ვინ აჩენს ხანძრებს?

© Sputnik / Alexander Imedashviliხანძარი მთაწმინდაზე
ხანძარი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქრთველოს" ჟურნალისტმა რუსუდან კაციტაძემ საქართველოში ბოლო დროს მომრავლებული ხანძრების შესახებ მედიაში გავრცელებული ვერსიები შეაჯამა

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, საქართველო კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე ებრძვის ხანძარს. 40-ზე მეტი ხანძარი ერთი თვის განმავლობაში — კი გვაფრთხილებდნენ ასტროლოგები, ცეცხლოვანი მამლის წელიაო, მაგრამ ამდენ ხანძრებს რომ არავინ ელოდა, ფაქტია და ხელისუფლების ქმედებებმაც დაადასტურა. ახლა უკვე თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ ხანძრები შემთხვევით არ ჩნდება და მისი პრევენციაა საჭირო, მაგრამ მარტო თქმა ამ საკითხს არ შველის. რომ აღარაფერი ვთქვათ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და დიპლომატიაზე, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ამ ხანძრებმა კიდევ ცეცხლზე ნავთი არ დაასხას ჩვენს ისედაც დაძაბულ საგარეო ურთიერთობებზე. ის, როგორც გვჩვევია, ამ ხანძრების დროსაც გამოვიჩინეთ თავი და კამერუნის გარდა ქვეყანა არ დაგვრჩა გაულანძღავი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ამას ძირითადად ექსპერტები აკეთებდნენ და არა — ხელისუფლების უმაღლესი პირები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საკმაოდ დელიკატურად განაცხადა, მეც ვფიქრობ, რომ ამდენი ხანძარი შემთხვევითი არ უნდა იყოსო. მას დაეთანხმა თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე. ჯერჯერობით უცნობია უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის პოზიცია. ფაქტია, რომ მას არა ეჭვებისა და ვარაუდების გამოთქმა, არამედ დამნაშავეების დაკავება ევალება, თუ დივერსიის პრევენცია არა. ასე რომ, მისი დუმილი გასაგებია. ვერც იმას უსაყვედურებს ვინმეს, მოსმენა-თვალთვალისა და მიყურადების უფლება შემიზღუდეთო. სუსი ისეთი ფართო უფლებებითაა ამ მხრივ აღჭურვილი, გასაკვირი არ იქნება, სანამ ფეისბუქი გამოიგონებს, მანამ შემოგვთავაზოს ფიქრების წაკითხვის მომსახურეობა.

ტყის ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენის მონაწილეობით - Sputnik საქართველო
გიორგი მღებრიშვილი აბასთუმნის ტყეში ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენას არ გამორიცხავს

მანამ, სანამ გამოძიება დაადგენს, ვინ წაგვიკიდა ცეცხლი, Sputnik საქართველო შეეცადა, იმ ვერსიებისათვის მოეყარა თავი, რომელიც ამ დღეებში მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გამოითქმის და როგორც საუკეთესო დეტექტივებს შეეფერებათ, ჩვენც დავსვათ მთავარი კითხვა — ვინ იხეირა ყველაზე მეტად ანუ ვინ მოითბო ხელი ხანძარზე.

ვერსია N1 — ბაზრობებს წვავენ კარფურის ასაშენებლად

ეს ვერსია არსებობდა მანამ, სანამ მხოლოდ 12 სავაჭრო ობიექტი იყო დამწვარი და მის უსუსურობაზე ისიც მიანიშნებს, რომ საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, ვინც კარფურის მფლობელს სადმე რაიმის აშენებაზე უარს ეტყვის. ხოდა, ეს ხანძარი რაღა რიტუალია, ძნელი გასარკვევია. დეველოპერებისა და ბიზნეს-კონკურენტების ინტერესები გასაგები და დასადგენია, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ახლა ხანძარი სწორედ კარფურის მეპატრონესა და მის მოყვანილ მთავრობას აძლევს ხელს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს, ცაგარელის ასტრორუკის მიხედვით, ხის ენერგიები მფარველობენ… ასე რომ, ხანძართან მაინცდამაინც კარგი განწყობა ვერ უნდა ჰქონდეს.

