თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში რამდენიმე ცვლილება შევა, რომლებიც თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანონი ამოქმედდა - ძალაშია თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების ახალი რეგულაციები>>>
2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად ამოქმედდა თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები. ახალი რეგულაციების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში აიკრძალა, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონზე. გამონაკლისია ღია ვერანდები, ბარებისა და რესტორნების ტერასები, სამორინეები და სიგარა-ბარები, ასევე საპატიმროები და ფსიქიატრიული კლინიკები.
ახალი ცვლილებების მიხედვით, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით შეზღუდვები იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თუმცა, მოწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, რომელთა რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს.
თამბაქოს მოწევა ასევე ნებადართული გახდება თეატრალური წარმოდგენის დროს – რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მსახიობის მიერ როლის შესრულებისას.
თამბაქოს მოწევა შესაძლოა სათამაშო აპარატების სალონებში დაუშვან>>>
გარდა ამისა, საგამონაკლისო წესში მოექცევა სათამაშო აპარატების სალონი, რომლის მოწყობის ნებართვისთვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 ათასი ლარის ოდენობით.
ცვლილებების პროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ წარადგინა.
„ეს არის ამ კანონის ბოლო ცვლილება, რომელიც გარკვეულ მიდგომებს ამსუბუქებს. მომავალი ცვლილებები იქნება მხოლოდ გამკაცრებაზე მიმართული და ჩვენ ამ კუთხით საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს", – განაცხადა ზოიძემ.
აქტიური ბრძოლა თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ საქართველოში 2016 წელს დაიწყო. მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 33% მწეველია.