07:45 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
მოწევა აკრძალულია

გაამართლა თუ არა საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკამ?

© Sputnik / Alexander Imedashvili
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

მოწევა ყოველწლიურად საქართველოს მოსახლეობის 0,3%-ს კლავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო დღეს ყველაზე მწეველი ქვეყნების სიაში შედის (მეორე ადგილი ევროპაში, მეექვსე – მსოფლიოში) – ქვეყნის მოსახლეობის მესამედი მწეველია.

ყოველწლიურად საქართველოს 11,4 ათასი მცხოვრები იღუპება მოწევით გამოწვეული დაავადებებისგან. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3,7 მილიონს შეადგენს.

მოწევა კიდევ გაძვირდება: გეგმაშია ასაწონ თამბაქოზე გადასახადის გაზრდა >>

„Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შეეცადა გაერკვია, რატომ ვერ ელევიან ქართველები ამ მავნე ჩვევას და როგორ ატარებს ქვეყანა თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკას.

სავალალო სტატისტიკა – არგუმენტი არ არის

საქართველოში მოწევა კვლავაც არც ისე ძვირი ჯდება. სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობაც კი არ ამბობს უარს ამ მავნე ჩვევაზე. ისინი, ვისაც ხელი არ მიუწვდება შედარებით ძვირადღირებულ მარკაზე, უფრო იაფფასიან ვარიანტს ირჩევენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში მამაკაცთა ნახევარზე მეტი (57%) ეწევა. მწეველთა შორის საკმაოდ მაღალია 13-15 წლის მოზარდთა წილი (12,6%).

„უკვე რვა წელია ვეწევი, ამიტომ თავის დანებება მხოლოდ იმიტომ, რომ სიგარეტი გაძვირდა, არ შემიძლია. ვყიდულობ, აბა რა ვქნა?!“ – ამბობს თბილისის მცხოვრები თორნიკე მინდიაშვილი „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტთან საუბრისას.

„დავანებე, მაგრამ ერთბაშად არა. ჯერ ვცადე უფრო იაფფასიან სიგარეტზე გადასვლა, მაგრამ არ გამოვიდა. შემდეგ შევეცადე საერთოდ დამენებებინა თავი, მით უმეტეს, რომ ხან იქ აკრძალეს მოწევა, ხან აქ. მომბეზრდა“, – ამბობს ნიკოლოზ კაციტაძე.

„როცა გავიგე, რომ სიგარეტი ძვირდებოდა, შესახვევ თუთუნზე გადავედი. ყველა საჭირო ნივთი გამოვიწერე. ახლა თამბაქოს ვყიდულობ. თავდაპირველად უჩვეულო იყო, მაგრამ ჩვეულებრივ სიგარეტებზე ორჯერ იაფი მიჯდებოდა. ჯერ ერთი, სუფთა თამბაქო უფრო იაფია, მეორეც, ნაკლებს ვეწევი“, – განაცხადა ალიკ გრიგორიანმა.

თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა

როგორც საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი, თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის გამკაცრების ინიციატორი გუგული მაღრაძე ფიქრობს, შედეგები უკვე ნათელია. საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვამ და სიგარეტის გაძვირებამ მნიშვნელოვნად შეამცირა თამბაქოს მოხმარება.

2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის პრაქტიკულად ყველა ადგილზე აიკრძალა. გამონაკლისია სამორინეები და სათამაშო აპარატების დაწესებულებები, ზოგიერთი კუთხე, რომელიც მოწყობილია უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე. მოწევა შეუძლიათ ასევე მსახიობებს სპექტაკლის მსვლელობისას, თუ, რასაკვირველია, ამას რეჟისორის ჩანაფიქრი მოითხოვს.

საქართველო ყველაზე მწეველი ქვეყნების სიაში მოხვდა >>

პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლის პროცესში მაინც გადაწყვიტა მცირეოდენ დათმობაზე წასულიყო და 2019 წლის დასაწყისში მოწევა დაუშვა უმაღლესი სასწავლებლების, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ეზოებში.

დღეს საქართველოში სიგარეტი აღარ არის გამოფენილი ვიტრინებზე, ვინაიდან გამოსაჩენ ადგილზე მათი განთავსება, სულ მცირე, 150-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია მასმედიაში, გამაფრთხილებელი წარწერები და ფოტოები სიგარეტის კოლოფებზე – საქართველოსთვის უკვე ნორმაა.

„კვლევები ცხადყოფს, რომ კანონი თითქმის 90-95%-ით სრულდება. საჯარო ადგილებში მთელ ქვეყანაში მოქალაქეები უკვე აღარ ეწევიან, ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი წარმატებაა“, – განუცხადა მაღრაძემ „Sputnik-საქართველოს“.

დეპუტატის ინიციატივას ყველა სიხარულით არ შეხვედრია, განსაკუთრებით, კაფეებისა და რესტორნების ხშირი სტუმრები. აკრძალვის შემდეგ მათ სუფრიდან ადგომა და გარეთ გასვლა უწევთ, რაც არც ისე მოსახერხებელია.

