14:47 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
2567 0 0

ახალი წესები სავალუტო ბაზარზე. ვაჭრობის მეტი მონაწილე და კონკურენტუნარიანი გარემო. დაღმართზე შეყენებული ეროვნული ვალუტის პერსპექტივა...

სამსონ ხონელი

აუგი არ გვეთქმის, დაპირება შესრულდა! რას ამბობ, რომელი ერთი? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი სარკაზით სავსე ინტონაციით. ალბათ აქვს საფუძველი. ამჯერად რეპლიკას არ შევიმჩნევ და განვაგრძობ თხრობას. ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვწერდი, რომ 2021 წლიდან საფინანსო ბაზარზე სიახლე იგეგმებოდა. ასეც არის.

თებერვლიდან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მხოლოდ Bloomberg-ის სავალუტო სისტემის Bmatch-ის მეშვეობით დგინდება. აქამდე არსებული სისტემისგან განსხვავებით, ვაჭრობის პროცესში კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარდა, „პირდაპირი მონაწილის“ სტატუსით უკვე სხვა კომპანიებიც დაიშვებიან. საბანკო სფეროს სპეციალისტთა შეფასებით, სავალუტო ბაზარზე ახალი წესების შემოღებით, სავარაუდოდ, გაიზრდება როგორც ვაჭრობაში ჩართული პირების, ისე დღის განმავლობაში დადებული გარიგებების რაოდენობა. ახალი პლატფორმით კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ – გარიგებების შეთავაზებები უშუალოდ კლიენტი კომპანიების სახელით გააკეთონ.

როგორ აისახება სიახლე ლარის კურსზე? ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, სავალუტო ბაზარზე შექმნილი ვაჭრობის ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის კურსის ჩამოყალიბებაში უფრო მეტი სუბიექტის მონაწილეობას. ბუნებრივია, მეტი კონკურენცია დადებითად უნდა აისახოს ვაჭრობის პროცესზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სიახლეს უშუალოდ ლარის კურსზე რაიმე სახის გავლენა ჰქონდეს. ანალიტიკური წრეების შეფასებას ეროვნულ ბანკშიც იზიარებენ. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში განმარტავენ, ვაჭრობის ახალი სისტემა სავალუტო ბაზარზე მონაწილეთა რაოდენობის ზრდას უზრუნველყოფს და, ბუნებრივია, მოიმატებს კონკურენციის დონეც. რამდენიმე დღის ანალიზმაც ცხადყო, რომ პლატფორმაზე შექმნილია ვაჭრობის კონკურენტული გარემო. მნიშვნელოვანია, რომ გარიგებები არ ხასიათდება დიდი მერყეობებით და, რაც მთავარია, სრულად შეესაბამება გარიგების დადების დროს ბაზარზე არსებულ რეალობას.

Bmatch პლატფორმა რამდენიმე მთავარ პირობას ემყარება: პირველი − გარიგებები იდება სტანდარტული პირობებით, ანუ ერთი და იმავე ანგარიშსწორების თარიღით და არსებობს გარიგების მინიმალური ოდენობა; მეორე − გარიგებები იდება ავტომატურად მყიდველისა და გამყიდველის კურსის თანხვედრის შემთხვევაში, რაც უზრუნველყოფს გარიგების დადებას კონკრეტულ მომენტში არსებული საუკეთესო კურსით; მესამე − პლატფორმაზე განთავსებული ყიდვა-გაყიდვის განაცხადები ანონიმურია, მანამ, სანამ პლატფორმის მიერ არ მოხდება გარიგების ავტომატური რეგისტრაცია; მეოთხე − პლატფორმის მონაწილეები თავადვე განსაზღვრავენ მათთან გარიგებაში დაშვებულ კონტრაგენტებსა და სავაჭრო ლიმიტებს.