ისნის ავტობაზრობა - Sputnik საქართველო
ისნის ავტონაწილების ბაზრობა ხანძრის შემდეგ: ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან

ვერსია N2 — წვავენ ნაცები

თუ ნაცები ხანძრებს ხელისუფლების ბიზნეს-ინტერესებს უკავშირებდნენ, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ექსპერტებმა განაცხადეს, სიტუაციის არევის გარეშე ნაცები ხელისუფლებაში ვეღარ ბრუნდებიან და სწორედ ეგენი წვავენ საქართველოს ბუნებას, რომ ხელისუფლების უუნარობა აჩვენონო.

„თუკი სააკაშვილი გვარამიას და ბოკერიას ორსული ქალის მკვლელობას უკვეთდა, რატომ არ იკადრებდნენ ტყის დაწვას“, — დასვა შეკითხვა ნიკოლოზ მჟავანაძემ. ბევრი პოლიტიკოსი ბევრ რამეს რომ იკადრებს, ეს ჩვენში არავის უკვირს, მაგრამ ხელი რომ ვინმეს დაადო, ამისათვის მტკიცებულებებია საჭირო. ისე, ყველა მდიდარი და ნავაროჩენნი ნაცი ან პარლამენტში ზის, ან მთავრობაში და მალე ადგილობრივ თვითმმართველობაში მოგვევლინებიან და რაღა მაინცდამაინც მთავრობასთან დაპირისპირებულ ძალებში დარჩნენ ეს ნერონები და ჩეგევარები, ვერ გაგვიგია. უპრიანი კი იქნება, თუკი ხანძრებს პოლიტიკოსები აჩენენ, მის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნას და მის თავმჯდომარედ ზარდიაშვილი დანიშნონ. მან უკეთ იცის ნაცთა ბუნება.

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ხანძარი ბორჯომში: ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება

ვერსია N3 — გვწვავენ რუსები

ეს ვერსია პოპულარულია როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე საექსპერტო წრეებში. ბევრს 2008 წლის ომი და ბორჯომის ტყის გადაწვა ახსენდება. ზოგი შეგნებულად იშვერს ხელს რუსეთის მისამართით. მაგალითად, მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ხანძრებით საქართველო ევროატლანტიკური ორიენტაციის გამო ისჯება. აქვე გამოითქმის მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი საფრენი აპარატის — დრონის მეშვეობით ხდება. არადა, პირველი სექტემბრიდან დრონის გამოყენების შესახებ რეგულაციები ამოქმედდა და ამ საფრთხისაგან გვიხსნა.

კარგია და უდავოდ პროგრესია, რომ ამჯერად ეს ეჭვები და ვერსიები არაოფიციალური პირების მიერ გამოითქმის. მართლაც არაა გამორიცხული, ცეცხლი გარკვეული მიზნით რომელიმე სახელმწიფოს სპეცსამსახურს გაეჩინა. რატომ მხოლოდ რუსეთი? გარშემო ბევრი მეგობარი გვყავს? მაგრამ ხელისუფლების ფუნქცია ნამდვილად ხალხისა და ქვეყნის დაცვაა და არა — ეჭვების გამოთქმა. მით უმეტეს — ისეთი ეჭვებისა, რომელიც მომავალში ცხოვრებას და მეზობლებთან ურთიერთობებს გაგვირთულებს.

Каха Каладзе - Sputnik საქართველო
კახა კალაძე ხანძრების ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავს

ამ ფონზე პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება — სამარცხვინოა ამ ხანძრების რუსეთისათვის დაბრალება და მთავრობის კრიტიკა მისთვის სავარაუდო დახმარების თხოვნის გამოო, ნამდვილად კეთილგონივრულად გამოიყურება. ხელისუფლებამ რომც დააკავოს დივერსანტები, ისინი ქართველები იქნებიან და მათ უკან მდგომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ვერც ვერაფერს დაუმტკიცებ.

