თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 1 სექტემბრიდან, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების წესების ახალი რეგულაციები შედის ძალაში.
დღეიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს გარედან. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.
ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, საფერფლე და პორტსიგარა, რომელზეც არ არის დატანილი სასაქონლო ნიშანი ან დასახელება.
აიკრძალება აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება.
იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ან აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალო მიწოდებით — ე.წ. დრაივთამბაქო. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო განმეორებითი შემთხვევის დროს ჯარიმა 4 000 ლარია.
აკრძალულია თამბაქოს ღერებით ან შეფუთვის გარეშე რეალიზაცია. აღნიშნული ფაქტის შემთხვევაში ჯარიმა 150 ლარს, განმეორებისას კი — 300 ლარს შეადგენს.
თამბაქოს რეალიზაცია აკრძალულია სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში, წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია 200 ლარის ოდენობის ჯარიმა, განმეორებისას კი — 400 ლარის.
თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია იკრძალება 18 წლამდე პირებზე — ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას კი 300 ლარია.
პირველი სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმი შეფუთვისა და დიზაინის კანონით დადგენილ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.