ჩვენ გველის გაკოტრება?! ანუ რას გვპირდება ახალი კანონი

© photo: Sputnikპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზრდილი საკრედიტო პორტფელი, ვადაგადაცილებული სესხების მზარდი დინამიკა და დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლე...

სამსონ ხონელი

წინამდებარე სტატიის დასახელებამ არ უნდა შეგაშინოთ, სიახლეა. თანაც, რომ გაგიხარდებათ, ისეთი. იმედია, ამიერიდან არავინ დაიწუწუნებს, მთავრობა ჩემზე არ ზრუნავსო. კი, მაგრამ, რა ხდება ასეთი? − ჩამეძიება მკითხველი. ხუმრობა ხომ არ არის, კონსტიტუციით მონიჭებულ სხვა უამრავ უფლებას კიდევ ერთი დაემატება – მოქალაქეებს გაკოტრების უფლება კანონით მოგვეცემა. რაო, გაკოტრება?! რახანია ეს ჩვენი ჩვეული მდგომარეობაა! − შესაძლოა, ბრძანოს მკითხველმა. პოლემიკაში არ შევალ და განვაგრძობ თხრობას. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა პერსონალური გაკოტრების ცნებას ჯერჯერობით არ იცნობს, თუმცა, როგორც ეს სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, დაგეგმილია შესაბამისი კანონის მიღება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
რა არ მოეწონა ახალ წელს ლარს?

„განიხილება ფიზიკური პირის გაკოტრების ინსტიტუტის შემოღების საკითხი“, − ნათქვამია დოკუმენტში. იქვე ხაზგასმულია, რომ „პერსონალური გაკოტრების სტატუსი“ განვითარებულ ქვეყნებში უკვე დამკვიდრებულ ინსტრუმენტია.

საინტერესოა, რას გულისხმობს პერსონალური გაკოტრება? სპეციალისტების განმარტებით, ეს არის პროცესი, რომლის დროსაც მოქალაქეს, გაკოტრებულის სტატუსის მიღებით, შეუძლია ვალაუვალობით გამოწვეულ პრობლემებს უპასუხოს. კერძოდ, საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, პერსონალური გაკოტრების პროცესში ფიზიკურ პირს გადაუხდელი საკრედიტო ვალდებულებების სრული რესტრუქტურიზაცია შეუძლია და თანაც ისე, რომ ნაწილობრივ ან თითქმის სრულად შეინარჩუნოს უზრუნველყოფაში ჩადებული ქონება.

ცნობილია, რომ გაკოტრების პროცესი უფასო არ იქნება და ის მოქალაქეთათვის სასამართლო და სხვა სახის იურიდიულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, ვალაუვალობის ყველა შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის მოპოვებაზე ხელმისაწვდომობა, შესაძლოა, მაღალი არც იყოს. ამ ეტაპზე უცნობია, პერსონალური გაკოტრების პროცესის შედეგად რა სარგებელს მიიღებენ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ვალაუვალობის მდგომარეობაში იმყოფებიან. ჯერჯერობით ასევე უცნობია, როდის მიიღებს პარლამენტი შესაბამის კანონს და როდიდან შევა ის ძალაში. ასე რომ, უნდა ვიყოთ მოლოდინის რეჟიმში.

ეროვნული ბანკის ძველი ოფისის შესასვლელის ცხაურები - Sputnik საქართველო
რა გადაურჩა ვირთხას, ანუ რამდენია ფული სეიფში?

საკამათო არ არის, რომ ყოველი ჩვენგანის პერსონალური გაკოტრების საფუძველი შეიძლება ვალაუვალობა იყოს. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც შემოსავლები არსებული საბანკო თუ სხვა სახის საკრედიტო ვალდებულებების გასტუმრებას არ ჰყოფნის. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის მიწურულს ხელისუფლებამ მოქალაქეთა ჭარბვალიანობა უმწვავეს პრობლემად შეაფასა. მომდევნო წლიდან კი მთავრობისა და ეროვნული ბანკის ინიციატივით ქვეყანაში ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის ეტაპობრივად განხორციელება დაიწყო. უკვე 2019 წლიდან საბანკო რეგულაციათა პაკეტი სრულად ამოქმედდა და საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობაც გართულდა. მაშინ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და ანალიტიკოსები საფინანსო ბაზარზე მოსალოდნელ საკრედიტო შიმშილზე ალაპარაკდნენ. მათი ვარაუდით, საგრძნობლად შემცირდებოდა კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი, შესაბამისად – შემოსავლები და მოგებაც. პროგნოზი არ გამართლდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედებას კომერციული ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებზე უარყოფითი ეფექტი მართლაც ჰქონდა, თუმცა არა მასშტაბური, როგორც ამას ახალი საკრედიტო პოლიტიკის ოპონენტები აცხადებდნენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ დაუხვდა ბიზნესი წიქარას?.. ვირთხის ნაკვალევი ანუ 2020 წელი ციფრებში...

