თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს.
ჯაღმაიძის ცნობით, მეუფე სპირიდონი მკურნალობის კურსს ერთ-ერთ კოვიდ–კლინიკაში გადის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი დავით ქვლივიძე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.501-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 164.976-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 137.499 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.988), გარდაიცვალა – 1.540 (ბოლო 24 საათში – 36).
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.