კარგი იყო უსუფაშვილის განცხადებაც — ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ქვეყნის გადასარჩენად და არც რუსეთისათვის დახმარების თხოვნა მიმაჩნია ამ მხრივ ცუდ პოლიტიკურ ნაბიჯადო.

ვერსია N4 — გვწვავს აშშ

მოჭარბებული ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე ეს ვერსიებიც გაჟღერდა. საქართველოში აშშ-ს ელჩს, იან კელის, ჯერ საქართველოსთვის ლოცვის მანერა დაუწუნეს. არადა, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 87 პროცენტი მორწმუნეა, რატომ არ სჯერათ, რომ ლოცვას „პუმებზე“ მეტი ძალა აქვს, გულწრფელად არ მესმის. მერე 500 ცალი ნაჩუქარი ბათინკი დაუწუნეს და ბოლოს ისიც შეახსენეს, 2008 წლის ომის დროს წყალი და პამპერსი გამოგვიგზავნეთ, სამხედრო დახმარების ნაცვლადო. ზრდასრულმა მოზარდმა იცის, რომ არავინ მის ქმედებებზე პასუხი თავად უნდა აგოს. არც აშშ-ა ვალდებული, დახმარება აღმოგვიჩინოს, თუმცა ვერსია, რომ საქართველომ აშშ-ს მიმართა ხანძრის ჩასაქრობად და დასავლეთი არ მოგვეხმარა, მედიაში მაინც გაჟღერდა. უფრო მეტიც — არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკელმა მასონებმა ისევ „დრონის“ მეშვეობით გააჩინეს ტყეში ხანძრები. აღარაფერს ვამბობთ აფხაზ, ოს და რუს დივერსანტებზე. მოკლედ, კამერუნის გარდა მეზობელი ჩვენ არ დაგვრჩა გაულანძღავი. ზოგს მოქმედებაში ვდებდით ბრალს და ზოგს — უმოქმედობაში.

ვერტმფრენი ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში - Sputnik საქართველო
საქართველო ცეცხლში: ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ხანძარს ებრძვიან

ვერსია N5 — ხანძრებს აჩენენ ტყის ბრაკონიერები

თქვენი არ ვიცი და მე ყველაზე სარწმუნოდ ეს ვერსია მეჩვენება. ზოგადად, გლობალურმა დათბობამ ყველა უნდა დააფიქროს იმაზე, რომ სტიქიური უბედურებისა  და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებისაგან სიმდიდრე და ჯიპი ვერ გვიშველის, მაგრამ როგორც კი საქართველოს ბუნებას, მოჭრილ-მოჩეხილ და განადგურებულ ტყეებს, ბეტონის ჯუნგლებად ქცეულ თბილისს გადახედავ, მყისვე მიხვდები, რომ ეს სიბრძნე საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანს ესმის, დაახლოებით ისე, აი გველისმჭამელს რომ ესმოდა ცხოველთა ენა და იმაშიც ეჭვი შეგეპარება, იყო თუ არა ნამდვილად ვაჟა ფშაველა ქართველი.

ვერსია N6 — გადაწვა ბორჯომის გამგებელმა

ბოლო ორ ვერსიას განსამუხტავად გთავაზობთ. გამოჩნდა კაცი, რომელიც ირწმუნება, ბორჯომის გამგებელს მოვუსმინე, ტელეფონზე ამბობდა, ამხელა ხანძარი არაა საჭიროო… და წარმოვიდგინე საცოდავი ბორჯომის გამგებელი, რომელსაც ამ ხანძარმა ისედაც უამრავი უძილო ღამე და გამწარებული ზაფხული დაუტოვა არჩევნების წინ და ახლა კიდევ ასეთი საოცარი ბრალდება. მხოლოდ იმით შეგვიძლია, ბატონი ყიფიანი ვანუგეშოთ, რომ ცილისწამების დათმენით ყველა ცოდვა მიეტევება.

