თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც მწეველთა რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.
ჯანმო-ს მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 33% მწეველია. მამაკაცებში მწეველია 57%, 13-15 წლის მოზარდებს შორის - 12,6%. ჯანმო-ს მონაცემებით, საქართველოში 11,4 ათასი ადამიანის სიკვდილი სწორედ თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება.
ჯანმო-ს კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველო მსოფლიოში სამიდან ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც 2018 წელს ორგანიზაციის რეკომენდაციის დანერგვის კუთხით უმაღლეს შედეგს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ მიაღწია წარმატებას თამბაქოს ნაწარმის მოხმარების მონიტორინგის პროცესში, წარმატებულად აწარმოებდა მედია-სივრცეში მოწევის საწინააღმდეგო კამპანიებს და სიგარეტის კოლოფებზე გამაფრთხილებელი წარწერები და ფოტოები დაატანა.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი ბოლო წლებში რამდენჯერმე გამკაცრდა. 2018 წლის 1 მაისიდან აიკრძალა მოწევა დახურულ დაწესებულებებში, მათ შორის, კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონზე. გამონაკლისია ღია ვერანდები, ბარებისა და რესტორნების ტერასები, სამორინეები და სიგარა-ბარები, ასევე საპატიმროები და ფსიქიატრიული კლინიკები.
მოწევა კლავს! – სამარშრუტო ტაქსიში მოწევის გამო მძღოლს მართვის უფლება შეუჩერეს >>
მოწევასთან ბრძოლის პარალელურად ხელისუფლებამ მწეველებს შეღავათები მაინც დაუწესა. 2019 წლის დასაწყისში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით შეზღუდვები იხსნება უმაღლესი სასწავლებლებისა და სამედიცინო დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.
თუმცა გაიზარდა ჯარიმები მოწევისთვის მრავალბინიან სახლებში, სადარბაზოებში, დერეფნებში, ლიფტში, სახურავზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ტაქსის და კატარღის გარდა).
თუ ადრე ჯარიმა 50 ლარს შეადგენდა, ახლი ის 100 ლარამდე გაიზარდა. კანონის განმეორებით დარღვევის გამო გათვალისწინებულია 200 ლარიანი ჯარიმა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მწეველი მძღოლებისთვის ჯარიმა შემცირდა - 500 ლარიდან 200 ლარამდე. ახლახან დაიწყეს არასრულწლოვანების მშობლების დაჯარიმება, რომლებიც დაუშვებელ ადგილას ეწევიან. ჯარიმა 100-დან 300 ლარს შეადგენს.