2018 წლის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 26.6 მილიარდ ლარს მიაღწია. ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3 მილიარდი ლარით მეტია. კრედიტების გაცემის წესების გამკაცრების მიუხედავად, 2019 წელს საკრედიტო პორტფელის მოცულობა თითქმის 6 მილიარდი ლარით გაიზარდა და 32.2 მილიარდი ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2020 წლის მაჩვენებელს, შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისისა და ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებშიც კი, როდესაც ბიზნეს-სუბიექტების 75 პროცენტი უბრალოდ გაჩერებული იყო, საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის მოცულობა კიდევ 6.6 მილიარდი ლარით გაიზარდა და 38.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა. როგორც ექსპერტ-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, საკრედიტო პორტფელის ზრდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების სამთავრობო პროგრამის შედეგია. ამ პროგრამის ფარგლებში, როგორც ეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, წლის განმავლობაში 760 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
კოვიდ-ეკონომიკა და ფულადი გზავნილები... 2020 წელი ციფრებში

შევაფასოთ, როგორი იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ამოქმედების გავლენა საბანკო სექტორის მოგებაზე. 2018 წელს კომერციული ბანკების მოგებამ 915 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 45 მილიონი ლარით მეტია. უკვე 2019 წელს საბანკო სექტორის მოგება 953.63 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 38.6 მილიონი ლარით აღემატება. ასე რომ, წლიური მოგების მოცულობა 6.37 მილიონი ლარით შემცირდა. არადა, შეგახსენებთ, რომ იმავე 2019 წელს საკრედიტო პორტფელი 5.6 მილიარდი ლარით გაიზარდა. რაც შეეხება 2020 წელს, საბანკო სექტორის მოგება მხოლოდ 99.26 მილიონი ლარია, ანუ წინა წლის მაჩვენებელზე 854.37 მილიონი ლარით ნაკლები. არადა, საკრედიტო პორტფელი 2020 წელსაც საგრძნობლად გაიზარდა. შეგვიძლია დავასკვნათ: გადაჭარბებულია მოსაზრება, რომ საბანკო სექტორის მოგებას, თუნდაც დიდწილად, საკრედიტო შემოსავლები განსაზღვრავს.

პერსონალური გაკოტრების საკითხს დავუბრუნდეთ... იმედია, დამეთანხმებით, მოქალაქეთა ვალაუვალობის მთავარი ინდიკატორი ვადაგადაცილებული, ე.წ. პრობლემური კრედიტების მოცულობაა. ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს ვადაგადაცილებული სესხების წილი საკრედიტო პორტფელის 2.7 პროცენტს შეადგენდა. საკრედიტო რეგულაციების გამკაცრების შედეგად ეს მაჩვენებელი 1.96 პროცენტამდე შემცირდა. 2020 წლის განმავლობაში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 46 პროცენტით გაიზარდა და 533 მილიონი ლარი შეადგინა. თუ ერთი წლის წინ პრობლემური სესხების მოცულობა პორტფელის 1.13 პროცენტს შეადგენდა, დღეს ის უკვე 1.37 პროცენტის ტოლია. ზრდის მიუხედავად, სპეციალისტები და ანალიტიკოსები მდგომარეობას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. მათი თქმით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გაცემული სესხების 2 პროცენტის დარეზერვებას ავალდებულებს, რაც ვადაგადაცილებული სესხების ამჟამინდელ მაჩვენებელზე თითქმის 1.5-ჯერ მეტია. საბანკო ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ 2021 წლის ბოლოსთვის ვადაგადაცილებული სესხების წილი საკრედიტო პორტფელის 10 პროცენტს მიაღწევს.  

თბილისის საახალწლო განათება - Sputnik საქართველო
ათი დღით ადრე, ანუ ლარის წინასაახალწლო განწყობა

„ვადაგადაცილებების რეალურ სურათს დავინახავთ 2021 წლის ბოლოს, თუ, რა თქმა უნდა, დამატებითი პრობლემები არ გამოიკვეთა და კომერციული ბანკების წინაშე გლობალური რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა არ დადგა... ამ ეტაპზე საბანკო სექტორი საკრედიტო ვალდებულებების მასშტაბურად გადავადების საკითს არ განიხილავს“, − განაცხადა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ.

და, ბოლოს, თქვენს ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე გავამახვილებ: ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ჯამურმა მოცულობამ 248.6 მილიონი ლარი შეადგინა. ერთი წლის განმავლობაში ზრდა 37.7 მილიონი ლარია. მოგეხსენებათ, უძრავ თუ მოძრავ ქონებას კომერციული ბანკი ან ნებისმიერი სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულება მაშინ ისაკუთრებს, როდესაც დებიტორი კრედიტორის წინაშე არსებულ ვალდებულებებს ვეღარ ისტუმრებს და ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების გარანტიად კონკრეტული უძრავი ან მოძრავი ქონებაა გათვალისწინებული.

შეგახსენებთ ზემოთ ნათქვამს, რომ პერსონალური გაკოტრების პროცესში სწორედ გადაუხდელი საკრედიტო ვალდებულებების სრულ რესტრუქტურიზაციას შევძლებთ და თანაც ისე, რომ ნაწილობრივ ან თითქმის სრულად შევინარჩუნებთ უზრუნველყოფაში ჩადებულ ქონებას. ეს მომავალში, მანამდე კი ვეცადოთ, არ დავდგეთ გაკოტრების სტატუსის მაძიებელობის აუცილებლობის წინაშე...    

 

ყველა ახალი ამბავი
0