ხანძრის შედეგები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
თბილისის სხვადასხვა უბანში ხანძრები გაჩნდა

ვერსია N7

ბუნებრივია, ხანძარს გამოეხმაურა ყველა მეტ-ნაკლებად პატივსაცემი პიროვნება. ლელა კაკულიამ სამი ადამიანის კონტურები დაინახა, ვინც ხანძარს აჩენდა და იმითაც გვანუგეშა, ამ ადგილებში მომავალში ანუ ასი წლის შემდეგ უფრო მწვანე და ბიბინა ტყეს ვხედავო. პირადად ვერაფერს გეტყვით ასი წლის შემდგომ შთაბეჭდილებებზე, ნამდვილად არ ვარ მათუსალას შთამომავალი, მაგრამ იმის კი ნამდვილად მჯერა, რომ ეს ხანძრები ჩვენი ნეგატიური აზრების შედეგია, როგორც ერთი ხანძროლოგი ამტკიცებს. მართლაცდა, ჩვენ რომ ნეგატიური აზრები არ გვქონდეს და ტყეს არ ვჭრიდეთ, ანდა თუ ეს მართლაც დივერსიაა, ხანძარს არ ვაჩენდეთ, ხომ არ გადავიბუგებოდით.

ხანძრის შედეგები

როგორც წინა სტატიაში მოგახსენეთ, ამ ხანძარმა ბევრი მიმალული პრობლემა გაანათა როგორც ინსტიტუციურ, ასევე საყოფაცხოვრებო დონეზე. პირველი ესაა ტექნიკისა და სტიქიურ უბედურებებზე ოპერატიული რეაგირების სტრატეგიის არქონა. აბსოლუტურად უმოქმედო აღმოჩნდა კანცელარიაში არსებული მაღლახელფასიანი კრიზისების მართვის საბჭო. მინდია ჯანელიძე ჯერ გვაჩვენეს და მერე — გადამალეს. თალიბანის და სპორტის მოყვარული ჭიკაიძე და საერთოდაც არ უჩვენებიათ და პარიზში აღმოაჩინეს ინტრიგანებმა, მაგრამ ამით ჭიკაიძის ხელფასს არარა დაჰკლებია რა. ხოდა ეხლა პრემიერს ან კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმება მოუწევს, ანდა კრიზისების მართვის სამინისტროს ჩამოყალიბება, სადაც ექსმინისტრებს უფრო ღრმად გადამალავენ.  სოციალურმა ქსელებმა კი კიდევ ერთი რეალობა გვაჩვენა — საქართველოში ახლა უკვე ასობით დამსახურებული ხანძროლოგი და ქვეყნის მმართველოგი გვყავს, ცილის წამების დიდოსტატებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ასევე ბევრი საეჭვოლოგი. აი, კვალიფიცურ ქიმიკოსს და სანტექნიკს კი უფრო ძნელად იპოვის კაცი.

ვერტმფრენი ხანძარს აქრობს - Sputnik საქართველო
ხანძრების სერია საქართველოში: ბოლო ცნობები

ამ რაოდენობით და ინტენსივობით მიმდინარე ხანძრები, ძალიან ჰგავს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დივერსიულ აქტს, რომლის მიზანია როგორც ქვეყნის ეკონომიური დაზარალება, ასევე მისი იმიჯის შელახვა და მოსახლეობაში აგრესიისა და დაუცველობის შეგრძნების გაჩენა.

იმედია, ადრე თუ გვიან არა მარტო გვეცოდინება, ვინ და რატომ გვიტევს ომის ამ ახალი ფორმით, ასევე ის, თუ ვინაა შემსრულებელი.

მეხანძრეებს კი უახლოეს მომავალში პრემიები ელოდებათ. დომინოს თამაში და შტატების შემცირება მათ, სავარაუდოდ, აღარ მოუხდებათ.


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის პოზიციას!

 

ყველა ახალი ამბავი
0