თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში სოფელ ართანასთან, ხვალ დილიდან 400-მდე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ჩაერთვება, განუცხადა შინაგან საქმეთა მინიტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ახლომდებარე ტყეში, ცოცხალი ძალა და საჰაერო ტექნიკა ცეცხლის ქრობის სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთა-თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, სადაც ცოცხალი ძალა და შსს-ს ვერტმფრენი ცეცხლის ლოკალიზებას ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ სირაძესთან ერთად საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა.
„დილის 6 საათიდან ადგილზე იქნება მობილიზებული 400-მდე განაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, სიტუაცია რთულია, რელიეფი ძალიან რთულია. სხვა შემთხვევებში თუ ჩვენ შევძელით და ვამუშავეთ მძიმე ტექნიკა, გავჭერით გზა და შევიყვანეთ სახანძრო მანქანები, აქ ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. პრაქტიკულად მოკლებული ვართ იმ შესაძლებლობას, რომ მძიმე ტექნიკა ვამუშავოთ და ახალი გზები გავჭრათ ტყეში, მაგრამ ხვალ ინტენსიურად იმუშავებს ავიაცია, ცოცხალი ძალა და იმედს ვიტოვებ, რომ კონკრეტულ შედეგებს დავდებთ", — განაცხადა თათბირის შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა.
მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ცეცხლის ჩაქრობის პროსეცში 4 ვერტმფრენია ჩართული.
ამ დროისთვის ლოკალიზებულია ხანძარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელების შილდასა და ჯუთას მიმდებარედ, ტყის მასივში, თუმცა მედია დღის ბოლოს ხანძარზე კიდევ ერთ რეგიონში ალაპარაკდა, ამჯერად კვამლი ზემო აჭარაში შენიშნეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცახდებენ, რომ ხულოში 30 მეხანძრე მაშველი ადგილზე სიტუაციის შესასწავლად უკვე გავიდა.