თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართული ონლაინ–კლინიკების რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, მოსახლეობას კი დაახლოებით 700 ექიმი და 135 ბრიგადა ემსახურება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ.
გაზაფხულზე, როდესაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით 25 კოვიდ–კლინიკის მობილიზება მოხდა.
ჯანმოს რეგიონული დირექტორი ქართველ ექიმებს გმირებს უწოდებს>>>
ტიკარაძის განმარტებით, პირველადი ჯანდაცვის სექტორი პანდემიის მართვაში სრულადაა ჩართული. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ–კლინიკების ექიმებმა დაახლოებით 250 ათას ზარზე განახორციელეს რეაგირება.
მისი თქმით, დღეისათვის საქართველოში სასტუმროები ცვლიან საველე ჰოსპიტლებს, რომელთა გახსნისკენაც ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული ჯგუფები მოუწოდებენ. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ უწყებამ შეძლო კოვიდ–სასტუმროების სახით უფრო უსაფრთხო და გამართული პრაქტიკის დანერგვა.
გარდა ამისა, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ კლინიკურ სასტუმროებში მედპერსონალს შორის ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია – გაზაფხულის შემდეგ ინფიცირების მხოლოდ სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორში საწოლფონდს, მარტიდან იგი ათჯერ გაიზარდა და 96 კლინიკაში მობილიზებულია 7,2 ათასზე მეტი საწოლი. ამ რიცხვს ემატება კლინიკურ სასტუმროებში არსებული 9,5 ათასი საწოლი. ამასთან, მომავალი წლის გაზაფხულამდე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დამატებით 400 ადგილის მობილიზება მოხდება.
ტიკარაძემ ასევე განაცხადა, რომ დღეისათვის კოვიდ–პაციენტების მკურნალობაში 13,3 ათასზე მეტი მედიკოსია ჩართული. სახელმწიფო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოჯახის ექიმების მუდმივ გადამზადებას ახორციელებს. ყველა ოჯახის ექიმის გადამზადება უკვე ოთხჯერ მოხდა, სოფლის ექიმების – ორჯერ.
ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ–კლინიკაში 228 თანამშრომელი ორი მიმართულებით მუშაობს. პირველი მიმართულებაა ოჯახის ექიმი, მეორე – ექიმების მომსახურების ხარისხის კონტროლი. მარტო აღნიშნულმა ონლაინ–კლინიკამ სიმპტომების მქონე 28 ათასზე მეტი პაციენტის მართვა განახორციელა და 112 ათასზე მეტ ზარზე მოახდინა რეაგირება.