თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საკარანტინო ზონების იდეა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა, განაცხადა საქართველოს პრემერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერ–მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს>>
ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური დეპუტატებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს. ქვეყანის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.
მთავრობის მეთაურმა ანგარიშის წარდგენისას საკარანტინო ზონების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საკარანტინო ზონების იდეა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა და ამან გაამართლა.
„კლასტერები რომ არ გაზრდილიყო და სწრაფი და რაღაც გაურკვეველი ტესტების პირობებში უფრო დაზღვეული გვქონოდა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მივიღეთ გადაწყვეტილება საკარანტინო ზონების შექმნის – როგორც ბუფერის. ამ ვირუსს აქვს 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, როგორ გახსნას საერთოდ ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარიას თქმით, საქართველოში საკარანტინო ზონები 22 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა და ამჟამად ამ სივრცეებში 4 ათასამდე პირი იმყოფება.
„ვერც ერთი ადამიანი ვერ გამოდის საკარანტინო ზონიდან ისე, თუ არ ჩაუტარდა მას PCR ტესტირება“, – აღნიშნა გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკარანტინო ზონების ორგანიზება და მოქალაქეების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა. კარანტინის ზონებში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პერიმეტრს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ. საკარანტინო ზონებში მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში იმყოფებიან.
COVID-19: ჯანმომ საქართველოს კვლევაში მონაწილეობა შესთავაზა>>
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.