თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ხანძარი ოთხ ლოკაციაზე გრძელდება, ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია.
„ხანძარი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივშიც გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში, შსს–ს მეხანძრე–მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართულია ვერტმფრენი", — ნათქვამია განცხადებაში.
მთა–თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთას მიმდებარედ, ალპურ ზონაში, ბალახზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებული იყო შსს-ს ათობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად. ამჯამად ჯუთაში ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი.
„ოთხივე ლოკაციაზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა დროულად მოხდეს ცეცხლის ლიკვიდაცია", — აცხდებს უწყება.
კახეთში შექმნილია საგანგებო შტაბი კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით.