კვირას თბილისში სამ ადგილას ბალახი იწვოდა
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ წყლულეთში იწვის ბალახი და დამხმარე ნაგებობები, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ადგილზე სამაშველო-სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.
ხანძარი ვაშლიშვარშიც გაჩნდა, სადაც ასევე ბალახს ეკიდა ცეცხლი. როგორც „Sputnik-საქართველოს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ამ დროისათვის ვაშლიშვარში ხანძარი ლიკვიდირებულია და საცხოვრებელ კორპუსებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.
გარდა ამისა, დაფიქსირდა ბალახის აალება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, თვითმხილველთა განცხადებით, ხანძრის ფართობი 150 მეტრს შეადგენს.
პარასკევს მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, რომელსაც 50 მეხანძრე-მაშველი და 10-მდე ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა აქრობდა. სამუშაეობში შსს-ს ვერტმფრენიც ჩაერთო. ხანძარი რამდენიმე საათში ჩააქრეს.