თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ზაფხულის განმავლობაში ქვეყანაში გაჩენილი ხანძრები შეიძლება დივერსიული მოქმედებების შედეგი იყოს.
„დიდი დანაკარგი გვაქვს, განადგურდა უნიკალური ტყეების დიდი მასივები. რაც ამ ზაფხულს მოხდა, მგონი, არც ერთ წელიწადს არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის ომის დროს გადამწვარ ტყეებს, რაც ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ ეს შეიძლება იყოს დივერსიული მოქმედებების შედეგი. არ ვიცი ვისი მხრიდან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ", — განაცხადა კახა კალაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
რაც შეეხება ხანძართან ბრძოლის პროცესს, კალაძის აზრით, ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია.
„ჩვენ არ ვართ გამონაკლისი ქვეყანა, სადაც ხანძრები ხდება. მსოფლიოს თუ გადავხედავთ, ხშირია სტიქიური მოვლენები. პორტუგალიის ტრაგედიას გაგახსენებთ, როდესაც ტყეში ძლიერ ხანძარს მსხვერპლიც მოჰყვა. თუმცა ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო. შექმნილმა ვითარებამ ბევრი რამ გამოააშკარავა, არც ტექნიკის, არც საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ფული არ უნდა დავზოგოთ", — აღნიშნა კალაძემ.