თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ხანძარმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში 12 ჰექტარზე მეტი გაანადგურა, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს სატყეო ეროვნული სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ხანძარი ბორჯომის ტყე-პარკში 20 აგვისტოს გაჩნდა. ვითარებას მეხანძრეებისთვის რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებს. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში მონაწილეობს ორი ქართული ვერტმფრენი, 1 — აზერბაიჯანული და ორსაც თურქეთიდან ელოდებიან.
როგორც ტელეკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ვრცელდება სატყეო ეროვნული სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას კომენტარები, რომელიც აცხადებს, რომ უკვე დაიწვა 12 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.
ადგილზე თითქმის სრული შემადგენლობით იმყოფება საქართველოს მთავრობა. მთავრობის წევრების თქმით, ადგილზე მობილიზებულია კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც ყველა რესურსს იყენებენ.
"წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 300-მდე მეხანძრე. ასევე, დღეს დილით მათ შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი. პროცესში ასევე ჩართულია შსს-ს ორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ერთი ვერტმფრენი", — განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა Imedi-ს ეთერში და დასძინა, რომ ისარგებლებს შემთხვევით და მადლობას გადაუხდის აზერბაიჯანულ მხარეს დახმარებისთვის.
მინისტრმა დაამშვიდა ახლომდებარე დასახლებების მოსახლეობა და განაცხადა, რომ დასახლებულ პუნქტებში ცეცხლის გადადების საშიშროება პრაქტიკულად არ არის.
"ამ ეტაპზე ხანძრის გადადების საშიშროება პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან ხანძრის კერები არის უშუალოდ უღრან ტყეში", — აღნიშნა მღებრიშვილმა.
მისი განცხადებით, მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად შემთხვევის ადგილი ვერტმფრენიდან დაათვალიერეს, იდენტიფიცირება მოახდინეს ხანძრის კერები და შესაბამის უწყებებს შესაბამისი დავალებები მისცეს.
მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ადგილზე მუშაობენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და რომ სწორედ მათ ბულდოზერების დახმარებით გაჭრეს სამკილომეტრიანი გზა ტყეში, რათა მეხანძრეებს შეძლებოდათ გავლა.