ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიანი რეჟიმით გრძელდება

გამოწერა
გამთენიისას ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩაერთო ვერტმფრენები - 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული, მალე მათ შეუერთდება 2 თურქული ვერტმფრენი.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ჰექტარი ფართობი, იუწყება საგანგებო შტაბი.

გამთენიისას ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩაერთო ვერტმფრენები — 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული, მალე მათ შეუერთდება 2 თურქული ვერტმფრენი.

„ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომლებმაც ღამით, არჯევანიძის ტყიდან თორთის გზამდე 3 კილომეტრიანი გზა გაჭრეს, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება. ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე", — აღნიშნულია საგანგებო შტაბის განცხადებაში.

ხანძარი ბორჯომში - Sputnik საქართველო
ხანძარი ბორჯომში: სტიქიას სამი ვერტმფრენი ებრძვის - ვიდეოკადრები

ადგილზე იმყოფებიან მაშველები, მეხანძრეები, ტყის მცველები, უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ხეობაში მთავრობის წევრებთან ერთად გუშინ ჩავიდა, პრემიერი ადგილზე რჩება და საგანგებო შტაბის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს.

კვირიკაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა. თურქული თვითმფრინავები ჩაქრობის პროცესში დაახლოებით 2 საათში ჩაერთვებიან.

მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს 3 ვერტმფრენი, თურქეთიდან გზაშია კიდევ 2 ვერტმფრენი, სამწუხაროდ, დილით ძლიერი ქარის გამო, ვერ ჩამოფრინდნენ თუმცა, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან.

„ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება. ამ ეტაპზე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივი მაშველები მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან, ტექნიკა არის მობილიზებული ხელოვნური წყალსაცავების გასაკეთებლად და რაც საჭიროა, ყველაფერი კეთდება", — განაცხადა პრემიერმა.

ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის პარკში 20 აგვისტოს დღისით დაიწყო. რთული რელიეფის გამო ხანძრის ჩაქრობა ჭირს.

 

ყველა ახალი ამბავი
0