თუმცა ახალ წესრიგს მაინც მიეჩვივნენ და მისი დადებითი მხარეებიც შეაფასეს: შენობები კვამლით აღარ იჟღინთება, დახურულ სივრცეში ნორმალურად სუნთქვაც შეიძლება და არც ტანსაცმელს უდის ბოლის სუნი.

დეპუტატის თქმით, მას ქუჩაში შემხვედრები ხშირად უხდიან მადლობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რომელსაც თავიდან ეწინააღმდეგებოდნენ. ბევრი ამბობს, რომ სიგარეტის მოწევა შეამცირა ან საერთოდ დაანება თავი.

ამასობაში თამბაქოს მწარმოებლები კლიენტებისთვის ბრძოლას არ წყვეტენ. მოდაში შემოვიდა ელექტრონული სიგარეტი და ე.წ. IQOS – უფერფლო და უსუნო და, როგორც ბევრი ფიქრობს, უვნებელი მოსაწევი. მაგრამ საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მათი მოწევაც აიკრძალა.

SOS! საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად 11 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება >>

„ჩვენ კანონში დამატებითი მუხლი შევიტანეთ და ვაკონტროლებთ თამბაქოსთან დაკავშირებულ ყველანაირ ნაწარმს. ასე რომ, საზოგადოებრივ ადგილებში არ შეიძლება არც ელექტროსიგარეტების, არც IQOS-ის მოწევა“, – აცხადებს გუგული მაღრაძე.

საქართველოს რამდენმა მოქალაქემ დაანება თავი მოწევას თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის შედეგად, ამას ანალიზი აჩვენებს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი სექტემბერში ატარებს კვლევას და ოქტომბერში გვექნება წინასწარი შედეგები, რათა ზუსტად გავიგოთ, რა შეიცვალა კანონის გამკაცრების შემდეგ. კვლევა აჩვენებს – ვინ ჩაანაცვლა სიგარეტი შესახვევი თუთუნით, ვინ – ელექტროსიგარეტით, ვინ – ჩვეულებრივი თამბაქოთი და ა.შ.“ – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.

მთავრობის ამოცანა – ახალგაზრდობის მოფრთხილებაა

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, კანონის გამკაცრების მთავარი ამოცანა არის პრევენცია, რათა საქართველოს ახალგაზრდობამ სიგარეტების სიძვირის გამო თავი შეიკავოს მათი შეძენისგან და არ მიეჩვიოს მოწევას.

„ეს, პირველ რიგში, იმათ ეხება, ვინც ახლა იწყებს თამბაქოს მოწევას. ხოლო მწეველების მიმართ სხვა მიდგომაა საჭირო. ჯანდაცვის სექტორმა და საზოგადოებამ ასეთი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს წამლები, რომლებიც მათ სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაეხმარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, თამბაქო – არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის პირველი რისკ-ფაქტორია.

ფასი – ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია

2017 წლის იანვრიდან ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 2019 წელს გათანაბრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების სააქციზო განაკვეთი.

მეტიც, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს გაიზარდა ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი არსებული 10%-დან 30%-მდე. 

შედეგად: ორი წლის განმავლობაში საქართველოში სიგარეტი თითქმის ორ-ნახევარჯერ გაძვირდა. 2019 წელს ფასმა ორჯერ მოიმატა, საშუალოდ 1 ლარით, ამჟამად სიგარეტის ერთი კოლოფი საშუალოდ 4–6 ლარი ღირს.

მოწევა კლავს! – სამარშრუტო ტაქსიში მოწევის გამო მძღოლს მართვის უფლება შეუჩერეს >>

„თამბაქოს კონტროლის გამკაცრების საკითხებში ყველაზე მნიშვნელოვანი და საყოველთაოდ აღიარებული ინსტრუმენტი გადასახადების გაზრდაა. მაგრამ ეს ზომიერად და უმტკივნეულოდ უნდა გაკეთდეს. ევროკავშირის ქვეყნებში თამბაქოს ღირებულებაში გადასახადების წილი დღეს 60–70%-ია. ჩვენ ამ ნიშნულისგან ჯერ შორს ვართ. მაგრამ სწორედ ასეთი გადასახადების მიღწევის შემდეგ მცირდება თამბაქოს მოხმარება“, – ამბობს გამყრელიძე.

