ათი დღით ადრე, ანუ ლარის წინასაახალწლო განწყობა

© photo: Sputnikთბილისის საახალწლო განათება
თბილისის საახალწლო განათება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ვალუტა პოზიციებს იმყარებს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი გამყარდა. როგორია ახლო და გრძელვადიანი პერსპექტივა, რა ნიშნულზე დაუხვდება ლარი ახალ წელს?

სამსონ ხონელი

გულს უხარია! მიმდინარე კვირაც პოზიტიურად დაიწყო... შესაძლოა, მკითხველმა ივარაუდოს, რომ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ვგულისხმობ. მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე დღეა, ჩვენში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. საკამათო არ არის, საგულისხმო პროცესია, რომელიც სამომავლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, მაგრამ ამჯერად სულ სხვა საკითხზე მსურს მოგითხროთ.  

კაცობრიობა ერთი წელია უხილავ ვირუსს ებრძვის. გამონაკლისი არც საქართველოა. ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შემდეგ მსოფლიოს გლობალურმა გამოწვევამ ეკონომიკურ სისიტემებს დაარტყა. ჩვენში ეს პროცესი ყველაზე მეტად ეროვნული ვალუტის კურსზე აისახა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 14 პროცენტით გაუფასურდა.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
მთავრობა გადადგა! მთავრობა ხალხს ანგარიშს აბარებს

ეროვნული ვალუტა COVID-19-ის პანდემიას უკვე სნეული დაუხვდა − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. ლარი 2015 წლის იანვრიდან მოყოლებული ავადაა და, ისეთი პირი უჩანს, მკურნალობის პროცესი კიდევ დიდხანს გასტანს. ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის დასტაქართ საბოლოო შედეგის პროგნოზირებაც კი უჭირთ.

ამ ვითარებაში რა გასაკვირია, რომ ხელი მუდმივად პაციენტის მაჯაზე, ანუ თვალი სავალუტო კურსზე მიჭირავს? ასე იყო ამ ორშაბათს, 21 დეკემბერს, როდესაც რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი ამერიკული დოლარის მიმართ 0.0087 პუნქტით გამყარდა. შედეგად – ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.2660 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი 0.04738 პუნქტით ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ერთი ევრო ოფიციალური კურსით 3.9662 ლარი ეღირება.

ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო
მთავარი ბანკირის გეგმები... რა გადაწყვიტეს ეროვნულ ბანკში?

საინტერესოა, როგორია ეროვნული ვალუტის რყევის ამპლიტუდა და რა ტენდენცია იკვეთება? მკითხველი დამეთანხმება, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსი მცირედით, მაგრამ გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს. ნათქვამს გასული რამდენიმე კვირის დინამიკაც ადასტურებს.

დეკემბერი ეროვნული ვალუტისთვის ჯერჯერობით იღბლიანი გამოდგა. გასულ კვირაში ლარი 0.44 პროცენტით გამყარდა. პირველ და მეორე კვირაში კი გამყარების მაჩვენებელი, შესაბამისად, 0.51 და 0.43 პროცენტი იყო. ასე რომ, ამერიკული დოლარის მიმართ ლარი ზედიზედ სამი კვირაა მყარდება, რაც ბოლო პერიოდში იშვიათობაა. თუმცა, რეგიონის ვალიუტებიდან ლარის გაცვლით კურსზე მეტად თურქული ლირა გამყარდა (2.83 პროცენტით). აღსანიშნავია, რომ წინა კვირაში ლირის გაუფასურება 1.30 პროცენტს აღწევდა. გასულ კვირაში ლირის გამყარებას ანალიტიკოსები თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პირველ პრესკონფერენციასა და ახალი პოლიტიკის დაანონსებას უკავშირებენ. რაც შეეხება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტებს, ორკვირიანი გამყარების შემდეგ, გასულ კვირაში დოლარის მიმართ რუსული რუბლი 0.58 პროცენტით გაუფასურდა. დეკემბრის წინა ორი კვირის მსგავსად, მესამე კვირაშიც გაუფასურდა სომხური დრამი – ამჯერად 0.79 პროცენტით. აზერბაიჯანული მანათი კი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს და დოლარის მიმართ 1.7 მანათს უტოლდება.

თბილისი - Sputnik საქართველო
კრედიტის ფასი, ანუ ემუქრება თუ არა საქართველოს დეფოლტი?

