თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ყვარელის რაიონის სოფელ შილდას ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობისას ერთი მეხანძრე დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მეხანძრეს დაუზიანდა მარცხენა ხელის თითები, ექიმებმა თაბაშირი დაადეს. მეხანძრე მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
კახეთში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები დილიდან განახლდა. ცეცხლის ლოკალიზაციაში ჩართულია 250 მეხანძრე, 80 მეტყევე და 100-მდე მოხალისე. ასევე ჩართულია დესანტიც. ადგილზე შსს-ს ქვეგანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მობილური ჯგუფები და ტყის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.
ერთ ქართულ და ორ ირანულ ვერტმფრენს კომპანია "თუშეთის" ვერტმფრენი შეუერთდა, რომელიც ტერიტორიის დაზვერვას ახორციელებს. კახეთში რამდენიმე ღია კერა ფიქსირდება.
ამ დროისათვის, შილდასა და ხახაბოს ტყის მასივებში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ჯუთას ალპურ ზონაში 2,5 ჰექტარზე ბალახი იწვის. სპეციალისტთა თქმით, დასახლებულ პუნტებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
თუშეთში ასწლიანი ხეები იწვის. ორდღიანი სამუშაოების მიუხედავად, იქ ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მეტიც, ამ ტერიტორიაზე ახალი კერები გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 200 მეხანძრე და ვერტმფრენი.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი მეხის დაცემა შეიძლება ყოფილიყო.