტირების პროცესში ქვეყანაში დაახლოებით 300 დაწესებულებაა ჩართული. საქართველო PCR და ანტიგენებზე მასობრივ ტესტირებას თებერვლიდან აწარმოებს. მთავრობის გეგმის მიხედვით, დღეში 20 ათასი ტესტი უნდა ჩატარდეს.

რა კეთდება საქართველოში კორონავირუსის მართვის კუთხით: თენგიზ ცერცვაძის ანგარიში>>

კოვიდ–სასტუმროებიდან კოვიდ–კლინიკებამდე

კოვიდ–სასტუმროები, რომლებიც თავდაპირველად საკარანტინო რეჟიმისთვის გაიხსნა, დღეს, პრაქტიკულად, კლინიკის ფუნქციებს ასრულებენ. კოვიდ–სასტუმროებში, კორონავირუსის მქონე პაციენტების უკეთ მომსახურების მიზნით, განაწილებულია 100 ჟანგბადის კონცენტრატორი.

ყველა კოვიდ–სასტუმრო მიმაგრებულია კლინიკებზე, პაციენტები იქ 18:00 საათის შემდეგ გამოკვლევისთვის გადაჰყავთ. თუ პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება, კლინიკა მას იტოვებს. დეკემბრიდან საქართველოში ხელმისაწვდომია (სპეციალისტების რეკომენდაციის შემთხვევაში) პრეპარატი „რემდესივირი“, რომელიც ებოლას ვირუსის სამკურნალოდ იყო დამზადებული, მაგრამ კორონავირუსის მკურნალობისთვისაც იყენებენ.

კორონავირუსის ვაქცინის სპეციალური კომისია

დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინაციის პროცესის დაუბრკოლებლივ წარმართვისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ეს გულისხმობს ვაქცინის დროულად მიღებასა და საქართველოს მასშტაბით ყველა მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით.

წინასწარი ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში 2021 წლის მარტი–აპრილში იქნება ხელმისაწვდომი.

გამყრელიძე: ცნობილია რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველი აიცრებიან>>

ვაქცინა, რომელსაც ქვეყნის მთავრობა შეიძენს, მოსახლეობისთვის უფასო იქნება. როგორც კი ვაქცინას ჯანმო დაამტკიცებს, ის უკვე ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნისთვის.

საქართველოს პირველ ეტაპზე უფლება აქვს, შეიძინოს ვაქცინის იმდენი დოზა, რომ მოსახლეობის 20% დააკმაყოფილოს. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს. ამჟამად ხელისუფლება მსოფლიო ბანკის დახმარებით ვაქცინის დანერგვის პროცესზე მუშაობს.

ქვეყანამ შესაბამისი ეტაპები უნდა გაიაროს. საქართველომ ვაქცინისთვის უკვე შეიტანა პირველი შენატანი, რაც 700 ათასი ადამიანის ვაქცინაციისთვის საჭირო დოზების შეძენის საშუალებას იძლევა.

რა ელოდება საქართველოს სამედიცინო სექტორს?

კორონავირუსმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კარგად „შეაჯანჯღარა“ და მისი არაერთი სუსტი წერტილი გამოავლინა, მიიჩნევს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე. „COVID-19-მა აჩვენა, რომ სისტემა ასეთი ძლიერი შოკისთვის აბსოლუტურად არ არის მზად. მას არავინ მართავს, პრინციპში, სისტემა თვითდინებაზეა მიშვებული“, – მიიჩნევს სურგულაძე.

ამასთან, ექსპერტმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნა საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების ასოციაცია. „მათ სურთ თავიანთი ცოდნით დაგვეხმარონ, იმით, რომ იკამათონ და ამ კამათში დაიბადება ის ჭეშმარიტება, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. იმიტომ რომ არ შეიძლება საფრანგეთის, ინგლისის ან გერმანიის მოდელის გადმოღება. ისინი ასეთ ათ ეპიდემიას გაუძლებენ, საქართველო კი – ვერა. ჩვენ ჩვენი პატარა ქვესისტემა უნდა შევქმნათ იმისა, თუ როგორ ვებრძვით კორონავირუსს“, – აღნიშნა სურგულაძემ.

მან სერიოზულ აფტერშოკად დაასახელა ზაფხულის პერიოდი, როდესაც ყველამ ჩათვალა, რომ კორონავირუსი დამარცხებულია. მსოფლიოში საქართველოს სანიმუშო ქვეყანა უწოდეს, „მწვანე ზონა“, მაგრამ ტურისტული სეზონის გახსნამ და ტურისტულმა ბუმმა აჭარაში თავისი სავალალო შედეგები გამოიღო.

„ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც თვითმფრინავი ვარდნის რეჟიმშია, ეკიპაჟმა კი არ იცის მისი მართვა. აქ, პირველ რიგში, ეკიპაჟია შესაცვლელი, რომელიც მართავს ამ თვითმფრინავს“, – აღნიშნა სურგულაძემ.

მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, ქვეყანაში ეპიდვითარება არ უმჯობესდება, აღნიშნა სურგულაძემ და მიუთითა ეკონომიკის სფეროზე, რომელიც ინგრევა. „სიღატაკე სოციალურ პროტესტს გამოიწვევს, ეს კი ყველაზე საშიშია. მშიერი ბუნტი ყველაზე საშიში ბუნტია, ჩვენ კი ამისკენ მივდივართ. საჭიროა ევოლუციური გზით განვითარება და არა რევოლუციური“, – აღნიშნა ექსპერტმა.

უშველის კი კორონავირუსულ კრიზისს საქართველოში ვაქცინა? ამ კითხვაზე სურგულაძე პასუხობს, რომ პროგნოზის გაკეთება უმადური საქმეა. „მაგრამ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მოუთმენლად ველოდებით ვაქცინას. მაგრამ როდის მივიღებთ, კონკრეტულად რომელს, ვის გავუკეთებთ, რამდენადაა სისტემა მზად, რომ ეს ვაქცინა კარგად გააკეთოს, დროულად (რადგან ვაქცინები, სამწუხაროდ, ასევე იწვევს ალერგიულ რეაქციებს) – ეს უკვე უცნობია“.

ჯანდაცვის მინისტრი – ექიმების გარეშე არ დავრჩებით>>

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ქართულმა ჯანდაცვამ ფხიზლად უნდა შეაფასოს ყველა რისკი და კრიზისულ პერიოდში სისტემის მართვის თავისი საკუთარი სტილი გამოიმუშაოს. მხოლოდ ასე შეიძლება პანდემიის დამარცხება და სამედიცინო სექტორის მოწესრიგება. სწორედ ეს უნდა გააკეთოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2021 წელს.

ლიზა შელია

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (92)

მთავარი თემები