ქართულ ლარს დავუბრუნდეთ. აღსანიშნავია, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის გამყარების პარალელურად ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე დოლარი არ გაუყიდია. არადა, ეროვნული ბანკი ბოლო ორი თვის განმავლობაში სავალუტო ინტერვენციებს თითქმის ყოველ კვირაში ახორციელებდა. სულ მიმდინარე წელს კობა გვენეტაძის უწყებამ სავალუტო ბაზარზე ჯამში 886 მილიონი დოლარი გაყიდა. საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში ეროვნულ ბანკს ამერიკული დოლარი არ შეუსყიდია, ეს მაშინ, როცა გასულ წელს 165 მილიონი დოლარი იყიდა. 

ანალიტიკოსების შეფასებით, დეკემბრის პირველი და მეორე კვირის მსგავსად, გასულ კვირაშიც ლარის კურსი ამერიკული დოლარის მიმართ ნაკლებად მერყეობდა. კვირის განმავლობაში 0.20 პროცენტით იხრებოდა. დეკემბრის პირველ და მეორე კვირაში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 0.31 და 0.18 პროცენტი იყო. ეს კი მიანიშნებს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამერიკული დოლარის მიმართ ლარი შედარებით სტაბილურია.

თბილისი - Sputnik საქართველო
ქამარმოჭერილი ბიზნესი და არაპროგნოზირებადი ეკონომიკა...

ურიგო არ იქნება, თუ ვნახავთ, როგორია ლარის პოზიცია რეგიონის ქვეყნების ვალუტების მიმართ. წინა ორი კვირისგან განსხვავებით, გასულ კვირაში ეროვნული ვალუტის კურსი რუსული რუბლის მიმართ გამყარებულია, ხოლო თურქულ ლირასთან – გაუფასურებული. სომხურ დრამთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის გამყარების ტენდენცია მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც თავად დრამი უფასურდება ამერიკული დოლარის მიმართ.

ანალიტიკოსების განმარტებით, ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე, როგორც წესი, გავლენა აქვს. გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე, ხოლო უარყოფითად – იმპორტზე, რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკისთვის იაფდება. ამას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით მათივე ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია. გასული კვირის მიწურულს, წინა სავაჭრო კვირისგან განსხვავებით, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.43 პროცენტით გაუფასურდა. არადა, მიმდინარე თვის მეორე კვირაში ეს მაჩვენებელი 1.07 პროცენტით იყო გამყარებული. ეფექტური ნომინალური კურსის გაუფასურება დიდწილად თურქული ლირის გამყარებას უკავშირდება. მოგეხსენებათ, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. დეკემბრის მესამე კვირის განმავლობაში ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 117.9 ნიშნულზე იყო და მერყეობა მხოლოდ 0.13 პროცენტს შეადგენდა, რაც ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის ბოლო ორკვირიან სტაბილურობაზე მიუთითებს. ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის.  

ძველი თბილისის დაკეტილი კაფეები და რესტორნები - Sputnik საქართველო
„წინასწარმეტყველება“ სარესტორნო ბიზნესს... რა იქნება შეზღუდვების მერე?

საბოლოო ჯამში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი როგორც ამერიკულ დოლართან და ევროსთან, ისე რეგიონის ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში მეტნაკლებად სტაბილურია. კონკრეტულად ამერიკული დოლარის მიმართ დეკემბრის დასაწყისიდან ლარი 1.52 პროცენტით გამყარდა.

რამდენ ხანს გაგრძელდება ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია? ამ კითხვით რამდენიმე ექსპერტსა და ანალიტიკოსს მივმართე. გაგიკვირდებათ, ერთსულოვნებამ გამაოცა. ერთხანს ისიც კი გავიფიქრე, რომ პირი შეკრეს. თუ ძმა ხარ, რამე უფრო მარტივი გვკითხეო, − მიპასუხა უკლებლივ ყველა მათგანმა. არა, სიტყვათაწყობა, ბუნებრივია, განსხვავებული იყო, თუმცა შინაარსი − მსგავსი. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა თქვას, მათ შორის ერთ-ერთმა მითხრა, COVID-19-ის პანდემიისა თუ სხვა გარე ფაქტორების გარდა, ეროვნული ვალუტის საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივა დამოკიდებულია – როგორ განვითარდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი დაძლიოს შექმნილი კრიზისი, მოახერხებს თუ არა მთავრობა ეფექტურად გაუმკლავდეს უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებსო.

რაც შეეხება მთავრობას, გასული ორშაბათი გამორჩეული იყო. მრავალპარტიულ პარლამენტში, სადაც ოპოზიცია ჯიუტად არ შედის, ოცნების ძველი–ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. შედეგი წინასწარ ცნობილია. შედეგის შედეგს კი დრო გვიჩვენებს...

 

ყველა ახალი ამბავი
0