ჯერჯერობით გამოსავალი არსებობს

თამბაქოსთან ბრძოლის პოლიტიკის შედეგად ქართველი მწეველების ნაწილი უფრო იაფ ვარიანტებზე გადაერთო, ძირითადად – შესახვევ თამბაქოზე.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან გადასახადი არც ისე დაბალია. იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც თამბაქო იყიდება, ცალკე გადასახადს არავინ იხდის“, – აღნიშნა ბახტურიძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

თუ შარშან შესახვევ თუთუნს მწეველთა 2%-ზე ოდნავ მეტი ეწეოდა, ახლა მათი რიცხვი თითქმის 21%-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო დღე
ჯანდაცვის მსოფლიო დღე

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გეგმავს გონივრული გადასახადის დაწესებას თუთუნზე. ამგვარად დაბალანსდება დანაკარგი, რომელიც წარმოიშვა მომხმარებელთა დიდი ნაწილის შესახვევ თამბაქოზე გადასვლის შედეგად, აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

გარდა ამისა, იგეგმება აქციზის დაწესება ელექტრონულ სიგარეტზე.

კონტრაბანდა ყვავის

როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ თამბაქოსთან ბრძოლის პოლიტიკა გაამკაცრა, ექსპერტები მას აფრთხილებდნენ, რომ მსგავს გადაწყვეტილებას შესაძლოა სომხეთიდან და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთის ტერიტორიიდან კონტრაბანდის ზრდა მოჰყოლოდა.

„2022 წლისთვის აქციზი თამბაქოზე ერთნაირი უნდა იყოს ევროპის ყველა ქვეყანაში და იმ ქვეყნებში, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ. თუ ერთ რეგიონში თამბაქოს ფასი მეტ-ნაკლებად თანაბარი იქნება, აღარ იარსებებს კონტრაბანდის შემოტანის ხიბლი“, – აღნიშნა დეპუტატმა გუგული მაღრაძემ.

ყველაზე ხშირად კონტრაბანდული სიგარეტი სამეგრელოს, სამცხე–ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის რეგიონებსა და თბილისში იშოვება. ამაზე მეტყველებს არასამთავრობო ორგანიზაციის – „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მონაცემები.

ყველაზე მძიმე სურათი სამეგრელოშია. თუ 2017 წელს სიგარეტებით უკანონოდ ვაჭრობის შემთხვევები მხოლოდ 5%-ს შეადგენდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 14%-მდე გაიზარდა, 2019 წელს კი – უკვე 32%-მდე. თამბაქოს ნაწარმის უმეტესობა აფხაზური აქციზური მარკებით შემოდიოდა.

7120 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – უკანონო გადაზიდვის რვა ფაქტი გამოვლინდა >>

საიდანაა აფხაზეთში იაფი სიგარეტი, ამაზე ქართველ ექსპერტებს თავიანთი ვარაუდები აქვთ. არაოფიციალური ინფორმაციით, თამბაქოს ნაწარმი მზადდება თურქეთში, შემდეგ კი გემებით აფხაზეთში შედის.

„სამეგრელოში კონტრაბანდისტებს ის გადმოაქვთ ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომელსაც ჩვენი საბაჟო სამსახური არ აკონტროლებს“, – აღნიშნა ბახტურიძემ.

უშუალოდ საბაჟოზე მკაცრი კონტროლია დაწესებული.

„რაც შეეხება რეგიონებს, რომლებიც არაკონტროლირებად ტერიტორიებს ესაზღვრება, ამ ადგილებში გახშირდა კონტრაბანდის შემოტანის მცდელობების გამოვლენა. კონკრეტული ციფრების დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ორჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს“, – განუცხადა საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ ჟურნალისტებს.

პროცესს არც კორუფციის გარეშე ჩაუვლია. იმავე ბახტურიძის თქმით, აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, დაკავებული არიან მაღალჩინოსნები. მაგალითად, ზუგდიდში დააკავეს გუბერნატორისა და მერის მოადგილეები, რომლებიც კონტრაბანდაში იყვნენ გარეული.

„ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიდგომა სუსტია და, სამწუხაროდ, თავად ჩინოვნიკები დებენ მსგავს გარიგებებს და ხელს უწყობენ კონტრაბანდას“, – აღნიშნა ბახტურიძემ.

რა საერთო აქვთ საქართველოსა და რუსეთს

დეპუტატი გუგული მაღრაძე ფიქრობს, რომ კონტრაბანდის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია თამბაქოზე თანაბარი სააქციზო განაკვეთის დაწესებით მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში. მით უმეტეს, რომ ორივე ქვეყანა არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოსთან ბრძოლის ჩარჩო-კონვენციის წევრი.

როგორ შევამციროთ თამბაქოს მოხმარება: ათი მარტივი ხერხი >>

საქართველო კონვენციას 2005 წელს შეუერთდა, რუსეთი – 2008 წელს. დოკუმენტი ითვალისწინებს ამ დარგის სახელმწიფო რეგულირების დანერგვას და ახალგაზრდებს შორის მოწევის გავრცელების შეზღუდვას. კონვენცია წევრ ქვეყნებს ავალდებულებს ასევე გადასახადების გაზრდას და ა.შ.

საქართველოში თამბაქოსთან მებრძოლები არ კარგავენ იმედს, რომ თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა სასურველ შედეგებს მოიტანს და მწეველების რაოდენობა ადრე თუ გვიან შემცირდება.

მთავარი თემები