ადრე უკვე დავწერე და კვლავაც ასე ვფიქრობ – ეროვნული კურსის ახალ პლატფორმაზე განსაზღვრისას მცირედით მაინც უნდა შემცირდეს კომერციული ბანკის ე.წ. ფასნამატის წილი, ანუ თუ კომერციული ბანკი სავალუტო ბაზარზე ადრე ერთ ამერიკულ დოლარს, პირობითად, 3.25 ლარად ყიდულობდა და დოლარის შეძენის მსურველ კომპანიაზე ერთი, ორი ან კიდევ უფრო მეტი ერთეულით ძვირად ყიდდა, ახლა ეს კომპანია თავად შეძლებს ივაჭროს და არ იყოს საბანკო სექტორის ნების შემხედვარე. ვცდები თუ არა, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი ვნახოთ, ორი თვის გასაყარზე როგორ შეიცვალა ლარის კურსი, რა გზას დაადგა ეროვნული ვალუტა.

გასული კვირის დასაწყისში ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 1 ამერიკული დოლარი 3.298 ლარად იყიდებოდა, თუმცა რამდენიმე დღეში ეროვნული ვალუტა 0.52 პროცენტით გაუფასურდა და უკვე კვირის ბოლოს 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3.316 ლარი შეადგინა. ერთი სიტყვით, იანვრის მესამე დეკადაში ამერიკულ დოლართან მიმართებაში 0.05 პროცენტით გამყარებყლი ეროვნული ვალუტა კვლავ დაღმა დაეშვა. არ ვიცი, ვის და რამდენად განუგეშებთ, მაგრამ გეტყვით, რომ ერთთვიანი გამყარების შემდეგ, საანგარიშო პერიოდში ამერიკულ დოლართან მიმართებაში 0.60 პროცენტით გაუფასურდა სომხური დრამიც. სამხრეთ კავკასიის ორი სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტებს არც ევრო ჩამორჩა და დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო მეტით, 0.74 პროცენტით გაუფასურდა. ამავე პერიოდში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების − უკრაინისა და თურქეთის ეროვნული ვალუტები თანაბარი მაჩვენებლით – 2.95 პროცენტით გამყარდა. თურქულ ლირას უკვე ზედიზედ ორი თვეა, რაც მკვეთრი გამყარების კურსი უჭირავს. იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში ლარი ყველაზე მეტით, 4.06 პროცენტით სწორედ თურქულ ლირასთან მიმართებაში გაუფასურდა. ლარი შედარებით ნაკლებით, 2.1 პროცენტით გაუფასურდა რუსულ რუბლთან მიმართებაშიც. უკრაინულ გრივნასთან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაჩვენებელი − 1.86 პროცენტია. ლარმა პოზიციები დათმო სომხურ დრამთანაც. გაუფასურების მაჩვენებელი 0.23 პროცენტია.

კიდევ ერთი ყურადსაღები ნიუანსი: როგორც ანალიტიკოსები მიანიშნებენ, თუ იანვარში ეროვნული ვალუტა გამყარებასთან ერთად მეტ-ნაკლები სტაბილურობით, ანუ დაბალი მერყეობით გამოირჩეოდა, თებერვლის პირველ კვირაში გაუფასურებასთან ერთად ლარის გაცვლითი კურსიც მკვეთრად მერყეობდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საშუალოსთან მიმართებით გაცვლითი კურსის მერყეობა 0.17 პროცენტს აღწევდა.

