მწეველებს გაუხარდებათ: რა სიახლეებს ამზადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი

CC0 / Pixabay / მწეველი მამაკაცი
მწეველი მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში რამდენიმე ცვლილება შედის

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული ზოგიერთი ჯარიმის ოდენობა, შესაძლოა, შემცირდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

შესაბამისი ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტია.

ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ან თამბაქოს მოწევის აკრძალვა-შეზღუდვის წესების დარღვევის აღუკვეთელობა 500 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმდება. კანონპროექტით, განმეორების შემთხვევაში განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა 1000 ლარიდან 400 ლარამდე მცირდება.

სიგარეტი დახლებზე - Sputnik საქართველო
კანონი ამოქმედდა - ძალაშია თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების ახალი რეგულაციები

გარდა ამისა, ცვლილებებით, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე იმ შენობა-ნაგებობაში, ან იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც მოწევა აკრძალულია, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, განმეორებითი შემთხვევა კი 200 ლარით დაჯარიმდება.

ამასთან ერთად, უმაღლესი სასწავლებლების და ფარმაცევტული დაწესებულებების ეზოებში სიგარეტის მოწევა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში დასაშვები გახდება. თუმცა ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს სამს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი – 20 კვადრატულ მეტრს.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, თეატრში, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით  თამბაქოს მოწევის დაშვებაა. თუმცა სიგარეტის მოწევას მხოლოდ მსახიობი ან შემსრულებელი და მხოლოდ სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს შეძლებს.

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ, თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ მაყურებელს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს.

მამაკაცი სიგარეტს ეწევა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
სიგარეტის ახალი კოლოფები - გამაფრთხილებელი წარწერა უფრო დიდი გახდა

საგაზაფხულო სესიაზე, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია წინადადებით გამოვიდა, რომ პროფესიულ თეატრში თამბაქოს მოწევა დასაშვები გახდეს, რადგან არსებული აკრძალვის შედეგად, სპექტაკლის დადგმისას პრობლემები იქმნება.

კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება. 

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.


ყველა ახალი ამბავი
0