თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სულ უფრო ხშირად ფიგურირებენ მედიკოსები, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ ვითარება საგანგაშო არაა და ქვეყანა ექიმების გარეშე არ დარჩება.
როგორც მინისტრმა ორშაბათს განაცხადა ბრიფინგზე, მედიკოსების ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 6,5%-ს შეადგენს, რაც ცუდი არაა, რადგან მანამდე ეს მაჩვენებელი 11% იყო.
„ექიმების გარეშე არ დავრჩებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლისა და ოჯახის ექიმების 90% გადაამზადა. ასევე ზაფხულში 43 სხვადასხვა კლინიკის ექიმები გადამზადდნენ.
ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უწყება სამღვდელოებასთან მუშაობს და შრომის უსაფრთხოების სამსახური მათთან დამატებით შეხვედრებს გამართავს.
„გაზაფხულზე საკმაოდ კარგად გვქონდა გაწერილი პროტოკოლი, აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტოკოლი კვლავაც იქნეს მათი მხრიდან დაცული. თუმცა ის ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ დღეს სამღვდელოებაში გვაქვს, ნამდვილად არ წარმოადგენს საგანგაშო მაჩვენებელს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდგინდა>>
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირდა 165 ათასამდე შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 137,5 ათასამდე ადამიანი, გარდაიცვალა 1 540 პაციენტი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.