თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში გაჩენილი ხანძარი სოფელ დაბასთან მიმავალ საავტომობილო გზას მიუახლოვდა. გზა სოფლიდან 100 მეტრშია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ხანძარი ბორჯომის ტყე-პარკში 20 აგვისტოს გაჩნდა. ვითარებას მეხანძრეებისთვის რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებს. ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობს საქართველოს ორი ვერტმფრენი, აზერბაიჯანიდან — ერთი, ასევე ელოდებიან ვერტმფრენებსა და თვითმფრინავს თურქეთიდან და დახმარებას სომხეთიდან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზ\ურაბ ალავიძის აზრით, ცეცხლის ახალი კერის ჩაქრობა არ გართულდება, რადგან გვერდით წყლით სავსე მანქანებია.
ბოლო მონაცემებით, დაიწვა 12 ჰექტარი ტყე. ხანძარს ებრძვის 400-მდე მეხანძრე, 100-ზე მეტი ტყის მცველი, ასევე შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი.
მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებიან ასევე პრემიერი და მთავრობის წევრები.