თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 1 სექტემბრიდან საქართველოში სიგარეტი გაიყიდება ახალი კოლოფებით, რომლებზეც მოწევის მავნებლობის შესახებ წარწერა 30%-დან 65%-მდე გაიზრდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით.
სიგარეტის კოლოფზე, სამედიცინო გაფრთხილების გარდა, ფერადი პიქტოგრამები გაჩნდება. გარდა ამისა, თუ გამაფრთხილებელი წარწერა იკავებდა 30%, ახლა ის 65%-მდე გაიზრდება. მოწევის წინააღმდეგ მებრძოლები იმედოვნებენ, რომ ეს აუცილებლად იმოქმედებს მწეველებზე და ისინი დაფიქრდებიან იმაზე, რომ მოწევას თავი დაანებონ.
საქართველოში მოწევასთან აქტიური ბრძოლა 2016 წელს დაიწყო. პარლამენტის ჯანდაცვის საკითხების კომიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 33% მწეველია.
2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვანებისთვის მიყიდვა.
გამონაკლისია ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები ან ტერასები, ქუჩა, კაზინო, ციხე, ფსიქიატრიული საავადმყოფოები და სიგარა-ბარები.
2020 წლის 1 იანვრამდე მოწევა დაშვებული იქნება ღია სტადიონებზე და სასტუმროს ნომრებში, რომლებიც მწეველებისთვის არის განკუთვნილი. ამ თარიღის შემდეგ სრული აკრძალვა ამოქმედდება.