იმედია, ეროვნული ვალუტის ბედით დაინტერესებულ მკითხველს ემახსოვრება ქვეყნის პირველი ბანკირის კობა გვენეტაძის დაპირება, რომ მისი უწყება წელსაც გააგრძელებდა გასული წლის მარტში დაწყებულ ე.წ. ინტერვენციების პოლიტიკას. სიტყვა საქმედ იქცა. მიმდინარე წლის 6 იანვარს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო ბაზარზე პირველი ინტერვენცია განახორციელა, 40 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. ორკვირიანი პაუზის შემდეგ, 27 იავარს კობა გვენეტაძის უწყებამ სავალუტო ბაზარს მორიგი 40 მილიონი ამერიკული დოლარი მიაწოდა. საგულისხმოა, რომ ლარის გაუფასურების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ბანკს ბაზარზე უცხოური ვალუტა არ გაუყიდია.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პირდაპირი სავალუტო ინტერვენციები შესაძლოა არაეფექტური იყოს. მათ შორის გახლავთ საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ფინანსისტი ლევან სურგულაძე. მისი შეფასებით, არსებულ ვითარებაში ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრისთვის ჯამურად ასეულობით მილიონი დოლარის მიწოდებით ვერ მოაგვარებს სისტემურ პრობლემას. ეს არის შემცირებული სავალუტო ნაკადები.

„ინტერვენციებით შესაძლებელია მხოლოდ აჟიოტაჟური და ირაციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელსაც არ აქვს საფუძველი. რაც შეეხება ხანგრძლივ და გრძელვადიან მოცემულობას, ის წელსაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა − საქართველოს ეკონომიკა გამოიმუშავებს უფრო ნაკლებ დოლარს და ხარჯავს უფრო მეტს. სისტემური პრობლემაც სწორედ ეს არის. შემომავალი სავალუტო ნაკადები გამავალზე ნაკლებია. ეროვნული ბანკი ამ დეფიციტს საკუთარი რეზერვებიდან აფინანსებს. ასე რომ, სისტემურ პრობლემასთან ინტერვენციებით ბრძოლა პრაქტიკულად გადაყრილი ფულია. მცურავი კურსის მთავარი არსი არის ის, რომ დადგეს იმ ნიშნულზე, როდესაც იმპორტი გახდება იმ ზომის, რისი სავალუტო საშუალებებიც აქვს ეკონომიკას. პირდაპირი ინტერვენციები, რაც მიმდინარე წელსაც გრძელდება, მცურავი კურსის პრინციპს ეწინააღმდეგება“, − აცხადებს ფინანსისტი ლევან სურგულაძე. მისი თქმით, სისტემური პრობლემის მოგვარება ქვეყნის ეკონომიკაში წარმოების პოტენციალის გაზრდას უკავშირდება. „აუცილებელია იმპორტის ჩანაცვლებაზე ვიმუშაოთ, იქნება ეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია თუ ნებისმიერი სხვა დასახელების პროდუქტები, რათა შეძლებისდაგვარად ჩანაცვლდეს იმპორტი. არის კიდევ ერთი გამოსავალიც. გავუშვათ ლარი მცურავ რეჟიმში და ერთხანს ხელოვნურად არ შევაჩეროთ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი... გაგრძელდეს გაუფასურება. მოსახლეობის შემოსავალი ლარშია ნომინირებული. გაზრდილი კურსის შემთხვევაში მათ ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ, იყიდონ დოლარი. შესაბამისად, შემცირდება იმპორტიც და გაუმჯობესდება ჩვენი უარყოფითი სავაჭრო სალდო“, − აცხადებს ლევან სურგულაძე.

დასკვნითი სენტენცია აშკარად საკამათოა. პატივცემული ფინანსისტი არაფერს ამბობს, როგორ გაუმკლავდენ საბანკო ვალდებულებებს ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომელთაც კრედიტები სწორედ უცხოურ ვალუტაში, ძირითადად ამერიკულ დოლარში აქვთ აღებული. ინფორმაციისთვის: საბანკო სექტორის მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 55.5 პროცენტია!

და ბოლოს, COVID-19-ის პანდემიის გამო ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები თანდათან იხსნება. სავარაუდოდ, მალე ვაქცინაციის პროცესიც დაიწყება. არც ის დღეა შორს, როცა ქვეყანაში ტურისტებიც შემოვლენ. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ეროვნული ვალუტის კურსზე პოზიტიურად აისახება, მაგრამ რამდენით – ამას უკვე დრო გვიჩვენებს...

მთავარი თემები