00:52 09 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
58 0 0

თამბაქოს ნაწარმზე ფასების ზრდა ქვეყანაში მწეველთა რაოდენობას შეამცირებს, მიიჩნევენ ექსპერტები.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ყოველ წელს თამბაქოს მოხმარების გამო 11,4 ათასი ადამიანი იღუპება, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საქართველოს მთავრობას ურჩევს, თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაზარდოს, იუწყება Новости-Грузия საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით.

თბილისში კაფეები მოწევისთვის დააჯარიმეს - ღამის რეიდის შედეგები>>>

საგანგაშო სტატისტიკა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს მოსახლეობის 32%-ზე მეტი თამბაქოს მოიხმარს, აღნიშნავენ წარმომადგენლობაში.

„თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის, დაავადებების, პროდუქტიულობის კლების და სხვა ტვირთის გამო საქართველო ყოველწლიურად კარგავს 825 მილიონ ლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ია", – ნათქვამია WHO-ს განცხადებაში.

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე ფასების ზრდა 15 წლის შემდეგ თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელს 27%-ით შეამცირებს, გადაარჩენს 35 ათას ადამიანს და ქვეყანას 2,2 მლრდ ლარის ოდენობით სარგებელს მოუტანს, აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის ფასებს შორის სხვაობა საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა, მიიჩნევენ WHO-ს ექსპერტები. სპეციალისტების აზრით, თამბაქოს პროდუქტების არათანაბარი დაბეგვრა თამბაქოს ინდუსტრიას შესაძლებლობას აძლევს, გადასახადს გვერდი აუაროს. 2017 წლის იანვრიდან ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი გახდა. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტში შესულია საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, უფილტრო სიგარეტზე აქციზი უთანაბრდება ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასს.

ექსპერტები საქართველოს მთავრობას თამბაქოს ნაწარმის გამოყენების პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, რათა მწეველებს სერიოზული მოტივაცია გაუჩნდეთ თავი დააღწიონ ამ მავნე ჩვევას. ეს, მათი აზრით, ხელს შეუწყობს იმას, რომ ახალგაზრდებმა ადრეულ ასაკში არ დაიწყონ მოწევა. გარდა ამისა, გაიზრდება როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ასევე უამრავი ოჯახის დანაზოგი.

„გამოთვლილია, რომ თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გასამმაგება დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების უმრავლესობაში აორმაგებს სიგარეტის ფასებს და დაახლოებით 40%-ით ამცირებს ამ პროდუქტების მოხმარებას", – აღნიშნულია განცხადებაში.

2004 წლამდე, როდესაც რეგიონში თამბაქოზე გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო, კონტრაბანდის და არალეგალური ბაზრის წილი დაახლოებით 50%-ს შეადგენდა. თუმცა, მომდევნო წლებში, როდესაც მთავრობამ ამ პროდუქტზე გადასახადები, პრაქტიკულად, რამდენჯერმე გაზარდა და, ზოგადად, კანონის აღსრულება და კორუფციასთან ბრძოლა გააძლიერა, არალეგალური ბაზრის მოცულობა თითქმის განულდა, საბიუჯეტო შემოსავლები კი შესამჩნევად გაიზარდა, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ქვეყანაში მწეველთა რიცხვის შემცირების მიზნით მასშტაბული კამპანია გრძელდება. 1 მაისიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, კაფეებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და ნებისმიერი სახის შენობაში. გამონაკლისია რესტორნებისა და ბარების ღია ვერანდები ან ტერასები.

 

მთავარი თემები