საქართველო ცეცხლში: ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ხანძარს ებრძვიან

© courtesy of Giorgi Kvirikashviliვერტმფრენი ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში
ვერტმფრენი ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტყის ხანძარს ასეულობით მეხანძრე და ავიაცია ებრძვის.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები რამდენიმე დღეა ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ კახეთში — კოხტას მთაზე და სოფელ ხახაბოში, ასევე აჭარაში შავნაბადას ტყესა და სოფელ მეკეიძეებთან.

ხანძარი თელავის რაიონის სოფელ ართანასთან კოხტას მთაზე და ახმეტის რაიონის სოფელ ხახაბოში შაბათს გაჩნდა. რთული რელიეფის გამო საჭირო გახდა ვერტმფრენების ჩართვა. ცეცხლის ჩაქრობაში ჩაერთო ოთხი ვერტმფრენი — ორი ირანის გამოგზავნილია. შავნაბადას ტყეში ხანძარი კვირას გაჩნდა.

"70 გრადუსზე მეტი დახრილობა აქვს, კლდოვანია ეს ფერდი და უჭირს ცოცხალ ძალას ადგილზე მუშაობა. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოიყვანა განსაკუთრებულ დავალებათა სამსახური. მობილიზებული არიან და უკვე დაიწყეს მუშაობა. ვერტმფრენებმაც დაიწყეს მუშაობა", — განუცხადა ჟურნალისტებს კახეთის სატყეო სააგენტოს უფროსმა დავით ხატიაშვილმა.

მეხანძრეები აქრობენ ტყის ხანძარს - Sputnik საქართველო
ხანძრები კახეთსა და მთა-თუშეთში: ბოლო ინფორმაცია

საქართველოს შსს-მ დამატებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომლის მობილიზება მოახდინა. ხანძრის კერები სოფელ ართანიდან 12 კილომეტრშია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, სამიდან ოთხ ჰექტრამდე ტყე დაიწვა.

ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ხანძარი მეხმა გამოიწვია.

ცეცხლის ჩაქრობაში აქტიურად მონაწილეობდნენ მოხალისეებიც, მაგრამ, შსს-ს გადაწყვეტილებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ დახმარებას აღარ გამოიყენებენ.

საგანგებო შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს, თელავის აეროპორტში მუშაობს.

ხანძარს სოფელ ხახაბოში ასევე ავიაციით აქრობენ. მობილიზებულია ერთი ვერტმფრენი და 300-მდე მეხანძრე. ასევე ცეცხლს ადგილობრივი მოსახლეობაც ებრძვის.

თუშეთში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. ჩართულია ყველა — მაშველები, რეინჯერები, მოსახლეობა. ის იმედოვნებს, რომ დღეს ხანძრის ლოკალიზება მოხერხდება. არის ბევრი ხმელი და წაქცეული ხე, რომელთა ჩაქრობა შეუძლებელია, სანამ თვითონ არ დაიწვება. საბედნიეროდ, წუხელ და დღეს დილით ქარი არ ყოფილა, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ცეცხლი სხვა უბნებზეც არ გავრცელდეს.

წინასწარი მონაცემებით, სოფელ ხახაბოში ხანძარმა 25 ჰექტარი, ძირითადად, წიწვოვანი ტყე გაანადგურა.

ხანძრის შედეგები მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
თბილისის სხვადასხვა უბანში ხანძრები გაჩნდა

აჭარაში, შავნაბადას ტყეში ცეცხლის ოთხი კერაა — იწვის 3 ჰექტარი ტერიტორია. იქაც ასევე რთული რელიეფია და მეხანძრეები ხანძრის კერებთან მისვლას ვერ ახერხებენ, ასევე ვერ ამუშავებენ მძიმე ტექნიკას.

შავნაბადას ტყეში არსებულ ვითარებას გაეცნო აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე.

"მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 200-მდე ადამიანი უკვე გასულია უშუალოდ ლოკაციების ადგილებთან. აქ მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფი, ასევე გარემოს დაცვის სამსახურები. მოსახლეობა, მთავრობა, ყველანი აქ ვართ. ძალიან მალე ჩაერთვება ვერტმფრენი. მოხდება საჰაერო დათვალიერება. ვფიქრობ, ჩვენი ძალებით მოვახერხებთ ცეცხლის ჩაქრობას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია დღეს ამ სამუშაოებში", — განაცხადა პატარაძემ, იუწყება აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური.

გუშინ, ღამით ცეცხლი გაჩნდა ტყეში ზემო ოტრევთან, რომელიც ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობს და მას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. საქართველოს ხელისუფლებამ ხანძრის ჩაქრობაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახმარებაზე უარი თქვეს.

სოფელ ზემო ოტრევთან ტყეში იწვოდა ბალახი და ბუჩქები. დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ ყოფილა.

ყველა ახალი ამბავი
0